2 ნეშტთა 16
- 1
ასას მეფობის ოცდამეთექვსმეტე წელს გამოვიდა ისრაელის მეფე ბაყაშა იუდას წინააღმდეგ და დაიწყო რამას შენება, რათა არავისთვის მიეცა ასასთან, იუდას მეფესთან, შესვლისა და გამოსვლის საშუალება.
- 2
გამოიტანა ასამ ვერცხლი და ოქრო უფლის სახლისა და მეფის სასახლის საგანძურებიდან; გაუგზავნა ბენ-ჰადადს, არამის მეფეს, რომელიც დამასკოში მკვიდრობდა და თან შეუთვალა:
- 3
„იყოს კავშირი ჩვენ შორის, როგორც მამაჩემსა და მამაშენს შორის იყო; აჰა, გამოგიგზავნე ოქრო-ვერცხლი, გააუქმე შენი კავშირი ბაყაშასთან, ისრაელის მეფესთან და გამშორდება”.
- 4
დაუჯერა ბენ-ჰადადმა მეფე ასას; გაგზავნა ისრაელის ქალაქების წინააღმდეგ თავისი ჯარის სარდლები და დაიპყრო იონი, დანი, აბელ-მაიმი და ნაფთალის ყველა სამარაგო ქალაქი.
- 5
ბაყაშამ რომ ეს ამბავი გაიგო, შეწყვიტა რამას შენება და შეაჩერა თავისი საქმე.
- 6
წაიყვანა მეფე ასამ მთელი იუდა და გადმოზიდეს ქვები და მორები რამადან, რითაც აშენებდა ბაყაშა და გებაყი და მიცფა გაამაგრა.
- 7
მივიდა იმ დროს ხანან მხილველი ასასთან, იუდას მეფესთან და უთხრა: „რადგან არამელთა მეფეს დაეყრდენ და არა უფალს, შენს ღმერთს, ამიტომ გადაურჩა არამელთა მეფის ლაშქარი შენს ხელს.
- 8
განა მრავალრიცხოვანი ეტლები და ცხენოსნები არ ჰყავდათ ქუშელებსა და ლიბიელებს, მაგრამ რაკი უფალს მიენდე, ხელში ჩაგიგდო ისინი.
- 9
მთელ დედამიწას ადევნებს თვალს უფალი, რათა განამტკიცოს და მხარი დაუჭიროს მათ, ვინც მთელი გულით მასზეა მინდობილი. უგუნურად მოიქეცი, ამიტომ ამიერიდან ომები გექნება”.
- 10
განურისხდა ასა მხილველს და საპყრობილეში ჩააგდო, რადგან გაბრაზდა; ავიწროებდა ასა ზოგიერთებს ხალხიდან იმ ხანებში.
- 11
და, აჰა, იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნშია აღწერილი ასას პირველი და უკანასკნელი საქმენი.
- 12
დაუსნეულდა ასას ფეხები თავისი მეფობის ოცდამეცხრამეტე წელს და მძიმედ დაავადდა, მაგრამ თავის სნეულებაშიც არ უძებნია უფალი, არამედ მკურნალებს ეძებდა.
- 13
გარდაიცვალა ასა თავის მეფობის ორმოცდამეერთე წელს და განისვენა თავის მამებთან.
- 14
დაკრძალეს იგი თავის სამარხში, თავისთვის რომ გაათხრევინა დავითის ქალაქში; დაასვენეს იგი კეთილსურნელებითა და მენელსაცხებლეთა მიერ ოსტატურად დამზადებული ნაირნაირი ნელსაცხებლით ავსებულ სარეცელზე და ძალზე დიდი კოცონი დაუნთეს.