1 ნეშტთა 22
- 1
თქვა დავითმა: „აქ იქნება სახლი უფალი ღმერთისა და ეს არის სრულადდასაწველის სამსხვერპლო ისრაელისთვის”.
- 2
ბრძანა დავითმა ყველა ხიზნის შეკრება, რომლებიც იყვნენ იმ დროს ისრაელში და ქვისმთლელებად დააყენა ღვთის სახლის ასაშენებლად.
- 3
დიდძალი რკინა მოამზადა კარიბჭეთა ლურსმნებად და სამაგრებად; დიდძალი სპილენძი, აუწონავი;
- 4
დაუთვლელი იყო კედარის მორები, ვინაიდან ციდონელებსა და ცორელებს მოჰქონდათ დავითისთვის კედარის უამრავი ხე;
- 5
თქვა დავითმა: „ყმაწვილი და გამოუცდელია ჩემი ძე სოლომონი, ტაძარი კი, რომელიც უფლისთვის უნდა აშენდეს - დიადი, სახელგანთქმული და მშვენიერი უნდა იყოს მთელ დედამიწაზე; ამიტომ თვითონვე მოვამზადებ ყველაფერს მის ასაშენებლად”. და ყოველივე მოამზადა დავითმა სიკვდილის წინ.
- 6
მოუხმო სოლომონს, თავის ძეს, და უფლის, ისრაელის ღმერთისთვის ტაძრის აშენება დაავალა მას.
- 7
უთხრა დავითმა სოლომონს: „შვილო! გულით მსურდა უფლის, ღმერთის სახელისთვის სახლი ამეგო.
- 8
მაგრამ უფლის სიტყვა გამომეცხადა და მითხრა: ბევრი სისხლი გაქვს დაღვრილი და დიდი ბრძოლები გადაიხადე. შენ არ ააშენებ ტაძარს ჩემს სახელზე, რადგან ბევრი სისხლი დაღვარე მიწაზე ჩემს წინაშე.
- 9
აჰა, შეგეძინება ძე, რომელიც მშვიდი კაცი იქნება. მოვასვენებ ყველა მტრისგან, ვინაიდან სოლომონი იქნება მისი სახელი. მშვიდობას და სიმყუდროვეს მივცემ ისრაელს მის დღეებში.
- 10
ის ააშენებს ტაძარს ჩემს სახელზე. იქნება ის ჩემი ძე და მე ვიქნები მისი მამა, და სამუდამოდ განვამტკიცებ მის სამეფო ტახტს ისრაელზე!
- 11
ახლა კი, ჩემო შვილო, უფალი იყოს შენთან, რათა წარმატებული იყო და სახლი აუშენო უფალს, შენს ღმერთს, როგორც ნათქვამი აქვს შენზე.
- 12
მოგცეს უფალმა აზრი და გონიერება და დაგაყენოს ისრაელზე, რათა დაიცვა უფლის, შენი ღმერთის რჯული.
- 13
მაშინ იქნები წარმატებული, თუ დაიცავ რჯულსა და კანონებს, რომელიც ისრაელისთვის ამცნო მოსეს უფალმა. მტკიცედ იდექი და გამხნევდი, ნურც შეშინდები და ნურც შეშფოთდები.
- 14
აჰა, ჩემს ტანჯვაში გავუმზადე უფლის სახლს ასი ათასი ტალანტი ოქრო და ათასჯერ ათასი ტალანტი ვერცხლი, სპილენძსა და რკინას წონა არა აქვს, რადგან უამრავია; ხე და ქვაც გავამზადე, მაგრამ შენც შეგიძლია მიუმატო.
- 15
ბევრი ხელოსანი გყავს: ქვისმთლელნი, ხურონი, კალატოზნი და ყოველგვარი ხელობის კაცები.
- 16
ოქრო-ვერცხლს, სპილენძსა და რკინას თვლა არა აქვს. ადექი, ააშენე და დაე, უფალი იყოს შენთან!”
- 17
ისრაელის ყველა მთავარს უბრძანა დავითმა, რომ შეწეოდნენ სოლომონს, მის ძეს:
- 18
„განა თქვენთან არაა უფალი, თქვენი ღმერთი? განა მან არ მოგცათ ყველა მხრიდან სიმშვიდე? რადგან ჩემს ხელს გადასცა ამ ქვეყნის მკვიდრნი და დამორჩილდა ეს ქვეყანა უფალსა და მის ხალხს.
- 19
ახლა თქვენი გული და სული განაწყვეთ უფლის, თქვენი ღმერთის საძიებლად. ადექით და ააშენეთ უფლის, თქვენი ღმერთის საწმიდარი, რათა უფლის სახელზე აშენებულ სახლში მიიტანოთ უფლის აღთქმის კიდობანი და წმიდა ჭურჭელი”.