1 ნეშტთა 15
- 1
და აიშენა დავითმა სახლები დავითის ქალაქში. ადგილი გაუმზადა ღვთის კიდობანს და კარავი გაუშალა.
- 2
მაშინ თქვა დავითმა: „ლევიანთა გარდა არავინ ატაროს კიდობანი, რადგან ისინი ამოირჩია უფალმა ღვთის კიდობნის სატარებლად და მის მსახურებად უკუნისამდე”.
- 3
შეკრიბა დავითმა მთელი ისრაელი იერუსალიმში, რომ უფლის კიდობანი იმ ადგილზე მიეტანათ, რომელიც მისთვის იყო გამზადებული.
- 4
შეკრიბა დავითმა აჰარონის ძენი და ლევიანები:
- 5
კეჰათის ძეთაგან: მთავარი ურიელი და მისი მოძმენი - ას ოცი კაცი;
- 6
მერარის ძეთაგან: მთავარი ყასაია და მისი მოძმენი - ორას ოცი კაცი;
- 7
გერშომის ძეთაგან: მთავარი იოელი და მისი მოძმენი - ას ოცდაათი კაცი;
- 8
ელიცაფანის ძეთაგან: მთავარი შემაყია და მისი მოძმენი - ორასი კაცი;
- 9
ხებრონის ძეთაგან: მთავარი ელიელი და მისი მოძმენი - ოთხმოცი კაცი;
- 10
ყუზიელის ძეთაგან: მთავარი ყამინადაბი და მისი მოძმენი - ას თორმეტი კაცი.
- 11
მოუხმო დავითმა მღვდლებს - ცადოკს, აბიათარსა და ლევიანებს: ურიელს, ყასაიას, იოელს, შემაყიას, ელიელსა და ყამინადაბს.
- 12
უთხრა: „თქვენა ხართ ლევიანების მამისსახლთა თავკაცები. განიწმიდენით თქვენ და თქვენი მოძმენი, რათა შეძლოთ უფლის, ისრაელის ღმერთის კიდობნის იმ ადგილზე მიტანა, მე რომ მოვუმზადე მას.
- 13
რაკი ასე არ მოიქეცით უწინ, ღმერთი გამოვიდა ჩვენს წინააღმდეგ, რადგან წესისამებრ არ დავეკითხეთ მას”.
- 14
განიწმინდნენ მღვდლები და ლევიანნი უფლის, ისრაელის ღმერთის კიდობნის წამოსაღებად.
- 15
ასწიეს ლევიანებმა ღვთის კიდობანი და, როგორც ჰქონდა მოსეს ნაბრძანები უფლის სიტყვისამებრ, კეტებით შეიდგეს მხრებზე.
- 16
უთხრა დავითმა ლევიანთა მთავრებს, რომ თავიანთი ძმები დაეყენებინათ მგალობლებად, სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტებით: ჩანგებით, ქნარებითა და წინწილებით, რათა სიხარულის ხმები აღემაღლებინათ.
- 17
და დააყენეს ლევიანებმა ჰემან იოელის ძე, ხოლო მის მოძმეთაგან ასაფ ბერექიაჰუს ძე; ასევე მერარის ძეთაგან, მათი მოძმე ეთან კუშაიაჰუს ძე;
- 18
მათთან ერთად მათი მოძმენი, მეორე რიგისანი: ზაქარიაჰუ, ბენი, იაყაზიელი, შემირამოთი, იეხიელი, ყუნი, ელიაბი, ბენაიაჰუ, მაყასიაჰუ, მათითიაჰუ, ელიფელეჰუ, მიკნეიაჰუ, ყობედ-ედომი, იეყიელი - კარიბჭის მცველნი.
- 19
მგალობელნი: ჰემანი, ასაფი და ეთანი, სპილენძის წინწილებს ახმიანებდნენ.
- 20
ზაქარია, იაყაზიელი, შემირამოთი, იეხიელი, ყუნი, ელიაბი, მაყასიაჰუ და ბენაიაჰუ კი - ქნარს ალამოთზე.
- 21
მათითიაჰუ, ელიფელეჰუ, მიკნეიაჰუ, ყობედ-ედომი, იეყიელი და ყაზაზიაჰუ რვასიმიან ქნარზე, სალოტბაროდ.
- 22
ქენანიაჰუ კი, ლევიანთა მთავარი - გალობას უძღვებოდა, ვინაიდან ამაში იყო დახელოვნებული.
- 23
ბერექია და ელკანა კიდობნის კარიბჭის მცველები იყვნენ.
- 24
ხოლო მღვდლები: შებანიაჰუ, იოშაფატი, ნეთანელი, ყამასაი, ზაქარიაჰუ, ბენაიაჰუ და ელიეზერი საყვირებს უკრავდნენ ღვთის კიდობნის წინაშე. ყობედ-ედომი და იეხია კიდობნის კარიბჭის მცველები იყვნენ.
- 25
გაემართნენ დავითი, ისრაელის უხუცესობა და ათასისთავები, რათა მხიარულებით წამოეღოთ უფლის აღთქმის კიდობანი ყობედ-ედომის სახლიდან.
- 26
ღმერთი დაეხმარა ლევიანებს, უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველებს და შესწირეს შვიდი მოზვერი და შვიდი ვერძი.
- 27
წმიდა ბისონის მოსასხამი ემოსათ დავითს, ყველა ლევიანს, კიდობნის მტვირთველებს, მგალობლებს და ქენანიას, მგალობელთა ლოტბარს. დავითს კი სელის ეფოდიც ემოსა ზემოდან.
- 28
მოჰყვებოდა უფლის აღთქმის კიდობანს მთელი ისრაელი ყიჟინით, ბუკისცემით, საყვირების, წინწილების, ბობღნებისა და ქნარების მაღალ ხმაზე.
- 29
და როცა მიაღწია დავითის ქალაქს უფლის აღთქმის კიდობანმა, სარკმლიდან გამოიხედა საულის ასულმა მიქალმა; დაინახა მეფე დავითი მროკველი და მოყიჟინე და დამცირდა იგი მის გულში.