1 ნეშტთა 14
- 1
გაუგზავნა ცორის მეფე ხირამმა დავითს დესპანნი, კედარის მორები, მშენებელნი და ხურონი მისთვის სახლის ასაშენებლად.
- 2
და მიხვდა დავითი, რომ განამტკიცა იგი უფალმა მეფედ ისრაელზე და რომ აამაღლა მისი სამეფო თავისი ხალხის, ისრაელის გამო.
- 3
კიდევ შეირთო დავითმა ცოლები იერუსალიმში და უფრო მეტი ძე და ასული შეეძინა.
- 4
ესენია იერუსალიმში შეძენილი შვილების სახელები: შამუაყი, შობაბი, ნათანი და სოლომონი,
- 5
იბხარი, ელიშუაყი და ელიფალეტი,
- 6
ნოგა, ნეფეგი და იაფიაყი,
- 7
ელიშამაყი, ბეყელიადაყი და ელიფალეტი.
- 8
როცა ესმათ ფილისტიმელებს, რომ ისრაელის მეფედ სცხეს დავითი, ყველანი დავითის საძებნელად გამოვიდნენ. გაიგო დავითმა და გავიდა ფილისტიმელთა წინააღმდეგ.
- 9
მოვიდნენ ფილისტიმელნი და დადგნენ რეფაიმის ველზე.
- 10
ჰკითხა დავითმა ღმერთს: „გავიდე ფილისტიმელთა წინააღმდეგ? ჩამიგდებ მათ ხელში?” მიუგო მას უფალმა: „გადი და ხელში ჩაგიგდებ მათ!”
- 11
ბაყალ-ფერაციმში ავიდნენ და იქ დაამარცხა დავითმა ფილისტიმელნი. და თქვა: "ნიაღვარივით წალეკა უფალმა ჩემი მტრები ჩემივე ხელით!” ამიტომ უწოდეს იმ ადგილს ბაყალ-ფერაციმი.
- 12
იქ მიატოვეს ფილისტიმელებმა თავიანთი ღმერთები; გასცა დავითმა ბრძანება და ცეცხლში დაწვეს ისინი.
- 13
კვლავ შემოიჭრნენ ფილისტიმელები და ველზე განლაგდნენ.
- 14
ისევ დაეკითხა დავითი ღმერთს და უთხრა მას ღმერთმა: „პირდაპირ ნუ მიადგები მათ, არამედ უკნიდან მოუარე და ბალსამონის ხეების მხრიდან მიადექი.
- 15
როგორც კი ბალსამონის ხეთა კენწეროებიდან შრიალის ხმა მოგესმება, მაშინ გადი საბრძოლველად, რადგან ღმერთი წაგიძღვება ფილისტიმელთა ჯარის შესამუსრად”.
- 16
ღვთის ბრძანებისამებრ მოიქცა დავითი და გაბაონიდან გეზერამდე მუსრავდა ფილისტიმელთა ლაშქარს.
- 17
მთელ ქვეყანაზე გაითქვა დავითის სახელი და ყველა ერს მისი შიში ჩაუნერგა უფალმა.