4 მეფეთა 2
- 1
როცა უფალი ელიას ცად ატაცებას აპირებდა ქარბორბალათი, ელისესთან ერთად გილგალიდან მოდიოდა ელია.
- 2
უთხრა ელიამ ელისეს: "გთხოვ, აქ დარჩი, რადგან უფალმა შორს, ბეთელში მიმავლინა”. მიუგო ელისემ: "ვფიცავ უფალს და ვფიცავ შენს სულს, თუ მიგატოვო!” ჩავიდნენ ბეთელს.
- 3
გამოვიდნენ ბეთელში მყოფი წინასწარმეტყველთა ძენი და უთხრეს ელისეს: "იცი, რომ უფალი დღეს აიტაცებს შენს თავს ზემოთ შენს ბატონს?” უპასუხა: "მეც ვიცი, დადუმდით”.
- 4
უთხრა მას ელიამ: "გთხოვ, აქ დარჩი, რადგან უფალმა იერიხოში წარმავლინა”. მიუგო ელიას: "ვფიცავ უფალს და ვფიცავ შენს სულს, თუ მიგატოვო!” მივიდნენ იერიხოს.
- 5
მიეახლნენ ელისეს იერიხოში მყოფი წინასწარმეტყველთა ძენი და უთხრეს: "იცი, რომ უფალი დღეს შენს თავს ზემოთ აიტაცებს შენს ბატონს?” უპასუხა: "ვიცი, დადუმდით”.
- 6
უთხრა მას ელიამ: "გთხოვ, აქ დარჩი, რადგან უფალმა იორდანესთან გამაგზავნა”. მიუგო: "ვფიცავ უფალს და ვფიცავ შენს სულს, თუ მიგატოვო!” წავიდნენ ორივენი.
- 7
ორმოცდაათი კაცი, წინასწარმეტყველთა ძეთაგან, მივიდნენ და მათ პირდაპირ დადგნენ მოშორებით, ეს ორნი კი იორდანესთან იდგნენ.
- 8
აიღო ელიამ თავისი მოსასხამი დაგორგლა და დაჰკრა წყალს; ორად გაიყო წყალი და ხმელზე გაიარა ორივემ.
- 9
როგორც კი გადალახეს, უთხრა ელიამ ელისეს: "მთხოვე, რაც გინდა, სანამ ავიტაცები შენგან”. მიუგო ელისემ: "გთხოვ, სული, რომელიც შენზეა, ორმაგად იყოს ჩემზე”.
- 10
უთხრა ელიამ: "ძნელ საქმეს ითხოვ, მაგრამ თუ დამინახავ ატაცებულს, აგისრულდება; თუ ვერ დამინახავ, არ აგისრულდება”.
- 11
როცა მიდიოდნენ და საუბრობდნენ, აჰა, გამოჩნდა ცეცხლოვანი ეტლი და ცეცხლოვანი ცხენები, განაშორა ორნი ერთმანეთს და ზეცაში ავიდა ელია ქარბორბალით.
- 12
დაინახა ელისემ და შეჰყვირა: "მამაო ჩემო, მამაო ჩემო! ისრაელის ეტლობავ და მხედარნო!” და მეტად აღარ დაუნახავს. ჩაბღუჯა თავისი სამოსი და ორად გაგლიჯა.
- 13
აიღო მოსასხამი, რომელიც ელიას დაუვარდა, დაბრუნდა და იორდანეს ნაპირთან დადგა.
- 14
მოიმარჯვა მოსასხამი, რომელიც ელიას დაუვარდა, დაჰკრა წყალს და თქვა: "სადაა უფალი, ელიას ღმერთი?” წყალს რომ დაჰკრა ორად გაიყო წყალი და ხმელზე გაიარა ელისემ.
- 15
შორიდან დაინახეს იგი იერიხოში მყოფმა წინასწარმეტყველთა ძეებმა და თქვეს: "ელიას სულია ელისეზე”. მოვიდნენ მასთან შესახვედრად და მიწამდე დაუკრეს თავი.
- 16
უთხრეს: "აჰა, შენს მსახურთ ორმოცდაათი ძლიერი კაცი გვყავს, წავიდნენ და მოძებნონ შენი ბატონი. იქნებ აიტაცა უფლის სულმა და სადმე მთაში ან ველზე დააგდო!” მიუგო ელისემ: "ნუ გაგზავნით”.
- 17
ისე დაიჟინეს, რომ შერცხვა და უთხრა: "გაგზავნეთ!” გაგზავნეს ორმოცდაათი კაცი; სამი დღე ამაოდ ეძებეს, ვერ იპოვეს.
- 18
მობრუნდნენ. ელისე იერიხოში იჯდა; უთხრა: "განა არ გითხარით, ნუ გაგზავნით-მეთქი?”
- 19
უთხრეს ელისეს იმ ქალაქის კაცებმა: "კარგ ადგილზე მდებარეობს ეს ქალაქი, როგორც ჩვენი ბატონი ხედავს, მაგრამ წყალი ცუდია და უნაყოფოა მიწა”.
- 20
თქვა ელისემ: "მომეცით ახალი თასი და შიგ მარილი ჩაყარეთ”. მათაც მიუტანეს.
- 21
გამოვიდა ელისე წყლის სათავესთან, ჩაყარა შიგ მარილი და თქვა: "ასე ამბობს უფალი: მე განვკურნე ეს წყალი! აღარ იქნება მისგან სიკვდილი და უნაყოფობა”.
- 22
დღემდე განკურნებულია ის წყალი ელისეს სიტყვისამებრ, რომელიც თქვა.
- 23
იქიდან ბეთელში წავიდა. გზაზე რომ მიდიოდა, ბავშვები გამოვიდნენ ქალაქიდან, დასცინოდნენ და ეძახდნენ: "წადი, ქაჩალო! წადი, ქაჩალო!”
- 24
მოტრიალდა, დაინახა ისინი და დაწყევლა უფლის სახელით. გამოვიდა ტყიდან ორი დათვი და დაგლიჯეს მათგან ორმოცდაორი ბავშვი.
- 25
წავიდა ქარმელის მთისკენ, იქიდან კი სამარიაში დაბრუნდა.