4 მეფეთა 1
- 1
აუმხედრდა მოაბი ისრაელს ახაბის სიკვდილის შემდეგ.
- 2
ჩამოვარდა ახაზია თავისი ზედათვალის სარკმლიდან სამარიაში და დასნეულდა. გაგზავნა მოციქულები, თან უთხრა: "წადით, დაეკითხეთ ბაყალ-ზებუბს, ყეკრონის ღმერთს, გამოვჯანსაღდები თუ არა ამ სნეულებისგან?”
- 3
უთხრა უფლის ანგელოზმა ელია თიშბელს: "წადი, დახვდი სამარიის მეფის მოციქულებს და უთხარი, ნუთუ აღარ არის-თქო ღმერთი ისრაელში, რომ ყეკრონის ღმერთთან, ბაყალ-ზებუბთან მიდიხართ საკითხავად?
- 4
ამიტომ ამბობს უფალი: ვეღარ ადგები მაგ საწოლიდან, რომელზეც წევხარ, რადგან უსათუოდ მოკვდები!” წავიდა ელია.
- 5
დაბრუნდნენ მოციქულნი ახაზიასთან. ჰკითხა: "რატომ დაბრუნდით?”
- 6
უთხრეს: "კაცი გამოვიდა შესახვედრად და გვითხრა: წადით, დაბრუნდით მეფესთან, რომელმაც გამოგგზავნათ და გადაეცით: ასე ამბობს-თქო უფალი: ნუთუ აღარ არისო ღმერთი ისრაელში, რომ ყეკრონის ღმერთთან ბაყალ-ზებუბთან მიდიხართ საკითხავად? ამიტომ ვეღარ ადგები საწოლიდან, რომელზეც წევხარ, რადგან უსათუოდ მოკვდებიო”.
- 7
უთხრა მეფემ: "როგორი იყო ის კაცი, თქვენ რომ შემოგხვდათ და ეს სიტყვები გითხრათ?”
- 8
უპასუხეს: "ბალნით არის დაფარული და წელზე ტყავის სარტყელი არტყამს”. თქვა მეფემ: "ეს ელიაა, თიშბელი”.
- 9
მიუგზავნა ორმოცდაათისთავი თავის ორმოცდაათეულით. ავიდნენ და, აჰა, მთის თხემზე ზის ელია; უთხრა ორმოცდაათისთავმა: "ღვთისკაცო, მეფემ შემოგითვალა, ძირს ჩამოვიდესო!”
- 10
მიუგო ელიამ და უთხრა ორმოცდაათისთავს: "თუ ღვთისკაცი ვარ, ცეცხლი ჩამოვარდეს ციდან და გშთანთქას შენც და შენი ორმოცდაათი კაციც”. ჩამოვარდა ცეცხლი ციდან და ისიც შთანთქა და მისი ორმოცდაათი კაციც.
- 11
კვლავ მიუგზავნა სხვა ორმოცდაათისთავი თავის ორმოცდაათეულით. მიუგო და უთხრა ორმოცდაათისთავმა: "ღვთისკაცო, ასე ბრძანებს მეფე, სასწრაფოდ ძირს ჩამოდიო!”
- 12
ელიამ უთხრა: "თუ ღვთისკაცი ვარ, ცეცხლი ჩამოვარდეს ციდან და გშთანთქას შენც და შენი ორმოცდაათი კაციც”. ჩამოვარდა ცეცხლი ციდან და ისიც შთანთქა და მისი ორმოცდაათი კაციც.
- 13
მესამედაც მიუგზავნა სხვა ორმოცდაათისთავი თავის ორმოცდაათეულით. ავიდა მესამე ორმოცდაათისთავი, მუხლებზე დავარდა ელიას წინაშე, ემუდარებოდა და ეუბნებოდა: "ღვთისკაცო! ფასი დასდე ჩემს და ამ ორმოცდაათი შენი მსახურის სიცოცხლეს შენს თვალში.
- 14
აჰა, ცეცხლი ჩამოვარდა ციდან და შთანთქა ორი წინამორბედი ორმოცდაათისთავი, თავის ორმოცდაათ კაცთან ერთად; ახლა ფასი დასდე ჩემს სიცოცხლეს შენს თვალში!”
- 15
უთხრა უფლის ანგელოზმა ელიას: "ჩაჰყევი, ნუ გეშინია!” ადგა ელია და ჩავიდა მასთან ერთად მეფესთან.
- 16
უთხრა მეფეს: "ასე ამბობს უფალი, რაკი ბაყალ-ზებუბთან, ყეკრონის ღმერთთან გაგზავნე შენი მოციქულები საკითხავად, თითქოს არ ყოფილიყოს ისრაელში ღმერთი, რომ დაჰკითხოდი სიტყვას, ვეღარ ადგები სარეცელიდან, რომელზეც წევხარ, რადგან უსათუოდ მოკვდები”.
- 17
მოკვდა კიდეც უფლის სიტყვისამებრ, ელიამ რომ წარმოთქვა. მის ნაცვლად კი იორამი გამეფდა, იოშაფატის ძის, იორამის, იუდას მეფის გამეფების მეორე წელს, რადგან ძე არ ჰყოლია.
- 18
ახაზიას დანარჩენი საქმენი, რაც აღასრულა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.