4 მეფეთა 11
- 1
დაინახა ღოთოლიამ, ახაზიას დედამ, რომ მოკვდა მისი ძე, ადგა და გაანადგურა მთელი სამეფო მოდგმა.
- 2
მაგრამ იეჰოშებაყმა, მეფე იორამის ასულმა, ახაზიას დამ, მეფის ძეებიდან გამოარჩია იოაში, ახაზიას ძე და ძიძასთან ერთად საწოლ ოთახში დაუმალა ღოთოლიას და ვერ მოკლეს.
- 3
ექვს წელიწადს იმალებოდა მასთან ერთად უფლის სახლში, ღოთოლია კი მეფობდა ქვეყანაზე.
- 4
მეშვიდე წელს გაგზავნა იეჰოიადაყმა და უფლის სახლში მოაყვანინა ქერეთელი ასისთავები და მცველები, აღთქმა დადო მათთან, დააფიცა უფლის სახლში, და აჩვენა მეფის ვაჟი.
- 5
უბრძანა: "აი, როგორ უნდა გააკეთოთ ეს საქმე: თქვენგან, შაბათს მომსვლელთა მესამედმა, მეფის სახლში უნდა იგუშაგოთ.
- 6
მესამედი ტაძრის კარიბჭესთან წავიდეს, მესამედი კარიბჭესთან, მალემსრბოლთა უკან რომ არის. მორიგეობით იყარაულეთ სასახლეში.
- 7
შაბათს გამსვლელთაგან, ორი მესამედი, უფლის სახლში იდარაჯებთ მეფისთვის.
- 8
გარს შემოერტყით მეფეს თითოეული იარაღით ხელში; ვინც მწყობრში შემოვა, მოკალით. მეფესთან იყავით, მისი გამოსვლისას და შესვლისას”.
- 9
ყველაფერი ისე გააკეთეს ასისთავებმა, როგორც იეჰოიადაყ მღვდელმა უბრძანა; წაიყვანა ყველამ თავ-თავისი კაცები, შაბათს მომსვლელი და შაბათს გამსვლელი და იეჰოიადაყ მღვდელთან მივიდნენ.
- 10
დაურიგა მღვდელმა ასისთავებს მეფე დავითის შუბები და ფარები უფლის სახლში რომ ჰქონდა.
- 11
დადგნენ მცველები, თითოეული თავისი იარაღით ხელში, სახლის მარჯვენა ფრთიდან სახლის მარცხენა ფრთამდე, სამსხვერპლოსთან და სახლთან, მეფის ირგვლივ.
- 12
გამოიყვანა იეჰოიადაყმა მეფის ვაჟი, დაადგა მას სამეფო გვირგვინი და მისცა მოწმობა. გაამეფეს და სცხეს ზეთი. ტაშს უკრავდნენ და ამბობდნენ: "იცოცხლოს მეფემ!”
- 13
გაიგონა ღოთოლიამ ხალხის ხმაური და მივიდა ხალხთან უფლის ტაძარში.
- 14
გაიხედა და, აჰა, წესისამებრ კვარცხლბეკზე დგას მეფე, მთავრები და მებუკენი მეფის გვერდით; ხალხი მხიარულობს და საყვირებს აყვირებს. შემოიხია სამოსელი ღოთოლიამ და შესძახა: "ღალატია! ღალატი!”
- 15
უბრძანა იეჰოიადაყ მღვდელმა ასისთავებს, ჯარის მეთაურებს და უთხრა: "მწყობრს გარეთ გაიყვანეთ ღოთოლია და ვინც უკან გაჰყვება, მახვილით მოკალით”. იფიქრა: "უფლის სახლში არ მოკლანო”.
- 16
ხელი ჩაავლეს, მეფის სახლამდე ცხენთა შესასვლელი გზით წაიყვანეს და იქ მოკლეს.
- 17
აღთქმა დადო იეჰოიადაყმა უფალს, მეფესა და ხალხს შორის, რათა საუფლო ხალხი ყოფილიყო; ასევე - მეფესა და ხალხს შორის.
- 18
შევიდა მთელი ხალხი ბაყალის სახლში და დაანგრიეს სახლი, სამსხვერპლო და მისი გამოსახულებანი. სამსხვერპლოების წინ მოკლეს მათანი, ბაყალის ქურუმი. დააწესა იეჰოიადაყ მღვდელმა ზედამხედველობა უფლის სახლზე.
- 19
წამოიყვანა ასისთავები, ქერეთელი მცველები, მთელი ქვეყნის ხალხი და გამოიყვანეს მეფე უფლის სახლიდან. მცველთა შესასვლელით სამეფო სახლში მივიდნენ და სამეფო ტახტზე დაჯდა იგი.
- 20
მხიარულობდა მთელი ქვეყნის ხალხი და დამშვიდდა ქალაქი. ღოთოლია კი მახვილით მოკლეს მეფის სახლში.
- 21
შვიდი წლის იყო იოაში, როდესაც გამეფდა.