4 მეფეთა 10
- 1
სამოცდაათი ძე ჰყავდა ახაბს სამარიაში. ასეთი წერილები მისწერა იეჰუმ იზრეყელის მთავრებს, სამარიელ უხუცესებს და ახაბის ძეთა აღმზრდელთ:
- 2
"ახლა, როცა ამ წერილს მიიღებთ, რადგან თან გყავთ თქვენი ბატონიშვილნი, ეტლები, ცხენები, გამაგრებული ქალაქები და იარაღი,
- 3
ამოარჩიეთ საუკეთესო და შესაფერისი თქვენს ბატონიშვილთაგან, დასვით მამამისის ტახტზე და იბრძოლეთ თქვენი ბატონის სახლისთვის”.
- 4
ძალიან, ძალიან შეშინდნენ და თქვეს: "აჰა, ორი მეფე ვერ აღუდგა წინ, ჩვენ როგორღა დავდგეთ?”
- 5
მოციქულნი გაუგზავნეს იეჰუს სასახლისა და ქალაქის გამგებლებმა, უხუცესებმა და აღმზრდელებმა ამ სიტყვებით: "შენი მსახურნი ვართ, რასაც გვეტყვი, აღვასრულებთ. არავის გავამეფებთ, რაც სწორად მიგაჩნდეს, ის გააკეთე”.
- 6
ასეთი წერილი მისწერა მათ მეორედ: "თუ ჩემი მსახურნი ხართ და ჩემს ბრძანებებს ასრულებთ, მაშინ ხვალ ამ დროს მომიტანეთ თქვენი ბატონიშვილების თავები და მოდით ჩემთან იზრეყელში”. სამოცდაათნი იყვნენ მეფის ძენი, ქალაქის დიდებულნი ზრდიდნენ მათ.
- 7
როგორც კი ეს წერილი მიუვიდათ, გამოიყვანეს უფლისწულები, სამოცდაათივე მოკლეს; გოდრებში ჩააწყვეს მათი თავები და გაუგზავნეს იზრეყელში.
- 8
მივიდა მოციქული და უთხრა იეჰუს: "უფლისწულთა თავები მოიტანეს”. თქვა: ორ გროვად დაყარეთ კარიბჭესთან, დილამდე”.
- 9
გამოვიდა იეჰუ მეორე დილას და უთხრა მთელ ხალხს: "თქვენ უდანაშაულონი ხართ. მე ავუმხედრდი ჩემს ბატონს და მოვკალი, მაგრამ ესენი ვინღა დახოცა?
- 10
იცოდეთ, არაფერი დარჩება შეუსრულებელი უფლის სიტყვიდან, რომელიც ახაბის სახლზე აქვს ნათქვამი; უფალმა აღასრულა, რაც ელიას, თავისი მსახურის, პირით წარმოთქვა”.
- 11
ყველა დარჩენილი დახოცა იეჰუმ ახაბის სახლიდან იზრეყელში, ყველა მისი დიდებული, ახლობელი და მღვდელი, ისე რომ, აღარავინ დარჩენილა.
- 12
ადგა იეჰუ და წავიდა სამარიას. ჯერ კიდევ მწყემსთა თავშესაფრისკენ მიმავალ გზაზე იდგა,
- 13
რომ იუდას მეფის, ახაზიას ძმებს შეხვდა. ჰკითხა: "ვინ ხართ?” მიუგეს: "ახაზიას ძმები ვართ, მეფისა და დედოფლის ძეების მოსაკითხად მივდივართ”.
- 14
ბრძანა იეჰუმ: "ცოცხლად შეიპყარით!” ცოცხლად შეიპყრეს და ბეთ-ყეკედის მწყემსთა ბინის ორმოსთან დაკლეს ისინი - ორმოცდაორი კაცი. ერთი კაციც არ დაუტოვებია ცოცხალი.
- 15
წამოვიდა იქიდან და მასთან შესახვედრად წამოსულ რეხაბის ძეს, იონადაბს შეხვდა; აკურთხა იგი და უთხრა: "ისეთივე წრფელია შენი გული, როგორც ჩემია შენ მიმართ?” მიუგო იონადაბმა: "წრფელია!” უთხრა იეჰუმ: "მაშ მომეცი ხელი”. მანაც მისცა ხელი და თავის ეტლში აიყვანა იგი”.
- 16
უთხრა: "წამოდი და იხილე უფლისთვის ჩემი მოშურნეობა”. და თავისი ეტლით წაიყვანა.
- 17
მივიდა იეჰუ სამარიას და გაჟლიტა ყველა, ვინც კი ახაბს სამარიაში დაურჩა; ასე მოსპო ყველა, ელიასადმი ნათქვამი უფლის სიტყვისამებრ.
- 18
შეკრიბა იეჰუმ მთელი ხალხი და უთხრა: "ახაბი ცუდად ემსახურებოდა ბაყალს, იეჰუ უკეთესად მოემსახურება.
- 19
მოუხმეთ ჩემთან ბაყალის ყველა წინასწარმეტყველს, მის ყველა მსახურსა და მღვდელს; არავინ დააკლდეს, რადგან დიდი მსხვერპლი უნდა შევწირო ბაყალს. ვინც დააკლდება, მოკვდება”. ცბიერებით გააკეთა ეს იეჰუმ, რათა ბაყალის მსახურები გაენადგურებინა.
- 20
თქვა იეჰუმ: "გამოაცხადეთ სადღესასწაულო თავშეყრა ბაყალისთვის!” და გამოაცხადეს.
- 21
მთელ ისრაელში დაგზავნა იეჰუმ. მოვიდა ბაყალის ყველა მსახური, კაცი არ დარჩენილა, რომ არ მისულიყო; შევიდნენ ბაყალის სახლში და კიდით კიდემდე აავსეს.
- 22
უთხრა იეჰუმ სამოსელთა მცველს: "გამოუღე სამოსი ბაყალის ყოველ მსახურს”; გამოუღო.
- 23
შევიდნენ იეჰუ და იონადაბი, რეხაბის ძე, ბაყალის სახლში და უთხრეს ბაყალის მსახურებს: "მოიძიეთ და ნახეთ, ხომ არ არის თქვენ შორის უფლის მსახური, რადგან აქ მხოლოდ ბაყალის მსახურნი უნდა იყვნენ”.
- 24
მსხვერპლებისა და სრულადდასაწველთა მომზადება დაიწყეს. ოთხმოცი კაცი დააყენა იეჰუმ გარედან და თქვა: "თუ ვინმე გაგექცათ მათგან, ხელში რომ ჩაგიგდეთ, თქვენი სიცოცხლე ჩაენაცვლება გადარჩენილისას”.
- 25
როცა სრულადდასაწველი დაასრულეს, უთხრა იეჰუმ მცველთა მეთაურებს: "მიდით, ამოჟლიტეთ, არავინ გაგექცეთ”. მახვილით ამოჟლიტეს მცველთა მეთაურებმა, იქვე დაყარეს და ბაყალის სახლშიც შევიდნენ.
- 26
გამოიტანეს ბაყალის სახლის ქანდაკებანი და დაწვეს.
- 27
დაამსხვრიეს ბაყალის ქანდაკება, დაანგრიეს ბაყალის ტაძარიც და უწმინდურ ადგილად აქციეს დღემდე.
- 28
ამოძირკვა იეჰუმ ბაყალი ისრაელიდან.
- 29
მხოლოდ იერობყამ ნაბატის ძის ცოდვებს არ განშორებია იეჰუ, რითაც ისრაელი აცდუნა; არც ოქროს ხბორებს, ბეთელსა და დანში რომ იყო.
- 30
უთხრა უფალმა იეჰუს: "რადგან ყოველივე აღასრულე ჩემ წინაშე, რაც ახაბის სახლეულზე მქონდა გულში, მეოთხე თაობამდე ისხდებიან შენი ძენი ისრაელის ტახტზე”.
- 31
მაგრამ გულმოდგინედ არ იცავდა იეჰუ უფლის, ისრაელის ღმერთის რჯულს, არ განშორებია იგი იერობყამის ცოდვებს, რითაც ისრაელი აცდუნა.
- 32
იმ დღეებში დაიწყო უფალმა მიწების ჩამოჭრა ისრაელისთვის და მუსრავდა მათ ხაზაელი ისრაელის ყოველ საზღვარზე:
- 33
წაართვა იორდანედან მზის აღმოსავლეთით გილყადის მთელი ქვეყანა, გადის, რეუბენისა და მენაშეს მიწები - ყაროყერიდან, რომელიც არნონის ხევს, გილყადსა და ბაშანს ემიჯნებოდა.
- 34
იეჰუს დანარჩენი საქმენი, ყოველივე, რაც გააკეთა და მისი ყველა გმირობა, განა ისრაელის მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
- 35
მიიძინა იეჰუმ და თავის მამებთან დაკრძალეს სამარიაში. მის ნაცვლად იეჰოახაზი, მისი ძე გამეფდა.
- 36
დღეებმა, რომლებიც იეჰუმ ისრაელზე იმეფა სამარიაში, ოცდარვა წელი შეადგინა.