1 მეფეთა 4
- 1
და მოედო სამუელის სიტყვები მთელ ისრაელს. გავიდა ისრაელი ფილისტიმელებთან საბრძოლველად და დაიბანაკა ებენ-ყეზერთან; ფილისტიმელები კი აფეკში დაბანაკდნენ.
- 2
დადგნენ ფილისტიმელები ისრაელის პირისპირ, გაჩაღდა ბრძოლა და დამარცხდა ისრაელი ფილისტიმელებთან. ოთხი ათასამდე კაცი მოისრა ბრძოლის ველზე.
- 3
მოვიდა ხალხი ბანაკში და თქვეს ისრაელის უხუცესებმა: "რატომ დაგვამარცხა უფალმა დღეს ფილისტიმელთა წინაშე? წამოვიღოთ შილოდან უფლის აღთქმის კიდობანი, ჩვენს შორის იყოს და გვიხსნას მტრების ხელიდან”.
- 4
კაცები გაგზავნეს შილოში და მოიტანეს ქერუბებზე ამხედრებული ცაბაოთ უფლის აღთქმის კიდობანი; ღვთის აღთქმის კიდობანს თან ყელის ორი ძე - ხოფნი და ფინხასი ახლდა.
- 5
როცა უფლის აღთქმის კიდობანი ბანაკში შევიდა, მაღალი ხმით გამართა ყიჟინი მთელმა ისრაელმა და შეიძრა მიწა.
- 6
როცა მოესმათ ფილისტიმელებს შეძახილის ყიჟინი, თქვეს: "ეს რა ყიჟინია ებრაელთა ბანაკში?” და შეიტყვეს, რომ უფლის კიდობანი მოსულიყო ბანაკში.
- 7
შეეშინდათ ფილისტიმელებს, რადგან თქვეს: "ღმერთი მოვიდაო ბანაკში”. ამბობდნენ: "ვაი ჩვენ, რადგან არ მომხდარა ასეთი რამ არც გუშინ და არც გუშინწინ.
- 8
ვაი ჩვენ! ვინ დაგვიხსნის ამ ძლიერი ღმერთის ხელიდან? ეს ის ღმერთია, ეგვიპტელები რომ მოსრა უდაბნოში ყოველგვარი წყლულებით.
- 9
გაძლიერდით და ივაჟკაცეთ ფილისტიმელნო, რომ არ დავემონოთ ებრაელებს, როგორც ისინი გვემონებოდნენ. ვაჟკაცურად დადექით და იბრძოლეთ!”
- 10
შეებრძოლნენ ფილისტიმელები და გაანადგურეს ისრაელი; გაიქცნენ თავ-თავიანთ კარვებში; ფრიად დიდი იყო მარცხი, ოცდაათი ათასი ქვეითი დაეცა ისრაელიდან.
- 11
წაიღეს ღვთის კიდობანი; და დაიხოცა ყელის ორივე ვაჟი, ხოფნი და ფინხასი.
- 12
გაიქცა ბენიამინელი კაცი ლაშქრიდან და იმავე დღეს მივიდა შილოში, სამოსელი ჰქონდა შემოხეული და თავზე მიწის მტვერი ეყარა.
- 13
მივიდა და, აჰა, ზის ყელი თავის სკამზე გზის პირას და ელოდება, რადგან გული უთრთოდა ღვთის კიდობნის გამო. მივიდა ის კაცი ქალაქში და მოყვა, რაც მოხდა; და გლოვა გამართა მთელმა ქალაქმა.
- 14
მოესმა ყელის გლოვის ხმა და იკითხა: "ეს რა ხმაურია?” საჩქაროდ მივიდა ის კაცი და უამბო ყველაფერი.
- 15
ოთხმოცდათვრამეტი წლისა იყო ყელი, თვალისჩინი წართმეული ჰქონდა, ვერ ხედავდა.
- 16
უთხრა კაცმა ყელის: "ლაშქრიდან წამოვედი, დღეს გამოვიქეცი”. ჰკითხა ყელიმ: "რა მოხდა, შვილო?”
- 17
მიუგო მაცნემ და უთხრა: "უკუექცა ისრაელი ფილისტიმელებს, დიდი მუსვრა იყო ხალხში, შენი ორი ვაჟი, ხოფნი და ფინხასიც დაიხოცნენ და ღვთის კიდობანიც წაღებულია”.
- 18
ღვთის კიდობნის ხსენებაზე უკან, სკამიდან კარისკენ, გადაიქცა ყელი, ხერხემალი გადაუტყდა და მოკვდა, რადგან მოხუცებული და მძიმე იყო. ორმოც წელიწადს მსაჯულობდა იგი ისრაელში.
- 19
ყელის რძალი, ფინხასის ცოლი მოსალოგინებელი იყო. როგორც კი ღვთის კიდობნის წაღების, თავისი მამამთილისა და ქმრის სიკვდილის ამბავი გაიგო, მუხლებზე დაეცა და შვა, რადგან უცაბედად დაეწყო მშობიარობის ტკივილები.
- 20
როცა კვდებოდა, ეუბნებოდნენ მასთან მყოფი ქალები: "ნუ გეშინია, რადგან ვაჟი შეგეძინა”. მაგრამ ქალი არ პასუხობდა, რადგან უგრძნობი იყო მისი გული;
- 21
და დაარქვა ვაჟს სახელად იქაბოდი. თქვა: "განშორდა დიდება ისრაელს” - ღვთის კიდობნის წაღებისა და მამამთილისა და ქმრის სიკვდილის გამო თქვა ეს.
- 22
თქვა: "განშორდა დიდება ისრაელს, რადგან წაიღეს ღვთის კიდობანი”.