1 მეფეთა 3
- 1
ემსახურებოდა ყრმა სამუელი უფალს ყელისთან; უფლის სიტყვა იშვიათი იყო იმ დღეებში, ხილვები არ იყო ხშირი.
- 2
ერთხელ თავის ადგილზე იწვა ყელი, დაბინდული ჰქონდა თვალები და ვეღარ ხედავდა.
- 3
ღვთის ლამპარი ჯერ კიდევ არ ჩამქრალიყო და იწვა სამუელი უფლის ტაძარში, სადაც ღვთის კიდობანი იდგა.
- 4
დაუძახა უფალმა სამუელს. უპასუხა: "აქა ვარ!”
- 5
მიირბინა ყელისთან და უთხრა: "აჰა, აქა ვარ! რად მიხმობდი?” უპასუხა: "მე არ მომიხმიხარ, დაბრუნდი და დაწექი”. წავიდა და დაწვა.
- 6
კვლავ დაუძახა უფალმა სამუელს. ადგა სამუელი, მივიდა ყელისთან და უთხრა: "აჰა, აქა ვარ! რად მიხმობდი?” უპასუხა: "მე არ მომიხმიხარ, შვილო, დაბრუნდი და დაწექი”.
- 7
არ იცნობდა სამუელი იმ დროს უფალს და არც უფლის სიტყვა გამოსცხადებია.
- 8
მესამედაც დაუძახა უფალმა სამუელს; ადგა, მივიდა ყელისთან და უთხრა: "აჰა, აქა ვარ! რად მიხმოდი?” და მიხვდა ყელი, რომ უფალი უხმობდა ყმაწვილს.
- 9
უთხრა ყელიმ სამუელს: "წადი, დაწექი და თუ დაგიძახებს, უთხარი: ილაპარაკე, უფალო, გისმენს შენი მსახური”. წავიდა სამუელი და დაწვა თავის ადგილზე.
- 10
მივიდა უფალი, დადგა და მოუხმო, როგორც მანამდე: "სამუელ! სამუელ!” და თქვა სამუელმა: "ილაპარაკე, უფალო, გისმენს შენი მსახური”.
- 11
უთხრა უფალმა სამუელს: "აჰა, ისეთ რამეს მოვახდენ ისრაელში, რომ მის ყოველ გამგონეს, ორივე ყური გაუყრუვდეს.
- 12
იმ დღეს ავუსრულებ ყელის ყველაფერს, რაც მისი სახლეულის წინააღმდეგ წარმოვთქვი, თავიდან ბოლომდე.
- 13
ვინაიდან ნათქვამი მაქვს მისთვის, რომ სამუდამო მსჯავრს დავდებ მის სახლს უმართლობისთვის, რადგან იცოდა თავისი ძეების უკეთურება და არ ალაგმა.
- 14
ამიტომაც დავუფიცე ყელის სახლეულს, რომ უკუნისამდე არ გამოისყიდება მისი სახლეულის ბრალი, არც მსხვერპლით და არც ძღვენით”.
- 15
და იწვა სამუელი განთიადამდე; მერე კი გააღო უფლის ტაძრის კარი. ეშინოდა ყელისთვის თავისი ხილვის განდობა.
- 16
მოუხმო ყელიმ სამუელს და უთხრა: "სამუელ, შვილო!” უპასუხა: "აქა ვარ!”
- 17
ჰკითხა ყელიმ: "რაზე გელაპარაკა? გთხოვ, ნუ დამიმალავ, თორემ იგივეს დაგმართებს ღმერთი და უარესსაც, თუნდაც ერთი სიტყვაც რომ დამიმალო, იმ სიტყვათაგან, რასაც გელაპარაკა!”
- 18
მაშინ უამბო მას სამუელმა ყოველი სიტყვა და არ დაუფარავს მისგან არაფერი. უთხრა ყელიმ: "უფალია იგი, იყოს მისი ნებისამებრ”.
- 19
იზრდებოდა სამუელი და უფალი იყო მასთან; არ გაცუდებულა არც ერთი მისი სიტყვა;
- 20
და გაიგო მთელმა ისრაელმა, დანიდან ბეერ-შებაყამდე, რომ სამუელი იქნა დადგენილი უფლის წინასწარმეტყველად.
- 21
კვლავ ცხადდებოდა უფალი შილოში მას შემდეგ, რაც სამუელს მოევლინა თავისი სიტყვით.