1 მეფეთა 28
- 1
უთხრა დავითმა აქიშს: "კარგი, ახლა გაიგებ, რისი გაკეთება შეუძლია შენს მსახურს”. მიუგო აქიშმა დავითს: "ამის გამო ჩემს მცველად დაგნიშნავ სამუდამოდ”.
- 2
მოკვდა სამუელი და მთელმა ისრაელმა დაიტირა იგი; და დაკრძალეს რამათში, თავის ქალაქში. მოსრა საულმა ქვეყანაში სულთა გამომძახებელნი და ჯადოქარნი.
- 3
შეიკრიბნენ ფილისტიმელები, მივიდნენ და შუნემში დაბანაკდნენ; საულმაც შეკრიბა მთელი ისრაელი და გილბოაყში დაბანაკდა.
- 4
ფილისტიმელთა ლაშქარი რომ დაინახა, შეეშინდა საულს; ძლიერ შეუკრთა გული.
- 5
დაეკითხა უფალს საული, მაგრამ არ უპასუხა უფალმა, არც სიზმრით, არც ურიმით, არც წინასწარმეტყველთა პირით.
- 6
უთხრა საულმა თავის მსახურებს: "მომიძებნეთ სულთა გამომძახებელი ქალი, მივალ და ვამკითხვინებ”. უთხრეს მსახურებმა: "აჰა, ყენდორშია სულთა გამომძახებელი ქალი”.
- 7
შეინიღბა საული, სხვა სამოსელი გადაიცვა, ორი კაცი გაიყოლა და ღამით მიაკითხა იმ ქალს. უთხრა: "დაეკითხე გარდაცვლილთა სულებს და ამომიხმე, ვისზეც გეტყვი”.
- 8
უთხრა ქალმა: "აჰა, კარგად იცი, რა გააკეთა საულმა, რომ მოსპო ამ ქვეყანაში სულთა გამომძახებლები და ჯადოქრები. მახეს რატომ მიგებ დასაღუპად?”
- 9
უფალი დაიფიცა საულმა: "ცოცხალია უფალი! არ დაისჯები ამ საქმისთვის”.
- 10
ჰკითხა ქალმა: "ვინ ამოგიხმო?” უთხრა: "სამუელი ამომიხმე”.
- 11
დაინახა ქალმა სამუელი და ხმამაღლა იყვირა. უთხრა ქალმა საულს: "რად მომატყუე? რადგან საული ხარ შენ!”
- 12
უთხრა მეფემ: "ნუ გეშინია. რას ხედავ?” თქვა ქალმა: "სულს ვხედავ, მიწიდან ამომავალს”.
- 13
ჰკითხა: "როგორ გამოიყურება?” მიუგო: "მოხუცი კაცია, ვინც ამოდის, მოსასხამშია გახვეული”. მიხვდა საული, რომ სამუელი იყო იგი, დაიხარა და მიწას განერთხა.
- 14
უთხრა სამუელმა საულს: "რად შემაწუხე და ამომიყვანე?” უთხრა საულმა: "ძალიან გამიჭირდა. ფილისტიმელები მებრძვიან, ღმერთი განმშორდა და პასუხს აღარ მცემს, არც წინასწარმეტყველთა პირით, არც სიზმრებში. ამის გამო ამოგიხმე, რომ მითხრა, როგორ მოვიქცე”.
- 15
უთხრა სამუელმა: "რას ითხოვ ჩემგან, როცა გაგშორდა უფალი და მტრად მოგეკიდა?
- 16
ისე გააკეთა უფალმა, როგორც ბრძანა ჩემი ბაგით; ხელიდან გამოგგლიჯა სამეფო და მისცა დავითს, შენს თვისტომს.
- 17
იმის გამო, რომ არ ისმინე უფლის ხმა და არ აღასრულე უფლის რისხვა ყამალეკზე. ამიტომაც აღასრულა დღეს უფალმა შენზე თავისი სიტყვა.
- 18
და ისრაელსაც შენთან ერთად ჩაუგდებს უფალი ხელში ფილისტიმელებს. ხვალვე ჩემთან იქნებით შენ და შენი შვილები; ისრაელის ლაშქარსაც ჩაუგდებს უფალი ხელში ფილისტიმელებს”.
- 19
მაშინ მთელი სხეულით მიწაზე დაეცა საული, დიდად შეაშინა სამუელის სიტყვებმა; ძალაც გამოელია, რადგან მთელი დღე და ღამე არ ეჭამა პური.
- 20
მივიდა ის ქალი საულთან, დაინახა, რომ ძლიერ კანკალებდა იგი და უთხრა: "აჰა, დაგემორჩილა შენი მხევალი და ხიფათში ჩაიგდო თავი. ისე მოვიქეცი, როგორც მიბრძანე.
- 21
ახლა გთხოვ, შენც ისმინე შენი მხევლის სიტყვა: პურის ნატეხს დაგიდებ წინ და შეჭამე, რომ ძალა დაგიბრუნდეს შენს გზაზე წასასვლელად”.
- 22
იუარა საულმა და თქვა: "არ შევჭამ”. არ მოეშვნენ მისი მსახურები და ის ქალიც. მაშინ დაჰყვა მათ ნებას. მიწიდან ადგა და საწოლზე ჩამოჯდა.
- 23
ნასუქალი ხბო ჰყავდა იმ ქალს სახლში; სასწრაფოდ დაკლა, აიღო ფქვილი, ცომი მოზილა და ხმიადები გამოაცხო.
- 24
მოიტანა და საულსა და მის მსახურებს დაუდგა წინ; მათაც ჭამეს. მერე ადგნენ და იმ ღამესვე წავიდნენ.
- 25
შეკრიბეს ფილისტიმელებმა მთელი თავიანთი ლაშქარი აფეკში, ისრაელიანები კი იზრეყელის წყაროსთან დაბანაკდნენ.