მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

1 მეფეთა 27

  1. 1

    და გადავიდნენ დავითი და მასთან მყოფი ექვსასი კაცი აქიშთან, მაყოხის ძესთან, გათის მეფესთან.

  2. 2

    ცხოვრობდა დავითი აქიშთან გათში, თავის კაცებთან ერთად, თითოეული თავისი სახლეულით; იქ ჰყავდა დავითს თავისი ორი ცოლი: იზრეყელელი ახინოყამი და აბიგაილი, ქარმელელი ნაბალის ქვრივი.

  3. 3

    შეატყობინეს საულს დავითის გათში გაქცევა და შეწყვიტა მისი ძებნა.

  4. 4

    უთხრა დავითმა აქიშს: "თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, მომცენ ადგილი რომელიმე პატარა ქალაქში და იქ ვიცხოვრებ; რატომ უნდა ცხოვრობდეს შენი მსახური შენთან ერთად სამეფო ქალაქში?”

  5. 5

    და მისცა მას აქიშმა იმ დღეს ციკლაგი; დღემდე ამიტომ ეკუთვნის ციკლაგი იუდას მეფეებს.

  6. 6

    წელიწადი და ოთხი თვე ცხოვრობდა დავითი ფილისტიმელებთან.

  7. 7

    წავიდოდნენ დავითი და მისი კაცები და თავს ესხმოდნენ გეშურელებს, გიზრელებს და ყამალეკელებს, რადგან დასაბამიდან ისინი მკვიდრობდნენ ამ ქვეყანაში, შურის მისადგომებიდან ეგვიპტის ქვეყნამდე.

  8. 8

    მუსრავდა დავითი იმ ქვეყანას, არც კაცს უშვებდა ცოცხალს და არც ქალს. გამოირეკავდა ცხვარს, ნახირს, სახედრებს, აქლემებს, წამოაყოლებდა სამოსელს და ბრუნდებოდა აქიშთან.

  9. 9

    ჰკითხავდა აქიში: "დღეს სად დაარბიეთ?” დავითი მიუგებდა: "იუდას სამხრეთით” ან "იერახმეელის სამხრეთით” ან "კენიელთა სამხრეთით”.

  10. 10

    არც კაცს ტოვებდა ცოცხალს და არც ქალს; გათში ცოცხლად არავინ მოჰყავდა დავითს, რადგან ფიქრობდა: არავინ ილაპარაკოს ჩვენზე, ფილისტიმელთა ქვეყნად ცხოვრებისას ასე და ასე იქცეოდაო დავითი, ასეთი წესი ჰქონდაო.

  11. 11

    მიენდო აქიში დავითს; ამბობდა: "თავი შეაძულა თავის ერს, ისრაელს, და სამუდამო მსახურად გამიხდებაო”.

  12. 12

    იმ ხანებში იყო, რომ ლაშქარი შეკრიბეს ფილისტიმელებმა ისრაელთან საომრად; უთხრა აქიშმა დავითს: "იცოდე, უსათუოდ ჩემს ლაშქარში გამოხვალთ შენც და შენი კაცებიც!”