იესო ნავეს ძე 3
- 1
ადგა იეშუა დილაადრიანად, დაიძრა შიტიმიდან და მივიდა იორდანესთან, ის და ისრაელის ყველა ძე; იქ გაათიეს, ვიდრე გავიდოდნენ გაღმა.
- 2
სამი დღის შემდეგ ზემდეგნი გავიდნენ ბანაკში;
- 3
და ასე უბრძანეს ხალხს: "როცა დაინახავთ უფლის, თქვენი ღმერთის აღთქმის კიდობანს და მის მზიდველ, ლევიან მღვდლებს, მაშინ წამოიმართებით თქვენი ადგილიდან და გაჰყვებით მას.
- 4
ორი ათასი წყრთის მანძილზე უნდა მიჰყვეთ მას, ნუ მიუახლოვდებით, რათა იცოდეთ გზა, რომლითაც ივლით, რადგან არ გივლიათ ამ გზით არც გუშინ, არც გუშინწინ”.
- 5
უთხრა იეშუამ ხალხს: "განიწმიდეთ, რადგან სასწაულებს აღასრულებს ხვალ თქვენ შორის უფალი”.
- 6
უთხრა იეშუამ მღვდლებს: "აიღეთ აღთქმის კიდობანი და წაუძეხით ამ ხალხს”. აიღეს აღთქმის კიდობანი და წავიდნენ ხალხის წინ.
- 7
უთხრა უფალმა იეშუას: "ამ დღეს დავიწყებ შენს განდიდებას მთელი ისრაელის თვალწინ, რათა იცოდნენ, რომ, როგორც მოსესთან ვიყავი, ისე ვიქნები შენთანაც.
- 8
ასე უბრძანე მღვდლებს, აღთქმის კიდობნის მზიდველებს: "როგორც კი იორდანეს კიდეს მიაღწევთ, შეჩერდით!”
- 9
უთხრა იეშუამ ისრაელის ძეებს: "მოდით აქ და მოისმინეთ უფლის, თქვენი ღმერთის სიტყვები”.
- 10
თქვა იეშუამ: "ამით გაიგებთ, რომ ცოცხალი ღმერთია თქვენ შორის და ის განდევნის თქვენგან ქანაანელებს, ხეთელებს, ხიველებს, ფერიზელებს, გირგაშელებს, ამორელებსა და იებუსელებს;
- 11
აჰა, თქვენ წინაშე გადალახავს იორდანეს აღთქმის კიდობანი, რომელიც მთელი დედამიწის უფალს ეკუთვნის.
- 12
ახლა გამოიყვანეთ თორმეტი კაცი ისრაელის ტომთაგან, თითო კაცი თითო ტომიდან.
- 13
როგორც კი იორდანეს წყალში მთელი დედამიწის უფლის აღთქმის კიდობნის მზიდველი მღვდლების ტერფები ჩაიდგმება, ზევიდან მომდინარე იორდანეს წყლები ქვემო წყლებს გამოეყოფა და ერთ კედლად აღიმართება”.
- 14
დაიძრა ხალხი თავისი კარვებიდან იორდანეს გადასალახად, აღთქმის კიდობნის მტვირთველი მღვდლები მიუძღოდნენ წინ;
- 15
და როგორც კი მივიდნენ კიდობნის მზიდველნი იორდანესთან და შეეხნენ წყალს კიდობნის მზიდველ მღვდელთა ტერფნი - იორდანე კი მკის მთელი ხნის განმავლობაში თავისი ნაპირებიდან გადმოდის
- 16
- შეჩერდა დაღმა მომდინარე წყალი და ერთ კედლად აღიმართა შორ მანძილზე: ცართანის გვერდით, ქალაქ ადამიდან ყარაბას ანუ მარილოვან ზღვამდე, მთლიანად გაიპო და გადავიდა ხალხი იერიხოს პირდაპირ.
- 17
მშრალად იდგნენ უფლის აღთქმის კიდობნის მზიდველი მღვდლები იორდანეს შუაში, ფსკერზე, და მშრალად გადადიოდა ყოველი ისრაელიანი, ვიდრე მთელმა ერმა არ დაასრულა იორდანეს გადალახვა.