იესო ნავეს ძე 2
- 1
ორი მსტოვარი გაგზავნა ფარულად იეშუა ნავეს ძემ შიტიმიდან და უთხრა მათ: "წადით, დაზვერეთ ქვეყანა და იერიხო”. წავიდნენ და მივიდნენ ერთი მეძავი ქალის, სახელად რახაბის სახლში და იქ გაათიეს ღამე.
- 2
აცნობეს იერიხოს მეფეს: "აჰა, ღამით კაცები მოსულან აქ ისრაელის ძეთაგან, ქვეყნის დასაზვერად”.
- 3
შეუთვალა იერიხოს მეფემ და უთხრა რახაბს: "გამოიყვანე კაცები, რომ მოვიდნენ და შენს სახლში შემოვიდნენ, რადგან ქვეყნის დასაზვერად არიან მოსულები”.
- 4
ადგა და დამალა ეს ორი კაცი ამ ქალმა, მათ კი უთხრა: "დიახ, მოვიდნენ ჩემთან კაცები, ოღონდ არ ვიცი, საიდან იყვნენ.
- 5
დაბინდებისას კარიბჭეს რომ კეტავდნენ, მაშინ გავიდნენ; არ ვიცი, საით წავიდნენ, საჩქაროდ დაედევნეთ და დაეწევით”.
- 6
თვითონ კი სხვენზე აიყვანა ისინი და სელის ჩალაში დამალა, რომელიც სხვენზე ჰქონდა გაშლილი.
- 7
იორდანესკენ მიმავალი გზით, ფონებისკენ დაედევნენ მათ კაცები; კარიბჭე კი მდევრების გასვლისთანავე ჩაკეტეს.
- 8
ვიდრე დაწვებოდნენ მსტოვრები, ავიდა მათთან რახაბი სხვენზე.
- 9
უთხრა კაცებს: "ვიცი, რომ თქვენ მოგცათ უფალმა ეს ქვეყანა, თქვენდამი შიშმა მოგვიცვა ყველანი და შეძრწუნებულნი არიან ამ ქვეყნის მკვიდრნი თქვენ წინაშე.
- 10
რადგან გვსმენია, როგორ დააშრო უფალმა მეწამული ზღვის წყლები თქვენ წინაშე, როცა გამოხვედით ეგვიპტიდან და რა დამართეთ ორ ამორელ მეფეს, იორდანეს გაღმა მყოფ სიხონსა და ყოგს, რომლებიც გაანადგურეთ.
- 11
მოვისმინეთ და შედრკა ჩვენი გული, აღარავის შერჩა მხნეობა, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, ღმერთია მაღლა ზეცაში და დაბლა დედამიწაზე.
- 12
ახლა გევედრებით, დამიფიცეთ უფალი, რომ როგორც მე მოგექეცით სიკეთით, მამაჩემის სახლეულსაც ისე მოექცევით სიკეთით და მომცემთ სარწმუნო ნიშანს.
- 13
იხსენით ჩემი დედ-მამა, ძმები, დები და ყველაფერი, რაც მათ აქვთ და დაგვიხსენით სიკვდილისგან”.
- 14
უთხრეს კაცებმა: "ჩვენი სიცოცხლე თქვენის სანაცვლოდ, თუ არ გააცხადებ ჩვენს ამბავს; სიკეთითა და ერთგულებით მოგექცევით, როცა მოგვცემს უფალი ამ ქვეყანას”.
- 15
და სარკმლიდან თოკით ჩაუშვა ისინი, რადგან გალავნის კედელში იყო მისი სახლი და გალავანზე ცხოვრობდა იგი;
- 16
უთხრა მათ: "მთაში წადით, რომ მდევარი არ შემოგხვდეთ და სამ დღეს იქ დაიმალეთ, ვიდრე გამობრუნდებოდნენ მდევრები, მერე კი წადით თქვენი გზით”.
- 17
უთხრეს კაცებმა: "თავისუფალნი ვიქნებით ამ ფიცისაგან, რითაც დაგვაფიცე,
- 18
თუ არ გამოაბავ მეწამულ თოკს იმ სარკმელს, რომლიდანაც ძირს ჩაგვიშვი, როცა შემოვალთ თქვენს ქვეყანაში; მამაშენი, დედაშენი, შენი ძმები და მამაშენის მთელი სახლეული შენთან შეკრიბე სახლში.
- 19
შენი სახლის კარიდან თითოეული გარეთ გამოსულის სისხლი მის თავზე იყოს, ჩვენ უბრალონი ვიქნებით. ხოლო ყოველი შენს სახლში მყოფის სისხლი ჩვენს თავზე იყოს, თუ ვინმემ შეახო ხელი.
- 20
თუ გათქვამ ამ ჩვენ საქმეს, მაშინ თავისუფალნი ვიქნებით შენი ფიცისგან, რომლითაც დაგვაფიცე”.
- 21
უპასუხა: "თქვენი სიტყვისამებრ იყოს!” გაუშვა და წავიდნენ ისინი, მან კი მეწამული თოკი გამოაბა სარკმელს.
- 22
წავიდნენ და მივიდნენ მთაში, დარჩნენ იქ სამ დღეს, ვიდრე გაბრუნდებოდნენ მდევრები. მთელ გზაზე ეძებეს მდევრებმა, მაგრამ ვერ იპოვეს.
- 23
და დაბრუნდა ეს ორი კაცი, ჩამოვიდნენ მთიდან, გავიდნენ გაღმა, მივიდნენ იეშუა ნავეს ძესთან და, ყველაფერი უამბეს რაც შეემთხვათ.
- 24
უთხრეს იეშუას: "ხელში ჩაგვიგდო უფალმა მთელი ქვეყანა; შეძრწუნებულნი არიან ქვეყნის მკვიდრნი ჩვენ წინაშე”.