იესო ნავეს ძე 18
- 1
შეიკრიბა ისრაელის ძეთა მთელი თემი შილოში და დადგეს იქ საკრებულო კარავი. დამორჩილებული იყო მათ წინაშე ქვეყანა.
- 2
და შვიდი ტომი დარჩა ისრაელიანებში, რომელთაც სამკვიდრო ჯერ არ ჰქონდათ მიღებული.
- 3
უთხრა იეშუამ ისრაელის ძეებს: "რაღას აყოვნებთ, რატომ არ მიდიხართ იმ მიწის დასამკვიდრებლად, რომელიც მოგცათ უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა?
- 4
გამოარჩიეთ სამ-სამი კაცი თითო ტომიდან და მე გავგზავნი მათ. ადგებიან და მოივლიან ქვეყანას, აღწერონ მათი სამკვიდროების მიხედვით და დაბრუნდნენ ჩემთან.
- 5
და დაანაწილებენ მას შვიდ ნაწილად; იუდა თავის საზღვარში დარჩეს სამხრეთით და იოსების სახლი თავის საზღვარში დარჩეს ჩრდილოეთით.
- 6
აღწერეთ ქვეყანა შვიდ ნაწილად და აღწერილი აქ მომიტანეთ; მე გიყრით წილს აქ, უფლის, ჩვენი ღმერთის წინაშე.
- 7
ლევიანებს არ აქვთ წილი თქვენ შორის, რადგან უფლის მღვდლობაა მათი სამკვიდრო; გადმა, რეუბენმა და მენაშეს ნახევარმა ტომმა იორდანეს გაღმა, აღმოსავლეთით მიიღეს თავისი სამკვიდრო, რომელიც მისცა მათ მოსემ, უფლის მსახურმა”.
- 8
ადგნენ და წავიდნენ კაცები. და უბრძანა იეშუამ წარგზავნილებს, რომ აღეწერათ ქვეყანა: "წადით, მოიარეთ ქვეყანა, აღწერეთ იგი და დაბრუნდით ჩემთან. აქ, შილოში, გიყრით წილს უფლის წინაშე”.
- 9
წავიდნენ კაცები, მოიარეს ქვეყანა, შვიდ ნაწილად აღწერეს იგი წიგნში ქალაქების მიხედვით და დაბრუნდნენ იეშუასთან, შილოს ბანაკში.
- 10
წილი ყარა მათთვის იეშუამ შილოში, უფლის წინაშე და იქ დაუნაწილა იეშუამ ისრაელის ძეებს მიწა ნაკვეთებად.
- 11
ეყარა წილი ბენიამინის ძეთა ტომს მათი საგვარეულოების მიხედვით და წილისყრის მიხედვით იუდასა და იოსების ძეთა შორის გაიარა მათმა საზღვარმა.
- 12
იორდანეს ჩრდილოეთიდან იწყება მათი საზღვარი, ადის იერიხოს ჩრდილოეთით, მიიწევს დასავლეთით მთისკენ და ბეთ-ავენის უდაბნოში მთავრდება.
- 13
გადის სამხრეთით ლუზისკენ იგივე ბეთელისკენ და ყატაროთ-ადარისკენ ეშვება, მთაზე, რომელიც ქვემო ბეთ-ხორონის სამხრეთითაა.
- 14
დასავლეთისკენ უხვევს საზღვარი, მთის სამხრეთით, რომელიც ბეთ-ხორონის წინაა და კირიათ-იეყარიმთან, იუდას ძეთა ქალაქთან მთავრდება. ეს იყო დასავლეთის მხარე.
- 15
სამხრეთის მხარე: კირიათ-იეყარიმთან საზღვარი ზღვისკენ გადიოდა და ნეფთოახის წყაროებამდე აღწევდა,
- 16
ჩამოდის საზღვარი მთის კიდისკენ, რომელიც ბენ-ჰინომის ველის გასწვრივაა, რეფაიმის ველის ჩრდილოეთით, ჰინომის ველისკენ ეშვება და იებუსელთა სამხრეთით, ყენ-როგელში ჩადის.
- 17
უხვევს ჩრდილოეთიდან და ყენ-შემეშისკენ გამოდის, ადუმიმის მაღლობის პირისპირ გელილოთისკენ მიემართება და რეუბენის ძის, ბოჰანის ქვასთან ეშვება.
- 18
ჩრდილოეთის მხრიდან მოუვლის ყარაბას და ეშვება ყარაბაში.
- 19
შემდეგ საზღვარი ბეთ-ხოგლასთან ჩრდილოეთისკენ გაივლის და მარილოვანი ზღვის ჩრდილოეთ ყურესთან ბოლოვდება, იორდანეს სამხრეთ ნაპირზე. ეს არის სამხრეთის საზღვარი.
- 20
იორდანე აღმოსავლეთიდან ესაზღვრებოდა. აი, ბენიამინის ძეთა სამკვიდრო, მისი საზღვრებით, მათი საგვარეულოების მიხედვით.
- 21
ბენიამინის ძეთა ტომის ქალაქები მათი საგვარეულოების მიხედვით იყო: იერიხო, ბეთ-ხოგლა და ყემეკ-კეციცი;
- 22
ბეთ-ყარაბა, ცემარაიმი, ბეთელი;
- 23
ყავიმი, ფარა, ყოფრა;
- 24
ქეფარ-ყამონაი, ყოფნი, გებაყი - თორმეტი ქალაქი მათი სოფლებითურთ.
- 25
გაბაონი, რამა, ბეეროთი;
- 26
მიცფე, ქეფირა, მოცა;
- 27
რეკემი, ირფეყელი, თარეალა;
- 28
ცელაყი, ელეფი, იებუსი ანუ იერუსალიმი, გიბყათი, კირიათი - სულ თოთხმეტი ქალაქი, თავისი სოფლებიანად. ეს იყო ბენიამინის ძეთა სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით.