მეორე რჯული 34
- 1
და ავიდა მოსე მოაბის ველიდან ნებოს მთაზე, ფისგას მწვერვალზე, რომელიც იერიხოს პირდაპირაა და უჩვენა მას უფალმა გილყადის მთელი ქვეყანა დანამდე;
- 2
ნაფთალის მთელი ქვეყანა, ეფრემისა და მენაშეს ქვეყანა და იუდას მთელი ქვეყანა, ზღვის დასასრულამდე;
- 3
ნეგები და იერიხოს ველის ტაფობი - პალმების ქალაქი, ცოყარამდე.
- 4
უთხრა მას უფალმა: "ეს არის ქვეყანა, რომელიც შევფიცე აბრაჰამს, ისაკსა და იაკობს, შენს შთამომავლობას მივცემ-მეთქი მას. შენი თვალით დაგანახე, მაგრამ ვერ შეხვალ მასში”.
- 5
და მოკვდა მოსე, მსახური უფლისა, მოაბის ქვეყანაში, უფლის სიტყვისამებრ.
- 6
და დამარხა იგი უფალმა მოაბის ქვეყნის ველზე, ბეთ-ფეღორის პირდაპირ, მაგრამ დღემდე არავინ იცის მისი სამარხი.
- 7
ას ოცი წლის იყო მოსე, როცა გარდაიცვალა; თვალთ არ დაჰკლებია და ღონე არ გამოსცლია.
- 8
ოცდაათი დღე იგლოვეს მოსე ისრაელის ძეებმა მოაბის ველებზე და დაასრულეს მისთვის გლოვა და ტირილი.
- 9
და აღივსო სიბრძნის სულით იეშუა ნავეს ძე, ვინაიდან ხელი დაასხა მას მოსემ და უსმენდნენ მას ისრაელის ძენი და აღასრულეს, რაც უბრძანა უფალმა მოსეს.
- 10
აღარ აღმდგარა ისრაელში მოსეს მსგავსი წინასწარმეტყველი, რომელსაც პირისპირ იცნობდა უფალი,
- 11
ყველა იმ ნიშნითა და სასწაულით, რომელთა მოსახდენადაც გააგზავნა იგი უფალმა ეგვიპტელთა ქვეყანაში - ფარაონზე, მის მსახურებსა და მთელ მის ქვეყანაზე,
- 12
ძლიერი ხელით და ყოველი დიდი სასწაულით, რომელიც მთელი ისრაელის თვალწინ მოიმოქმედა მოსემ.