მეორე რჯული 33
- 1
ეს არის კურთხევა, რომლითაც აკურთხა მოსემ, ღვთისკაცმა, ისრაელის ძენი სიკვდილის წინ.
- 2
თქვა: "უფალი მოვიდა სინაიდან და სეყირიდან ამობრწყინდა მათთვის, ფარანის მთიდან ამოანათა და მოვიდა ათი ათასობით წმიდანით; მარჯვნივ რჯულის მოელვარე ცეცხლი ჰქონდა მათთვის.
- 3
დიახ, უყვარს ხალხები; მათი ყოველი წმიდა კაცი შენს ხელშია, ფეხდაფეხ დაგყვებიან და ღებულობენ შენს სიტყვას.
- 4
რჯული გვიბრძანა მოსემ, იაკობის კრებულის მემკვიდრეობა.
- 5
ის იყო მეფე იეშურუნში, როცა შეიკრიბნენ ხალხის თავკაცნი, ისრაელის ტომებთან ერთად.
- 6
იცოცხლოს რეუბენმა და არ მოკვდეს. ნუ იქნება მისი ხალხი მცირერიცხოვანი!”
- 7
ეს თქვა იუდაზე: "ისმინე, უფალო, იუდას ხმა და თავის ხალხთან მიიყვანე იგი; საკუთარი ხელებით იბრძოლოს თავისთვის და მტერთაგან დამხმარედ შენ ეყოლები”.
- 8
ლევის შესახებ თქვა: "იყოს შენი თუმიმი და ურიმი შენს წმიდა კაცთან, რომელიც გამოსცადე მასაში და ედავებოდი მერიბას წყლებთან.
- 9
რომელმაც თქვა: არ ვუყურებო ჩემს დედ-მამას; არ აღიარებს თავის ძმებს და არ ცნობს შვილებს; რაკი შეასრულეს ლევიანებმა შენი ნათქვამი და შეინახეს შენი აღთქმა,
- 10
ასწავლონ შენი სამართალი იაკობს და შენი რჯული ისრაელს; დადებენ საკმეველს შენს წინაშე და სრულადდასაწველს შენს სამსხვერპლოზე.
- 11
აკურთხე, უფალო, მისი ძალა და მიიღე მისი ხელის ნამოქმედარი; მოსწყვიტე წელი მის წინააღმდეგ აღმდგართ და ფეხზე ვეღარ ადგნენ მისი მოძულენი”.
- 12
ბენიამინის შესახებ თქვა: "უფლის მიერ სიმშვიდეში დამკვიდრებულა უფლის მიერ შეყვარებული, დღენიადაგ მფარველობს მას და უფალი მკვიდრობს მის მხრებს შორის.
- 13
იოსების შესახებ თქვა: "უფლის მიერ იყოს კურთხეული მისი ქვეყანა, ცის ძვირფასი ცვარითა და უფსკრულის ღრმა მდინარეებით,
- 14
მზისგან მომადლებული მოსავლითა და მთვარისგან მომადლებული ნაყოფით,
- 15
უძველესი მთების საუკეთესო ნაყოფებითა და მარადიული მწვერვალების ნარჩევი დოვლათით,
- 16
მიწის სიმდიდრითა და სისავსით. მადლი ჰპოვოს მაყვლოვანში დავანებულისგან; და გადმოვიდეს ეს კურთხევები იოსების თავზე და ძმათა შორის გამორჩეულის თხემზე.
- 17
პირველმონაგები ხარის ბრწყინვალება აქვს, მარტორქის რქაა მისი რქები, ერთიანად ურქენს ყველა ხალხს ქვეყნის კიდეებამდე; ესენია ათი ათასები ეფრემისა და ათასეულნი მენაშესი”.
- 18
ზებულონზე თქვა: "იხარე, ზებულონ, შენი გამოსვლისას და, ისაქარ, შენს კარვებში.
- 19
დაუძახებენ ხალხებს მთაზე, იქ შესწირავენ სიმართლის შესაწირს, რადგან ისინი გამოწოვენ ზღვის სიუხვეს და ქვიშაში ჩაფლულ საგანძურებს”.
- 20
გადის შესახებ თქვა: "კურთხეულია გადის განმვრცობი. ლომივით დავანებულა და გლეჯს მკლავსა და თხემს.
- 21
ქვეყნის საუკეთესო ნაწილი შეარჩია, რადგან იქ არის შენახული რჯულმდებლის წილი; მოვიდა იგი ერის მთავრებთან ერთად და აღასრულა უფლის სამართალი და დადგენილებები ისრაელთან”.
- 22
დანის შესახებ თქვა: "ლომის ბოკვერია დანი, ბაშანიდან მხტომარე”.
- 23
ნაფთალზე თქვა: "ნაფთალი უფლის კეთილგანწყობითაა მაძღარი და მისი კურთხევითაა სავსე; დაიმკვიდრებს ზღვასა და სამხრეთს”.
- 24
აშერის შესახებ თქვა: "კურთხეული იყოს ძეთა შორის აშერი; სასურველი იქნება თავისი ძმებისთვის და ზეთში ჩადგამს ფეხს.
- 25
რკინა და სპილენძია შენი ურდულები; გაგიმრავლდება როგორც დღეები, ისე ძალა შენი.
- 26
არავინ არის იეშურუნის ღმერთის მსგავსი, ცაზეა ამხედრებული შენს შემწედ და ღრუბლებში - თავისი დიდებით.
- 27
შენი თავშესაფარია საუკუნო ღმერთი და ქვემოდანაა მისი მარადიული მკლავები; დევნის მტერს შენგან და თქვა: გაანადგურე!
- 28
მარტო ბინადრობს უსაფრთხოდ ისრაელი, თვალი იაკობისა მარცვლეულისა და ღვინის მიწაზე და ცანი მისი ნამს აწვეთებენ.
- 29
ნეტარი ხარ, ისრაელ! ვინ შეგედრება? ხალხი, გადარჩენილი უფლის მიერ, რომელიც შენი შეწევნის ფარია და შენი დიდების მახვილი! იმედი გაუცრუვდებათ შენს მტრებს შენს წინაშე და გათელავ მათ სიმაღლეებს”.