მეორე რჯული 19
- 1
"როცა მოსპობს უფალი, შენი ღმერთი, ხალხებს, რომელთა ქვეყანასაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, განდევნი მათ და დასახლდები მათ ქალაქებსა და მათ სახლებში,
- 2
გამოყავი სამი ქალაქი შენს ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი დასამკვიდრებლად.
- 3
მოიწყვე გზა და სამ ნაწილად გაყავი შენი ქვეყანა, რომელსაც გიწილადებს უფალი, შენი ღმერთი; იქ შეაფაროს თავი ყოველმა მკვლელმა.
- 4
ესაა წესი მკვლელისა, რომელმაც უნდა შეაფაროს იქ თავი, რათა იცოცხლოს: ვისაც უნებურად შემოაკვდება თავისი მოყვასი, ისე, რომ არ სძულებია იგი არც გუშინ და არც გუშინწინ;
- 5
წავა თავის მოყვასთან ერთად ტყეში შეშის მოსაჭრელად, ცულს მოიქნევს ხის წასაქცევად, გასძვრება ტარს რკინა, მოხვდება მოყვასს და მოკლავს; გაიქცეს ეს კაცი ერთ ამ ქალაქთაგანში და იცოცხლოს.
- 6
რომ ცხელ გულზე არ დაედევნოს მკვლელს მესისხლე, არ დაეწიოს, რადგან დიდია გზა, და არ მოკლას; ის კი არ იმსახურებს სიკვდილს, არ სძულებია იგი არც გუშინ და არც გუშინწინ.
- 7
ამიტომ გიბრძანებ: გამოყავი სამი ქალაქი.
- 8
როცა გააფართოვებს უფალი, შენი ღმერთი, შენს საზღვრებს, როგორც შეჰფიცა შენს მამებს და მოგცემს მთელ ქვეყანას, რომლის მიცემაც აღუთქვა შენს მამებს,
- 9
თუ დაიცავ ყველა ამ მცნებას და შეასრულებ, რომელსაც გიბრძანებ დღეს, რათა გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, და ყოველთვის მის გზაზე დადიოდე, მაშინ ამ სამს კიდევ მიუმატე სამი ქალაქი.
- 10
ნუ დაიღვრება უდანაშაულო სისხლი შენს ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი სამკვიდრებლად და ნუ იქნება შენზე სისხლი.
- 11
მაგრამ თუ კაცს სძულს თავისი მოყვასი, მტრობს მას, აღდგება მის წინააღმდეგ, დაჰკრავს სასიკვდილოდ, მოკლავს მას და გაიქცევა ერთ ამ ქალაქთაგანში,
- 12
მიავლინონ მისი ქალაქის უხუცესებმა და მოაყვანინონ იქიდან, გადასცენ იგი მესისხლის ხელს და მოკვდეს იგი.
- 13
სიბრალულით ნუ შეხედავ მას, ჩამობანე უდანაშაულო სისხლი ისრაელს და კარგი იქნება შენთვის.
- 14
არ გადაწიო შენი მოყვასის მიჯნა, წინაპრებმა რომ გამიჯნეს შენს სამკვიდრებელში, რომელიც დაიმკვიდრე ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.
- 15
ერთი მოწმე ვერ წარდგება ვინმეს წინააღმდეგ რაიმე დანაშაულში ან შეცოდებაში, რომლითაც შესცოდავს: ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს საქმე.
- 16
თუ გამოვა ცრუ მოწმე ვინმეს წინააღმდეგ და ბრალს დასწამებს მას,
- 17
წარდგეს ეს ორი მოდავე კაცი უფლის წინაშე, მღვდლებისა და მსაჯულების წინაშე, რომლებიც იმ დღეებში იქნებიან;
- 18
კარგად გამოიძიონ მსაჯულებმა და თუ ცრუა ეს მოწმე და ცილი დასწამა თავის ძმას,
- 19
ისე მოექეცი მას, როგორც თავად სურდა რომ მოქცეოდა თავის ძმას; ასე აღმოფხვერი ბოროტება შენი წიაღიდან.
- 20
მოისმენენ დანარჩენები, შეშინდებიან და აღარ ჩაიდენენ ამ ბოროტებას შენს წიაღში.
- 21
ნუ შეიბრალებს მას შენი თვალი: სიცოცხლე სიცოცხლის წილ, თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ხელი ხელის წილ, ფეხი ფეხის წილ.