მეორე რჯული 18
- 1
"არ ექნებათ წილი და სამკვიდრო ისრაელში ლევიან მღვდლებსა და ლევის მთელ ტომს, არამედ უფლის საცეცხლო შესაწირთა და მისი წილისგან ჭამონ.
- 2
სამკვიდრებელი წილი არ ექნებათ მათ თავიანთ ძმათა შორის: თვით უფალია მათი სამკვიდრებელი, როგორც ნაუწყები აქვთ მისგან.
- 3
ეს იყოს დაწესებული მღვდელთათვის ხალხისგან, ხარისა და კრავის შემწირველთაგან: თითოეულმა მისცეს მღვდელს ბეჭი, ყბა და შიგნეულობა,
- 4
პირველნაყოფი მარცვლეული, ღვინო და ზეთი; პირველმონაგები ცხვრის ნაპარსიც მას მიეცი,
- 5
რადგან ის ამოირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, ყველა შენი ტომისგან, რათა იდგნენ უფლის სახელით სამსახურში ის და მისი ძენი სამუდამოდ.
- 6
თუ ისრაელის რომელიმე მხრიდან, სადაც ცხოვრობს, თავისი სურვილით მოვა ლევიანი იმ ადგილზე, რომელსაც ამოირჩევს უფალი,
- 7
და იმსახურებს უფლის, თავისი ღმერთის სახელით, როგორც ყველა მისი ძმა ლევიანი, რომელიც დგას იქ უფლის წინაშე.
- 8
თანაბარი წილი ჰქონდეთ ყველაფერში, გარდა მათი გასაყიდი მამისეული ქონებისა.
- 9
როცა მიხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, ნუ გაიმეორებ იმ ხალხთა სისაძაგლეებს.
- 10
არ იყოს შენს შორის თავისი ძისა და ასულის ცეცხლში გამტარებელი, არც ჯადოქარი, არც მისანი, არც მარჩიელი, არც გრძნეული,
- 11
არც მომჯადოვებელი, არც სულთა და არც მკვდართა გამომკითხველი,
- 12
ვინაიდან საზიზღარია უფლის წინაშე ყოველივე ამის მოქმედი; ამ სისაძაგლეთა გამო სდევნის მათ შენგან უფალი, შენი ღმერთი.
- 13
უბიწო იყავი უფლის, შენი ღმერთის წინაშე,
- 14
რადგან ეს ხალხები, რომლებსაც იპყრობთ, მისნებსა და ჯადოქრებს უსმენენ, შენ კი ეს არ მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა.
- 15
და წინასწარმეტყველს აღადგენს შენგან, შენს ძმათაგან, ჩემს მსგავსად აღადგენს უფალი, თქვენი ღმერთი; მას უსმინეთ;
- 16
ვინაიდან ასე ითხოვეთ უფლისგან, თქვენი ღმერთისგან ხორებთან შეკრების დღეს: მეტად ნუღარ გავიგონებთო უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას, და ნუღარ ვიხილავთო ამ დიდ ცეცხლს, რათა არ დავიხოცოთ.
- 17
მითხრა უფალმა: "კარგია ის, რაც თქვეს.
- 18
გამოვუყვან მათ თავის ძმათაგან წინასწარმეტყველს შენს მსგავსად, ჩემს სიტყვას ჩავუდებ პირში და ყველაფერს გამოუცხადებს მათ, რასაც ვუბრძანებ.
- 19
ის, ვინც არ შეისმენს სიტყვებს, რომელთაც ჩემი სახელით ილაპარაკებს იგი, მე თვითონ მოვკითხავ მას.
- 20
მაგრამ წინასწარმეტყველი, რომელიც გათავხედდება და ჩემი სახელით ილაპარაკებს იმას, რაც მე არ მიბრძანებია მისთვის ან სხვა ღმერთების სახელით ალაპარაკდება, უნდა მოკვდეს”.
- 21
თუ იტყვი გულში: როგორ გავიგო, რომელი სიტყვა არ მოდისო უფლისგან?
- 22
თუ უფლის სახელით ილაპარაკებს წინასწარმეტყველი, მაგრამ არ ასრულდება სიტყვა და არ ახდება, მაშინ არ ყოფილა ეს სიტყვა უფლის ნათქვამი; თვითნებურად ილაპარაკა წინასწარმეტყველმა. ნუ გეშინიათ მისი.