რიცხვნი 9
- 1
ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსვლის მეორე წლის პირველ თვეს ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის უდაბნოში:
- 2
"დაე, აღასრულონ ისრაელის ძეთ პასექი მისთვის დანიშნულ დროს.
- 3
ამ თვის მეთოთხმეტე დღეს, მწუხრის ჟამს, მისთვის დანიშნულ დროს, ყოველი მისი დადგენილებისა და წესისამებრ აღასრულეთ იგი”.
- 4
უთხრა მოსემ ისრაელიანებს პასექის აღსრულების შესახებ
- 5
და აღასრულეს პასექი, პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს, მწუხრის ჟამს, სინაის უდაბნოში; ყოველივე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე აღასრულეს ისრაელიანებმა.
- 6
და იყვნენ კაცები, რომლებიც ადამიანის გვამთან შეხებით გაუწმიდურდნენ და არ შეეძლოთ პასექის იმ დღეს აღსრულება; და მიეახლნენ ისინი მოსეს და აჰარონს
- 7
და უთხრეს: "გავუწმიდურდით ადამიანის გვამთან შეხებით, ამიტომ, მოვაკლდით დანიშნულ დროს უფლისთვის მსხვერპლშეწირვას, ისრაელის ძეთა შორის”.
- 8
უპასუხა მათ მოსემ: "მაცალეთ, მოვისმენ, რას ბრძანებს უფალი”.
- 9
თქვა უფალმა:
- 10
"უთხარი ისრაელის ძეთ: თუ ვინმე თქვენგანი მიცვალებულთან შეხებით გაუწმიდურდება ან შორეულ გზაზე იქნება, თქვენში თუ თქვენს შთამომავლობაში, აღასრულოს მან პასექი უფლისთვის,
- 11
მეორე თვის მეთოთხმეტე დღეს, მწუხრის ჟამს აღასრულოს იგი, ხმიადით და მწარე მწვანილით ჭამონ.
- 12
არ დატოვონ მისგან არაფერი განთიადამდე და ძვლები მისი არ დაამტვრიონ: დადგენილებისამებრ აღასრულონ პასექი.
- 13
ხოლო კაცი, რომელიც სუფთაა, გზაზე არ იმყოფება და არ აღასრულებს პასექს, მოისპოს იგი თავისი ხალხისგან, რადგან თავის დროზე არ მიიტანა უფლის შესაწირი; ცოდვას იტვირთავს ასეთი კაცი.
- 14
თუ ხიზანი იცხოვრებს თქვენთან და აღასრულებს პასექს უფლისთვის დადგენილებისა და წესისამებრ უნდა აღასრულოს. ერთი წესი იყოს ხიზნისთვისაც და ქვეყნის მკვიდრთათვისაც”.
- 15
სავანის აღმართვის დღეს, ღრუბელმა დაფარა იგი, მოწმობის კარავი. საღამოდან განთიადამდე ცეცხლივით გამოიყურებოდა სავანის თავზე მდგარი ღრუბელი.
- 16
მუდმივად ასე იყო: ღრუბელი ფარავდა მას, თუმცა ღამით ცეცხლივით გამოიყურებოდა.
- 17
და როცა აიწეოდა კარვიდან ღრუბელი, მაშინ დაიძრებოდნენ გზად ისრაელის ძენი და იქ ბანაკდებოდნენ, სადაც გაჩერდებოდა ღრუბელი.
- 18
უფლის ბრძანებით დაიძრებოდნენ ხოლმე ისრაელის ძენი და უფლის ბრძანებით დაბანაკდებოდნენ და მანამდე ჩერდებოდნენ, სანამ ღრუბელი იდგა სავანის თავზე.
- 19
თუ დიდხანს, მრავალი დღე ყოვნდებოდა ღრუბელი სავანეზე, იცავდნენ უფლის განკარგულებას ისრაელის ძენი და არ იძროდნენ.
- 20
ზოგჯერ, როცა რამდენიმე დღე ყოვნდებოდა ღრუბელი სავანეზე, უფლის ბრძანებით რჩებოდნენ და უფლის ბრძანებით დაიძრებოდნენ ხოლმე ისინი.
- 21
ხანდახან საღამოდან დილამდე აყოვნებდა ღრუბელი და როცა დილით აიწევდა, ისინიც დაიძრებოდნენ; დღისით იყო თუ ღამით, როცა აიწევდა ღრუბელი, მხოლოდ მაშინ დაიძრებოდნენ ხოლმე.
- 22
და თუ დღეები ან თვე, ან მთელი წელი აყოვნებდა ღრუბელი სავანეზე, იდგნენ ისრაელიანნი და არ იძროდნენ. ხოლო, როცა ამაღლდებოდა, ისინიც დაიძრებოდნენ.
- 23
უფლის ბრძანებით ბანაკდებოდნენ და უფლის ბრძანებით იძროდნენ: იცავდნენ უფლის განკარგულებებს, უფლის დავალებისამებრ, მოსეს მეშვეობით.