რიცხვნი 10
- 1
უთხრა უფალმა მოსეს:
- 2
"გააკეთე ნაჭედი ვერცხლის ორი საყვირი, თემის შესაკრებად და ბანაკთა ასაყრელად გქონდეს ისინი.
- 3
როდესაც ჩაჰბერავენ მათ, საკრებულო კარვის შესასვლელთან შეიკრიბება მთელი თემი,
- 4
თუ ერთ ბუკს ჩაჰბერავენ, შენთან შეიკრიბებიან მთავარნი, თავკაცნი და ისრაელის ათასისთავნი.
- 5
როდესაც საგანგაშოს ჩაჰბერავენ, დაიძრებიან ბანაკები, რომლებიც აღმოსავლეთით არიან დაბანაკებულნი.
- 6
როდესაც მეორედ ჩაჰბერავენ საგანგაშოს, დაიძვრებიან ბანაკები, რომლებიც სამხრეთით ბანაკობენ; საგანგაშო ჩაჰბერონ მათი დაძვრისთვის.
- 7
თემის შესაკრებადაც ჩაჰბერეთ, ოღონდ არა საგანგაშო.
- 8
აჰარონის ძეებმა, მღვდლებმა, უნდა ჩაჰბერონ ბუკებს; და იქნება ეს მარადიულ წესად თქვენთვის თაობიდან თაობამდე.
- 9
როცა თქვენსავე ქვეყანაში გახვალთ საბრძოლველად მტრის წინააღმდეგ, რომელიც გავიწროებთ, მაშინ ჩაჰბერეთ ბუკებს საგანგაშო; რათა იყოთ გახსენებულნი უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე და დახსნილნი თქვენი მტრებისგან.
- 10
თქვენი სიხარულის დღეს, დღესასწაულებზე და ყოველი თვის დასაწყისში, ჩაჰბერეთ ბუკებს თქვენს სრულადდასაწველებზე და თქვენს სამშვიდობო შესაწირებზე; იქნება ეს თქვენთვის სამახსოვროდ თქვენი ღმერთის წინაშე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი”.
- 11
მეორე წლის მეორე თვეს, თვის მეოცე დღეს აიწია ღრუბელი მოწმობის კარვიდან.
- 12
დაიძრნენ ისრაელის ძენი სინაის უდაბნოდან; და შეჩერდა ღრუბელი ფარანის უდაბნოში.
- 13
დაიძრნენ პირველად, მოსეს მეშვეობით გადაცემული უფლის ბრძანებით.
- 14
პირველი დაიძრა იუდას ძეთა ბანაკის დროშა თავისი ლაშქრით, მისი მეთაური იყო ნახშონი, ყამინადაბის ძე.
- 15
ისაქარის ძეთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო ნათანელი, ცუყარის ძე.
- 16
ზებულონის ძეთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო ელიაბი, ხელონის ძე.
- 17
დაშალეს სავანე და ამის მერე დაიძრნენ გერშონისა და მერარის ძენი, სავანის მზიდველნი.
- 18
დაიძრა რეუბენის ბანაკის დროშა თავისი ლაშქრით, მისი ლაშქრის მეთაური იყო ელიცური, შედეურის ძე.
- 19
სიმონის ძეთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო შელუმიელი, ცურიშადაის ძე.
- 20
გადის ძეთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო ელიასაფი, რეღუელის ძე.
- 21
შემდეგ დაიძრნენ კეჰათელები, საწმიდრის მზიდველნი; რათა სავანე მათ მისვლამდე ყოფილიყო აღმართული.
- 22
დაიძრა ეფრემის ძეთა ბანაკის დროშა თავისი ლაშქრით, ლაშქრის მეთაური იყო ელიშამაყი, ყამიჰუდის ძე.
- 23
მენაშეს ძეთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო გამალიელი, ფედაცურის ძე.
- 24
ბენიამინის ტომის ლაშქრის მეთაური იყო აბიდანი, გედეონის ძე.
- 25
შემდეგ დანის ძეთა ბანაკის დროშა დაიძრა, თავისი ლაშქრით - ეს ბანაკი ყოველთვის ზურგს ამაგრებდა, მისი ლაშქრის მეთაური იყო ახიყეზერი, ყამიშადაის ძე.
- 26
აშერის ტომის ლაშქრის მეთაური იყო ფაგეყიელი, ყაქრანის ძე.
- 27
ნაფთალის ძეთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო ახირაყ ყენანის ძე.
- 28
ასეთი იყო ისრაელიანთა ლაშქართა წყობა, როცა დაიძრებოდნენ ხოლმე.
- 29
უთხრა მოსემ ხობაბს, მოსეს სიმამრის, მიდიანელი რეღუელის ძეს: "ჩვენ იმ ადგილისკენ მივემგზავრებით, რომელიც უფალმა აღგვითქვა მოსაცემად. წამოგვყევი და სიკეთეს გწევთ, რადგან სიკეთეს შეპირდა უფალი ისრაელს”.
- 30
უპასუხა: "არ წამოვალ, ჩემს ქვეყანაში, ჩემს სამშობლოში დავბრუნდები”.
- 31
უთხრა მოსემ: "ნუ მიგვატოვებ, ვინაიდან იცი შენ, როგორ უნდა დავიბანაკოთ უდაბნოში და თვალი იქნები ჩვენთვის.
- 32
თუ გამოგვყვები, რა სიკეთესაც მოგვმადლებს უფალი, იმავე სიკეთეს შენც გაგიზიარებთ”.
- 33
დაიძრნენ უფლის მთიდან სამი დღის სავალ გზაზე და მათ წინაშე სამი დღის სავალ გზაზე მიდიოდა უფლის აღთქმის კიდობანი, რათა დასასვენებელი ადგილი აღმოეჩინა მათთვის.
- 34
ფარავდა მათ დღისით უფლის ღრუბელი, ბანაკიდან მათი დაძვრისას.
- 35
როცა დაიძრებოდა კიდობანი, იტყოდა მოსე: "აღსდექ, უფალო, და გაიფანტებიან შენი მტრები და გაიქცევიან შენი მოძულენი შენი პირისგან”.
- 36
როცა ჩერდებოდა კიდობანი, იტყოდა: "დაბრუნდი, უფალო, ისრაელთა მრავალ ათასეულთან”.