რიცხვნი 6
- 1
უთხრა უფალმა მოსეს:
- 2
"განუცხადე ისრაელის შვილებს და უთხარი: თუ კაცმა ან ქალმა, მოწმიდარობის აღთქმა დადო, რათა უფალს მიუძღვნას თავი,
- 3
ღვინისგან და მაგარი სასმელებისგან თავი უნდა შეიკავოს; ღვინო და მაგარი სასმელის ძმარი არ იხმაროს, ყურძნის არავითარი ნაყენი არ სვას, ახალი და გამხმარი ყურძენი არ ჭამოს.
- 4
თავისი მოწმიდარობის აღთქმის მთელ დროს არაფერი ჭამოს, რაც ყურძნისგან მზადდება, წიპწიდან ჩენჩომდე.
- 5
არ შეეხოს მის თავს სამართებელი თავისი მოწმიდარობის მთელ დროს; ვიდრე შესრულდებოდეს დღენი, რომლებიც შესწირა უფალს, წმიდა იყოს იგი, თმა მოუშვას თავზე.
- 6
არ მიუახლოვდეს მკვდარს თავისი მოწმიდარობის მთელ დროს:
- 7
არ უნდა გაუწმიდურდეს მამის, დედის, ძმის ან დის გამო, მათი გარდაცვალების დროს, რადგან მისი ღმერთის მოწმიდარობაა მის თავზე.
- 8
წმიდაა იგი უფლისთვის, მისი მოწმიდარობის მთელ დროს.
- 9
ხოლო თუ მოულოდნელად მოკვდება ვინმე მის გვერდით და შეიბილწება მოწმიდარობის თავი, მაშინ მოიპარსოს თავი განწმენდის დღეს, მეშვიდე დღეს მოიპარსოს.
- 10
მიიტანოს მერვე დღეს ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი მღვდელთან, საკრებულო კარვის შესასვლელთან.
- 11
მოამზადებს მღვდელი ერთს ცოდვის მსხვერპლად, ხოლო მეორეს - სრულადდასაწველად და გამოისყიდის მკვდრის შეხების ცოდვისგან და იმავე დღეს განწმენდს მის თავს.
- 12
განუახლოს უფალს თავისი მოწმიდარობის დღეები და მიიტანოს ერთწლიანი კრავი დანაშაულისათვის; და გაუქმდება წინა დღეები, რადგან შეიბილწა მისი მოწმიდარობა.
- 13
ესაა რჯული მოწმიდარობისა: მისი მოწმიდარობის დღეების შესრულებისას, მიიყვანონ საკრებულო კარვის შესასვლელთან,
- 14
და შესწირავს იგი თავის მსხვერპლს უფალს: ერთწლიან უნაკლო კრავს სრულადდასაწველად, ერთწლიან უნაკლო დედალ ცხვარს ცოდვის მსხვერპლად და ერთ უნაკლო ვერძს - სამშვიდობო შესაწირად;
- 15
ერთ კალათა გამტკიცული ფქვილის ხმიადებს, ზეთში მოზელილ ნამცხვრებს და ზეთნაცხებ უსაფუარო კვერებს, პურეულ და საღვრელ შესაწირს.
- 16
მიიტანს ამას მღვდელი უფლის წინაშე და შესწირავს მის ცოდვის მსხვერპლს და სრულადდასაწველს.
- 17
ხმიადების კალათასთან ერთად ვერძს შესწირავს უფალს სამშვიდობო შესაწირად; და შესწირავს მღვდელი პურეულის ძღვენსა და საღვრელსაც.
- 18
გაიპარსავს მოწმიდარი კარვის შესასვლელთან თავისი მოწმიდარობის თავს, აიღებს თავისი მოწმიდარობის თავის თმას და ცეცხლზე დადებს, რომელიც სამშვიდობო შესაწირის ქვეშაა.
- 19
აიღებს მღვდელი ვერძის ბეჭს, ერთ უფუარ კვერს კალათიდან, ერთ უფუარ ნამცხვარს და დაუდებს მოწმიდარს ხელის გულებზე, მას შემდეგ, რაც გაიპარსავს იგი თავისი მოწმიდარობის თავს.
- 20
და შეარხევს მათ მღვდელი უფლის წინაშე შერხევით: წმიდაა იგი მღვდლისთვის, გარდა შესარხევი მკერდისა და აღსამართი ბეჭისა; ამის შემდეგ სვას მოწმიდარმა ღვინო.
- 21
ესაა რჯული მოწმიდარისა, რომელმაც აღთქმა დადო და მისი მოწმიდარობის შესაწირი. იმის გარდა, რაზეც ხელი მიუწვდება; თავისი აღთქმისამებრ, რაც აღუთქვა, ისე გააკეთოს, მოწმიდარობის რჯულისამებრ”.
- 22
უთხრა უფალმა მოსეს:
- 23
"უთხარი აჰარონს და მის ძეებს: ასე დალოცეთ ისრაელის ძენი და უთხარით მათ:
- 24
უფალმა გაკურთხოს და დაგიცვას!
- 25
უფალმა მოგანათოს თავისი სახის შუქი და შეგიწყალოს.
- 26
უფალმა მოგხედოს თავისი სახით და მშვიდობა მოგცეს!
- 27
მოუხმობ ჩემს სახელს ისრაელის ძეებზე და მე ვაკურთხებ მათ”.