რიცხვნი 3
- 1
ასეთია აჰარონისა და მოსეს შთამომავლობა იმ დღისთვის, უფალი რომ ელაპარაკა მოსეს სინაის მთაზე.
- 2
ესენია აჰარონის ძეთა სახელები: პირმშო ნადაბი და აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი.
- 3
ესაა აჰარონის ძეთა სახელები, ცხებული მღვდლებისა, რომლებიც დაადგინა მსახურებისთვის.
- 4
დაიხოცნენ ნადაბი და აბიჰუ უფლის წინაშე, როცა სინაის უდაბნოში, უცხო ცეცხლი მიიტანეს უფლის წინაშე, შვილები კი არ ჰყავდათ მათ; და მსახურებდნენ ელეაზარი და ითამარი აჰარონის, მათი მამის სიცოცხლეში.
- 5
უთხრა უფალმა მოსეს:
- 6
"დაუახლოვე ლევის ტომი აჰარონ მღვდელს და დაადგინე მის წინაშე, რათა ემსახურონ.
- 7
ისინი აასრულებენ მოვალეობას აჰარონისა და მთელი თემის წინაშე საკრებულო კარვისა და სავანის სამსახურებლად.
- 8
იფხიზლებენ საკრებულო კარვის ყოველ ჭურჭელსა და ისრაელიანთა ვალდებულებებზე, სავანის მსახურების გასაწევად.
- 9
გადაეცი ლევიანები აჰარონსა და მის ძეებს, მთლიანად იქნებიან გადაცემულნი ისრაელის ძეთაგან.
- 10
მღვდლობა აჰარონსა და მის ძეებს დაავალე, უცხო თუ მიუახლოვდეს, მოიკლას”.
- 11
უთხრა უფალმა მოსეს:
- 12
"აჰა, ავიყვანე ლევიანნი ისრაელიანთაგან, ყოველი პირმშოს სანაცვლოდ, რომელიც საშოს გააპობს; ჩემები იქნებიან ისინი;
- 13
ვინაიდან ჩემია ყველა პირველშობილი, რადგან იმ დღეს, როცა განვგმირე ყოველი ეგვიპტელი პირმშო, ჩემთვის განვიწმიდე ყველა პირველშობილი ისრაელიანთაგან; ადამიანიდან პირუტყვამდე ჩემები არიან, მე ვარ უფალი”.
- 14
უთხრა უფალმა მოსეს სინაის უდაბნოში:
- 15
"აღრიცხე ლევის ძენი მათი მამის სახლეულითა და გვარებით; აღრიცხე ყოველი მამრი, ერთი თვის ასაკისა და უფროსი”.
- 16
და აღრიცხა ისინი მოსემ უფლის სიტყვისამებრ, როგორც ებრძანა.
- 17
ესენი იყვნენ ლევის ძენი თავისი სახელებით: გერშონი, კეჰათი და მერარი.
- 18
ესენია გერშონის ძეთა სახელები საგვარეულოთა მიხედვით: ლიბნი და შიმყი.
- 19
და კეჰათის ძენი საგვარეულოთა მიხედვით: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი.
- 20
მერარის ძენი საგვარეულოთა მიხედვით: მახლი და მუში. ესაა ლევიანთა საგვარეულო მათი მამისსახლთა მიხედვით.
- 21
გერშონისგან: ლიბნისა და შიმყის ოჯახი; ესაა გერშონის საგვარეულო.
- 22
ყოველი აღრიცხული მამრი, ერთი თვის ასაკისა და უფროსი, შვიდი ათას ხუთასს შეადგენდა.
- 23
სავანის უკან, დასავლეთით უნდა დაებანაკა გერშონიანთა საგვარეულოს.
- 24
გერშონის მამისეული სახლის მთავარი ლაელის ძე, ელიასაფი იყო.
- 25
გერშონიანების პასუხისმგებლობაში შედიოდა სავანე, კარავი თავისი გადასაფარებლით და კრეტსაბმელი, საკრებულო კარვის შესასვლელში;
- 26
ეზოს ფარდები, აღთქმის კარვისა და სამსხვერპლოს ირგვლივ ეზოს კარიბჭის ფარდა, თავისი მისაბმელებითა და სრული აღჭურვილობით.
- 27
კეჰათისგან: ყამრამის, იცჰარის, ხებრონისა და ყუზიელის საგვარეულო: ესენი იყვნენ კეჰათიანები.
- 28
ყოველი აღრიცხული მამრი, ერთი თვის ასაკისა და უფროსი, რომელიც საწმიდრის მსახურებას ასრულებდა, რვა ათას ექვსას შეადგენდა.
- 29
სავანის გვერდით, სამხრეთისკენ უნდა დაებანაკა კეჰათიანთა საგვარეულოს.
- 30
კეჰათიანთა მამისეული სახლის მთავარი ყუზიელის ძე, ელიცაფანი იყო.
- 31
მათ პასუხისმგებლობაში შედიოდა კიდობანი, მაგიდა და სასანთლე, სამსხვერპლოები და წმიდა ჭურჭლეული, რომლითაც მსახურებდნენ და კრეტსაბმელი მთელი მისი აღჭურვილობით.
- 32
ლევიანების მთავართა მთავარი აჰარონ მღვდლის ძე, ელეაზარი იყო: მისი ზედამხედველობის ქვეშ იყვნენ საწმიდრის მომსახურენი.
- 33
მერარისგან: მახლისა და მუშის საგვარეულო: ესენი იყვნენ მერარიანები.
- 34
ყოველი აღრიცხული მამრი, ერთი თვის ასაკისა და უფროსი, ექვსი ათას ორასს შეადგენდა.
- 35
მერარის მამისეული სახლის მთავარი აბიჰაილის ძე, ცურიელი იყო; სავანის გვერდით, ჩრდილოეთით უნდა დაებანაკათ მათ.
- 36
მერარიანებს სავანის ძელების, მისი ურდულების, სვეტების, კვარცხლბეკების, ჭურჭლისა და მთელი მისი აღჭურვილობის მოვლა ევალებოდათ;
- 37
ასევე სვეტები ეზოს გარშემო, მისი კვარცხლბეკები და პალოები თავისი თოკებით.
- 38
სავანის წინ, აღმოსავლეთით, საკრებულო კარვის წინ, მზის აღმოსავალისკენ დაბანაკდნენ მოსე, აჰარონი და მისი ძენი, საწმიდრის მსახურების გასაწევად და ისრაელიანთა ვალდებულებების შესასრულებლად; უცხო კი, ვინც მიუახლოვდებოდა, უნდა მომკვდარიყო;
- 39
ყველა ლევიანი, რომელიც უფლის ბრძანებით აღრიცხეს მოსემ და აჰარონმა თავისი საგვარეულოებით, ყოველი მამრი, ერთი თვის ასაკისა და უფროსი, ოცდაორ ათასს შეადგენდა.
- 40
უთხრა უფალმა მოსეს: "აღრიცხე ისრაელიანთაგან ყოველი მამრი პირმშო, ერთი თვის ასაკისა და უფროსი, გადათვალე ისინი სახელებით
- 41
და აიყვანე ჩემთვის ლევიანნი, მე ვარ უფალი, ყოველი პირმშოს სანაცვლოდ ისრაელიანთაგან, ლევიანთა პირუტყვი კი, ისრაელიანთა პირუტყვის ყოველი პირველმონაგების სანაცვლოდ”.
- 42
და აღრიცხა მოსემ, როგორც უბრძანა მას უფალმა, ისრაელიანთა ყოველი პირმშო,
- 43
ყოველი მამრი პირმშო, სახელდებითი აღრიცხვით, ერთი თვის ასაკისა და უფროსი, ოცდაორი ათას ორას სამოცდაცამეტი იყო.
- 44
უთხრა უფალმა მოსეს:
- 45
"აიყვანე ლევიანნი ისრაელიანთა ყოველი პირმშოს სანაცვლოდ, ლევიანების პირუტყვი, მათი საქონლის სანაცვლოდ და ჩემი იქნებიან ლევიანები; მე ვარ უფალი.
- 46
ხოლო იმ ორას სამოცდაცამეტის გამოსასყიდად, რომლითაც აღემატებიან ლევიანებს ისრაელიანთა პირმშონი,
- 47
ხუთ-ხუთი შეკელი აიღე ყოველ სულზე საწმიდრის შეკელის მიხედვით, რომელიც ოც გერას იწონის.
- 48
და მიეცი ეს ფული აჰარონსა და მის ძეთ, ზედმეტის გამოსასყიდად”.
- 49
აიღო მოსემ ზედმეტის გამოსასყიდი ფული, ლევიანთა მიერ შენაცვლებულთა საპირწონედ.
- 50
ისრაელიანთა პირმშოებისგან აიღო ეს ფული, საწმიდრის ათას სამას სამოცდახუთი შეკელით;
- 51
და მისცა მოსემ გამოსასყიდი ფული აჰარონსა და მის ძეებს, უფლის სიტყვისამებრ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.