რიცხვნი 2
- 1
უთხრა უფალმა მოსესა და აჰარონს:
- 2
"დაიბანაკოს ისრაელის თითოეულმა ძემ თავის დროშასთან, საკუთარი მამისსახლის ნიშნებით; საკრებულო კარვის ირგვლივ უნდა დაიბანაკოს, მოშორებით”.
- 3
წინა მხარეს, აღმოსავლეთით იყვნენ დაბანაკებულნი: აღმოსავლეთით იყოს იუდას ბანაკის დროშა თავისი საბრძოლო რაზმების მიხედვით; იუდას ძეთა მთავარი იყო ნახშონი, ამინადაბის ძე.
- 4
აღირიცხა მისი ლაშქარი და მასთან მყოფნი და სამოცდათოთხმეტი ათას ექვსასი შეადგინა.
- 5
მის გვერდით დაიბანაკა ისაქარის ტომმა; ისაქარის ძეთა მთავარი იყო ნათანელი, ცუყარის ძე.
- 6
აღირიცხა მისი ლაშქარი და მასთან მყოფნი და ორმოცდათოთხმეტი ათას ოთხასი შეადგინა.
- 7
შემდეგი იყო ზებულონის ტომი; ზებულონის ძეთა მთავარი იყო ელიაბი, ხელონის ძე.
- 8
აღირიცხა მისი ლაშქარი და მასთან მყოფნი და ორმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასი შეადგინა.
- 9
ას ოთხმოცდაექვსი ათას ოთხასი იყო ყოველი აღრიცხული იუდას ტომში, მათი ლაშქრებით; პირველად ესენი უნდა დაიძრან.
- 10
რეუბენის ტომის დროშა სამხრეთით იყო თავისი საბრძოლო რაზმებით; რეუბენის ძეთა მთავარი იყო ელიცური, შედეურის ძე.
- 11
აღირიცხა მისი ლაშქარი და მასთან მყოფნი და ორმოცდაექვსი ათას ხუთასი შეადგინა.
- 12
მის გვერდით სიმონის ტომმა დაიბანაკა; სიმონის ძეთა მთავარი იყო შელუმიელი, ცურიშადაის ძე.
- 13
აღირიცხა მისი ლაშქარი და მასთან მყოფნი და ორმოცდაცხრამეტი ათას სამასი შეადგინა.
- 14
და გადის ტომი; გადის ძეთა მთავარი იყო ელიასაფი, რეღუელის ძე.
- 15
აღირიცხა მისი ლაშქარი და მასთან მყოფნი და ორმოცდახუთი ათას ექვსას ორმოცდაათი შეადგინა.
- 16
რეუბენის ბანაკში ას ორმოცდათერთმეტი ათას ოთხას ორმოცდაათი კაცი იყო აღრიცხული. მეორენი ესენი უნდა დაიძრან.
- 17
მერე დაიძრება საკრებულო კარავი, ლევიანთა ბანაკი - ბანაკთა შუაში იქნება; როგორც დაბანაკდნენ - ისევე უნდა იყვნენ გზაში, თითოეული თავის დროშასთან.
- 18
ეფრემის ბანაკის დროშა, თავისი საბრძოლო რაზმებით დასავლეთიდან იყო. ეფრემის ძეთა მთავარი იყო ელიშამაყი, ყამიჰუდის ძე.
- 19
აღირიცხა მისი ლაშქარი და მასთან მყოფნი და ორმოცი ათას ხუთასი შეადგინა.
- 20
მის გვერდით - მენაშეს ტომი, მენაშეს ძეთა მთავარი იყო გამალიელი, ფედაცურის ძე.
- 21
მისი ლაშქარი, რიცხვით - ოცდათორმეტი ათას ორასი კაცი.
- 22
და ბენიამინის ტომი; ბენიამინის ძეთა მთავარი იყო აბიდანი, გედეონის ძე.
- 23
აღირიცხა მისი ლაშქარი და მასთან მყოფნი და ოცდათხუთმეტი ათას ოთხასი შეადგინა.
- 24
ეფრემის ბანაკში აღრიცხული, მათი ლაშქრებით, იყო ას რვა ათას ასი. მესამენი დაიძრებიან ესენი.
- 25
ჩრდილოეთით დანის ბანაკის დროშა იქნება, მათი საბრძოლო რაზმებით; დანის ძეთა მთავარი იყო ახიყეზერი, ყამიშადაის ძე.
- 26
აღირიცხა მისი ლაშქარი და მასთან მყოფნი და სამოცდაორი ათას შვიდასი შეადგინა.
- 27
მის გვერდით დაიბანაკებს აშერის ტომი; აშერის ძეთა მთავარი იყო ფაგეყიელი, ძე ყაქრანისა.
- 28
აღირიცხა მისი ლაშქარი და მასთან მყოფნი და ორმოცდაერთი ათას ხუთასი შეადგინა.
- 29
შემდეგ ნაფთალის ტომი; ნაფთალის ძეთა მთავარი იყო ახირაყი, ყენანის ძე.
- 30
აღირიცხა მისი ლაშქარი და მასთან მყოფნი და ორმოცდაცამეტი ათას ოთხასი შეადგინა.
- 31
დანის ბანაკში აღრიცხული იყო ას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ექვსასი; უკანასკნელნი ესენი უნდა დაიძრან თავისი დროშებით.
- 32
ეს არის ისრაელის ძეთა რიცხვი, მათი მამისსახლების მიხედვით. მათი სრული რიცხვი ბანაკებში, ლაშქრებიანად ექვსას სამი ათას ხუთას ორმოცდაათი იყო.
- 33
ლევიანები კი, არ აღრიცხულან ისრაელის ძეთა შორის, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
- 34
და ყველაფერი ისე გააკეთეს ისრაელიანებმა, როგორც უბრძანა მოსეს უფალმა: ისე დაიბანაკეს თავის დროშებთან და ისე მგზავრობდნენ საკუთარ ოჯახთან და მამისსახლთან ერთად.