გამოსვლა 4
- 1
მიუგო მოსემ: "რომ არ დამიჯერონ და არ შეისმინონ ჩემი ნათქვამი, იქნებ მითხრან, არ გამოგეცხადაო უფალი?”
- 2
ჰკითხა უფალმა: "რა გიჭირავს ხელში?” უთხრა: "კვერთხი”.
- 3
თქვა უფალმა: "დააგდე მიწაზე”. დააგდო მიწაზე; და იქცა კვერთხი გველად, და გაიქცა მოსე მისგან.
- 4
უთხრა უფალმა მოსეს: "გაიწოდე ხელი და კუდით დაიჭირე”. გაიწოდა ხელი, დაიჭირა იგი და ისევ კვერთხად იქცა მის ხელში.
- 5
"ეს იმისათვის, რათა ირწმუნონ, რომ გამოგეცხადა უფალი, მათი მამების ღმერთი, ღმერთი აბრაჰამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა.
- 6
კვლავ უთხრა უფალმა: "ჩაიყავი ხელი უბეში!” მანაც ჩაიყო უბეში ხელი და უკან რომ გამოიღო, ხედავს, თოვლივით თეთრი და კეთროვანია ხელი.
- 7
უთხრა: "ისევ ჩაიყავი ხელი უბეში”. დააბრუნა ხელი უბეში. უკან გამოიღო უბიდან და ნახა, რომ აღუდგა დანარჩენი ხორცივით.
- 8
"თუ არ გერწმუნებიან და არ შეისმენენ პირველ ნიშანს, მეორე ნიშანზე მაინც გერწმუნებიან.
- 9
თუ ამ ორივე ნიშანზეც არ გერწმუნებიან და არ შეისმენენ შენს სიტყვას, აიღე წყალი მდინარიდან და დაღვარე ხმელეთზე; წყალი, რომელსაც აიღებ მდინარიდან, სისხლად გადაიქცევა ხმელეთზე”.
- 10
უთხრა მოსემ უფალს: "გევედრები, უფალო! მჭევრმეტყველი კაცი არ ვყოფილვარ არც გუშინ და არც გუშინწინ და არც მას მერე, რაც ლაპარაკი დამიწყე შენს მორჩილს, რადგან ბაგემძიმე და ენამძიმე ვარ”.
- 11
უთხრა უფალმა: "ვინ მისცა ბაგე კაცს; ვინ შექმნა მუნჯი ან ყრუ, მხედველი ან ბრმა? განა მე არა, უფალმა?
- 12
ახლა წადი და მე ვიქნები შენს ბაგესთან და გასწავლი, რა უნდა თქვა”.
- 13
თქვა მოსემ: "გთხოვ, უფალო! სხვა ვინმე მიავლინე”.
- 14
და აღინთო უფლის რისხვა მოსეზე და უთხრა მას: "განა შენი ძმა არ არის ლევიანი აჰარონი? ვიცი, რომ ლაპარაკით ის ილაპარაკებს; და გამოვა იგი შენს შესახვედრად, გიხილავს და გულით გაიხარებს.
- 15
ილაპარაკებ მასთან და მისცემ სიტყვებს მის ბაგეებს; მე ვიქნები შენს ბაგესთან და მის ბაგესთან და გასწავლით, რა უნდა გააკეთოთ.
- 16
ის ილაპარაკებს ხალხთან შენს მაგივრად. ის იქნება შენი ბაგე და შენ იქნები მისთვის როგორც ღმერთი.
- 17
აიღე ხელში ეგ კვერთხი, რომლითაც მოახდენ სასწაულებს”.
- 18
წამოვიდა მოსე და დაბრუნდა ითროსთან, თავის სიმამრთან და უთხრა მას: "წავალ და დავუბრუნდები ჩემს ძმებს, რომლებიც ეგვიპტეში არიან, რათა ვნახო, ცოცხლები არიან თუ არა”. და უთხრა ითრომ მოსეს: "მშვიდობით იარე”.
- 19
უთხრა უფალმა მოსეს მიდიანში: "წადი, დაბრუნდი ეგვიპტეში, რადგან ყველანი დაიხოცნენ, ვინც მოკვლას გიპირებდა”.
- 20
შესხა მოსემ თავისი ცოლი და ვაჟები სახედრებზე და დაბრუნდა ეგვიპტის ქვეყანაში. და აიღო მოსემ ღვთის კვერთხი ხელში.
- 21
უთხრა უფალმა მოსეს: "როცა წახვალ და დაბრუნდები ეგვიპტეში, იცოდე, ყოველი სასწაული, რომელიც ხელთ მოგეცი, მოახდინე ფარაონის წინაშე. მე გავასასტიკებ ფარაონის გულს და არ გაუშვებს ხალხს.
- 22
უთხარი ფარაონს, ასე ამბობს-თქო უფალი: ჩემი ძე, ჩემი პირმშოა, ისრაელი;
- 23
ამიტომ გეუბნები - გამოუშვი ჩემი ძე, რათა მემსახუროს და თუ არ გამოუშვებ, აჰა, მოგიკლავ ძეს, შენს პირმშოს!”
- 24
ისე მოხდა, რომ გზაზე, ღამის გასათევში შეხვდა მას უფალი და მოკვლა დაუპირა.
- 25
აიღო ციფორამ კაჟი, დაუცვითა ჩუჩა თავის ძეს და ფერხთით დაუგდო მას და თქვა: "სისხლის ნეფე ხარ ჩემთვის”.
- 26
და გაეცალა უფალი მოსეს. მაშინ თქვა ციფორამ: "სისხლის ნეფე ხარ წინადაცვეთის გამო”.
- 27
უთხრა უფალმა აჰარონს: "წადი მოსეს შესახვედრად უდაბნოში”. ისიც წავიდა, შეხვდა მოსეს ღვთის მთასთან და აკოცა.
- 28
და მოუთხრო მოსემ აჰარონს ყოველი სიტყვა უფლისა, რომელმაც მოავლინა და ყოველი ნიშანი, რომლის მოხდენაც უბრძანა.
- 29
წავიდა მოსე აჰარონთან ერთად და შეკრიბეს ისრაელის ძეთა უხუცესნი.
- 30
და მოუთხრო აჰარონმა ყოველი სიტყვა, რომელიც უთხრა მოსეს უფალმა და მოახდინა მოსემ სასწაულები ხალხის თვალწინ.
- 31
ირწმუნა ხალხმა, რომ გაიხსენა უფალმა ისრაელის ძენი და რომ იხილა მათი ტანჯვა. მუხლი მოიყარეს და თაყვანი სცეს.