გამოსვლა 3
- 1
და მწყემსავდა მოსე თავისი სიმამრის, მიდიანელი მღვდლის, ითროს ფარას. წაასხა ერთხელ ცხვარი უდაბნოს იქით და მიადგა ღმერთის მთას, ხორებს.
- 2
და გამოეცხადა მას უფლის ანგელოზი ცეცხლის ალში მაყვლოვანის შუაგულიდან. ხედავს: "ცეცხლმოდებულია მაყვლოვანი, მაგრამ არ იწვის მაყვლის ბუჩქი.
- 3
თქვა მოსემ: "მივალ და ვნახავ ამ დიდ სანახაობას, რატომ არ იწვის მაყვლოვანი”.
- 4
იხილა უფალმა, რომ მობრუნდა მოსე სანახავად და მოუწოდა მას ღმერთმა მაყვლოვანის შუაგულიდან: "მოსე! მოსე!” უთხრა: "აქა ვარ”.
- 5
უთხრა მას უფალმა: "ნუ მოუახლოვდები; გაიხადე ფეხსამოსი ფეხთაგან, რადგან ეს ადგილი, რომელზეც დგახარ, წმიდა მიწაა”.
- 6
უთხრა: "მე ვარ მამაშენის ღმერთი, ღმერთი აბრაჰამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა”. სახე დაიფარა მოსემ, რადგან შეეშინდა ღვთის ხილვისა.
- 7
უთხრა უფალმა: "ვიხილე ჩემი ხალხის ტანჯვა, რომელიც ეგვიპტეშია და შევისმინე ზედამხედველთაგან გამწარებულთა ღაღადი, რადგან ვიცი მათი სატკივარი.
- 8
და ჩამოვედი, რომ ვიხსნა იგი ეგვიპტელთაგან და მივიყვანო მაგ ქვეყნიდან კარგ და ვრცელ ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი, ქანაანელთა, ხეთელთა, ამორელთა, ფერიზელთა, ხიველთა, იებუსელთა მხარეში.
- 9
აჰა, მოაღწია ჩემამდე ისრაელის შვილთა ღაღადმა და ვიხილე ჩაგვრაც, რომლითაც ეგვიპტელნი ჩაგრავენ მათ.
- 10
ახლა წადი, მე მიგავლენ ფარაონთან; და გამოიყვანე ჩემი ხალხი, ისრაელის ძენი ეგვიპტიდან”.
- 11
უთხრა მოსემ ღმერთს: "ვინ ვარ მე, რომ წავიდე ფარაონთან და ეგვიპტიდან გამოვიყვანო ისრაელის ძენი?”
- 12
უთხრა ღმერთმა: "მე ვიქნები შენთან და აი, ნიშანი შენთვის, რომ მე მიგავლინე: გამოიყვან რა ხალხს ეგვიპტიდან, ამ მთაზე სცემთ თაყვანს ღმერთს”.
- 13
უთხრა მოსემ ღმერთს: "აჰა, მივდივარ ისრაელის შვილებთან და ვეტყვი მათ: თქვენი მამა-პაპის ღმერთმა მომავლინა-მეთქი თქვენთან. და თუ მკითხეს რა არისო მისი სახელი? რა ვუპასუხო?”
- 14
უთხრა ღმერთმა მოსეს: "მე ვარ, რომელიც ვარ”. და თქვა: "ასე უთხარი ისრაელის შვილებს: ‘მე ვარ’-მა მომავლინა-თქო თქვენთან”.
- 15
კიდევ უთხრა ღმერთმა მოსეს: "ასე უთხარი ისრაელის შვილებს: უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა, აბრაჰამის ღმერთმა, ისაკის ღმერთმა და იაკობის ღმერთმა მომავლინა თქვენთან. ესაა საუკუნოდ ჩემი სახელი და ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე.
- 16
წადი და შეკრიბე უხუცესნი ისრაელისა და უთხარი მათ: უფალი, თქვენი მამების ღმერთი, გამომეცხადა; ღმერთი აბრაჰამისა, ისაკისა და იაკობისა, და მითხრა: გაგიხსენეთ თქვენ და ვიხილე, როგორ გექცევიან ეგვიპტეში.
- 17
და ვთქვი, რომ გამოგიყვანდით ეგვიპტის სატანჯველიდან ქანაანელთა, ხეთელთა, ამორელთა, ფერიზელთა, ხიველთა და იებუსელთა ქვეყანაში; ქვეყანაში, სადაც რძე და თაფლი მოედინება.
- 18
შეისმენენ შენს ნათქვამს, მიხვალ ეგვიპტის მეფესთან ისრაელის უხუცესებთან ერთად და ეტყვით მას: უფალი, ებრაელთა ღმერთი გამოგვეცხადა; გაგვიშვი უდაბნოში სამი დღის სავალზე და შევწირავთ მსხვერპლს უფლისთვის, ჩვენი ღმერთისთვის.
- 19
ვიცი, რომ არ დაგრთავთ ეგვიპტის მეფე წასვლის ნებას, თუ მაგარი ხელით არ ვაიძულებ.
- 20
გავიწვდი ხელს და განვგმირავ ეგვიპტეს ყოველი ჩემი სასწაულით, რომელთაც მოვახდენ მის შუაგულში; და ამის შემდეგ გაგიშვებთ იგი.
- 21
მადლს ვაპოვნინებ ამ ხალხს ეგვიპტელთა თვალში; და როცა გამოხვალთ, არ იქნებით ხელცარიელნი.
- 22
ითხოვოს ყოველმა ქალმა თავისი მეზობლისა და თავისი მდგმური ქალისგან ნივთი ვერცხლისა და ნივთი ოქროსი და სამოსელი; შემოსეთ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი და ასე გაძარცვეთ ეგვიპტელნი”.