გამოსვლა 12
- 1
უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს ეგვიპტის ქვეყანაში:
- 2
"თვეთა დასაბამად იყოს თქვენთვის ეს თვე; პირველი იყოს ის თქვენთვის წლის თვეებში.
- 3
ასე უთხარით ისრაელის ყოველ თემს: ამ თვის მეათე დღეს აიყვანოს თავისთვის თითოეულმა თითო კრავი ოჯახზე, თითო კრავი სახლეულზე.
- 4
და თუ კრავის შესაჭმელად მცირერიცხოვანია სახლეული, მაშინ შეუამხანაგდეს კარის მეზობელს სულადობისამებრ; ივარაუდეთ, ვინ რამდენს შეჭამს.
- 5
უნაკლო, მამალი, ერთწლიანი უნდა იყოს კრავი ან თიკანი.
- 6
შენახული გყავდეთ ამ თვის მეთოთხმეტე დღემდე და მწუხრის ჟამს დაკლას იგი ისრაელის თემის მთელმა კრებულმა.
- 7
აიღონ მისი სისხლი და სცხონ კარის ორივე წირთხლს და ზედა ძელს, სადაც უნდა ჭამონ.
- 8
იმ ღამეს ჭამონ ცეცხლზე შემწვარი ხორცი; ხმიადებით და მწარე მწვანილეულით ჭამონ იგი.
- 9
არ ჭამოთ უმი ან წყალში მოხარშული, არამედ ცეცხლზე შემწვარი - თავფეხიანად და შიგნეულიანად.
- 10
დილისთვის ნურაფერს მოირჩენთ; თუ დარჩა რამე - ცეცხლში დაწვით.
- 11
ასე ჭამეთ - წელზე სარტყელი გერტყათ, ფეხსაცმელი გეცვათ, კვერთხი ხელში გეჭიროთ, აჩქარებით ჭამეთ; ეს საუფლო პასექია.
- 12
გავივლი ეგვიპტის ქვეყანაზე ამ ღამეს და გავგმირავ ყოველ პირმშოს ეგვიპტის ქვეყანაში, ადამიანიდან პირუტყვამდე, და განვსჯი ეგვიპტის ყოველ ღმერთს. მე ვარ უფალი.
- 13
იყოს ის სისხლი თქვენს სახლებზე ნიშნად, სადაც იმყოფებით; დავინახავ სისხლს და გვერდს აგივლით, არ მოგეკარებათ შემმუსვრელი სენი, როცა განვგმირავ ეგვიპტის ქვეყანას.
- 14
დაე, იყოს ეს დღე თქვენთვის სამახსოვროდ და იდღესასწაულეთ იგი, როგორც დღესასწაული უფლისა თქვენს თაობებში; სამარადისო წესად გქონდეთ ეს დღესასწაული.
- 15
შვიდი დღე ხმიადი ჭამეთ. საფუარი პირველი დღიდანვე არ გააჩეროთ სახლებში, რადგან ყოველი სული, ვინც პირველი დღიდან მეშვიდე დღემდე გაფუებულ პურს შეჭამს, მოიკვეთება ისრაელისგან.
- 16
პირველ დღეს წმიდა შეკრებაა და მეშვიდე დღესაც წმიდა შეკრება გექნებათ: არავითარი საქმე არ გააკეთოთ ამ დღეებში; რაც თითოეულს საჭმელად გჭირდებათ, მხოლოდ ის გაკეთდეს.
- 17
დაიცავით უფუარობის დღესასწაული; რადგან ამ დღეს გამოვიყვანე თქვენი ლაშქარი ეგვიპტის ქვეყნიდან; დაიცავით ეს დღე თქვენს თაობებში მარადიულ წესად.
- 18
პირველი თვის მეთოთხმეტე დღის საღამოდან, იმავე თვის ოცდამეერთე დღის საღამომდე ჭამეთ ხმიადი.
- 19
შვიდი დღე საფუარი არ იპოვებოდეს თქვენს სახლებში; რადგან ყოველი, ვინც საფუარიანს შეჭამს, მოიკვეთება ისრაელის თემისგან - ხიზანი იქნება თუ ქვეყნის მკვიდრი.
- 20
საფუარიანი არაფერი ჭამოთ; და ყველგან, სადაც იქნებით, ხმიადი ჭამეთ”.
- 21
მოიწვია მოსემ ისრაელის ყველა უხუცესი და უთხრა: "წადით, აიყვანეთ კრავნი თქვენი სახლეულისთვის და დაკალით პასექი.
- 22
აიღეთ უსუპის კონა, ამოაწეთ სისხლიან ჯამში და სცხეთ სისხლი რომელიც ჯამშია კარის ზედა ძელს და ორივე წირთხლს. დილამდე არავინ გახვიდეთ სახლიდან.
- 23
რადგან უფალი გაივლის ეგვიპტის შესამუსრად, იხილავს სისხლს კარის ზედა ძელზე და ორივე წირთხლზე, და გვერდს აუვლის უფალი თქვენს კარს და უფლებას არ მისცემს გამანადგურებელს თქვენს შესამუსრად შემოვიდეს თქვენს სახლებში.
- 24
წესად დაიცავთ ამას, როგორც თქვენთვის, ისე თქვენი შვილებისთვის სამარადისოდ.
- 25
და როცა მიხვალთ ქვეყანაში, რომელსაც მოგცემთ უფალი, როგორც მან ილაპარაკა, იქაც დაიცავთ ამ მსახურებას.
- 26
და იქნება, რომ გკითხავენ თქვენი შვილები: ეს რა მსახურება გაქვთ?
- 27
ეტყვით: ეს არის პასექის მსხვერპლი უფლისთვის, რომელმაც გვერდი აუარა ისრაელის შვილთა სახლებს ეგვიპტეში, როდესაც შემუსრა მან ეგვიპტე და გადაარჩინა ჩვენი სახლები”. და მოიდრიკა ხალხი და თაყვანი სცა.
- 28
წავიდნენ ისრაელის შვილები და აღასრულეს, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს და აჰარონს, ისე აღასრულეს.
- 29
და შუაღამისას მოაკვდინა უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ტახტზე მჯდომარე ფარაონის პირმშოდან, საპყრობილეში მყოფი პატიმრის პირმშომდე და პირუტყვის ყოველი პირველმოგებული.
- 30
ადგნენ ღამით ფარაონი თავის მორჩილებთან ერთად და ყველა ეგვიპტელი; და იყო დიდი გოდება ეგვიპტეში, რადგან არ იყო სახლი, სადაც მკვდარი არ ჰყოლოდათ.
- 31
ღამითვე იხმო ფარაონმა მოსე და აჰარონი და უთხრა: "ადექით, გადით ჩემი ხალხისგან, თქვენ და ისრაელის შვილები, წადით და ემსახურეთ უფალს, როგორც ამბობდით.
- 32
თქვენი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელიც წაასხით, როგორც ამბობდით; წადით და მეც მაკურთხეთ”.
- 33
და აიძულებდნენ ეგვიპტელები ხალხს, რომ სწრაფად გასულიყვნენ ქვეყნიდან, რადგან ამბობდნენ, ყველანი დავიხოცებითო.
- 34
წაიღო ხალხმა თავისი ცომი, სანამ გაფუვდებოდა, ვარცლები სამოსლით შეკრეს და ზურგზე მოიკიდეს.
- 35
მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ისრაელის შვილები, ინათხოვრეს ეგვიპტელთაგან ვერცხლისა და ოქროს ჭურჭელი და სამოსელი.
- 36
მადლი აპოვნინა უფალმა თავის ხალხს ეგვიპტელთა თვალში და ათხოვეს, რაც ითხოვეს; ასე გაძარცვეს ეგვიპტელნი.
- 37
და გაემგზავრნენ ისრაელის ძენი რაყმესესიდან სუქოთისკენ, ექვსასი ათასამდე ფეხოსანი მამაკაცი, გარდა ბავშვებისა.
- 38
უცხოტომელთა მრავალრიცხოვანი ბრბო გამოვიდა მათთან ერთად და წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის ფრიად დიდი ჯოგი.
- 39
და გამოაცხვეს ეგვიპტიდან წამოღებული ცომისგან ხმიადის კვერები. ცომი არ იყო გაფუებული, რადგან სწრაფად განდევნეს ეგვიპტიდან; საგზლის გასამზადებლადაც კი ვერ დაყოვნდნენ.
- 40
ოთხასოცდაათი წელია ისრაელის ძეთა ეგვიპტეში ყოფნის ხანი.
- 41
ოთხასოცდაათი წლის ბოლოს, სწორედ ამ დღეს გამოვიდა უფლის მთელი ლაშქარი ეგვიპტის ქვეყნიდან.
- 42
მღვიძარების ღამე იყო ეს უფლისათვის, როცა გამოიყვანა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან. უნდა იდღესასწაულონ ეს ღამე ისრაელის ძეებმა თაობიდან თაობაში.
- 43
და უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს: "აჰა, დადგენილება პასექისა: უცხოტომელმა არ უნდა ჭამოს იგი.
- 44
ფულით ნაყიდმა ყოველმა მსახურმა ჭამოს, მას შემდეგ, რაც წინადაცვეთ.
- 45
ხიზანმა და მოჯამაგირემ არ უნდა ჭამოს.
- 46
ერთ სახლში უნდა შეიჭამოს; სახლიდან გარეთ არ გაიტანოთ ეს ხორცი და ძვლები არ დაამტვრიოთ.
- 47
ისრაელის მთელმა თემმა დაიცვას ეს წესი.
- 48
თუ ვინმე მდგმურად დაგიდგათ და მოინდომა უფლის პასექის გამზადება, წინადაიცვითოს მისმა ყოველმა მამაკაცმა და მერე შეუდგეს წესის შესრულებას; და შეირაცხება იგი ქვეყნის მკვიდრად; წინადაუცვეთელმა არავინ ჭამოს.
- 49
ერთი სჯული ჰქონდეს მკვიდრსა და მდგმურს თქვენ შორის”.
- 50
და გააკეთეს ყოველივე ისრაელის შვილებმა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს და აჰარონს.
- 51
სწორედ ამ დღეს გამოიყვანა უფალმა ეგვიპტის ქვეყნიდან რაზმებად ისრაელის შვილები.