მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

გამოსვლა 11

  1. 1

    უთხრა უფალმა მოსეს: "კიდევ ერთ სასჯელს მოვუვლენ ფარაონს და ეგვიპტელებს; ამის მერე გაგიშვებთ ფარაონი, არათუ გაგიშვებთ, საბოლოოდ გაგაძევებთ აქედან.

  2. 2

    დაარიგე ხალხი, რომ ითხოვოს კაცმა თავისი მეზობელი კაცისგან და ქალმა თავისი მეზობელი ქალისგან ოქროსა და ვერცხლის სამკაული”.

  3. 3

    მადლი მისცა უფალმა ხალხს ეგვიპტელთა თვალში; და მოსეც დიდ კაცად იყო შერაცხული ეგვიპტის ქვეყანაში, ფარაონის მსახურთა და ხალხის თვალში.

  4. 4

    თქვა მოსემ, ასე ამბობსო უფალი: დაახლოებით შუაღამისას გამოვალ შუაგულ ეგვიპტეში.

  5. 5

    და მოკვდება ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში; ფარაონის პირმშოდან, ტახტზე რომ ზის, მხევლის პირმშომდე, ხელსაფქვავს რომ უზის. მოკვდება ყოველი პირუტყვის პირველმოგებული.

  6. 6

    და იქნება ეგვიპტის მთელ ქვეყანაში დიდი მოთქმა-გოდება, რომლის მსგავსი არ ყოფილა და რომლის მსგავსიც აღარასოდეს იქნება.

  7. 7

    ხოლო ისრაელიანებს - კაციდან პირუტყვამდე - ძაღლიც არ შეუყეფს, რათა იცოდეთ, რომ ზღვარს დებს უფალი ეგვიპტელთა და ისრაელიანთა შორის.

  8. 8

    ჩამოვლენ ჩემთან შენი მსახურნი, თაყვანს მცემენ და მეტყვიან: ‘გადით შენ და შენი ხალხი, რომელიც მოგყვება!’ და ამის შემდეგ გავალ”. და გამოვიდა მოსე ფარაონისგან განრისხებული.

  9. 9

    უთხრა უფალმა მოსეს: "არ მოგისმენთ ფარაონი, რათა გავამრავლო ჩემი ნიშნები ეგვიპტის ქვეყანაში”.

  10. 10

    და მოახდინეს ეს სასწაულები მოსემ და აჰარონმა ფარაონის წინაშე; მაგრამ გაუქვავა უფალმა გული ფარაონს და არ გაუშვა ისრაელის შვილები თავისი ქვეყნიდან.