დაბადება თავი 7

1 . უთხრა უფალმა ნოეს: "შედი კიდობანში მთელი შენი სახლეულით, რადგან მართალ კაცად გიხილე ჩემს წინაშე მთელ ამ თაობაში.

2 . ყოველი წმინდა პირუტყვისგან შვიდ-შვიდი წაიყვანე, დედალ-მამალი; უწმინდური პირუტყვისგან კი ორ-ორი, ისიც დედალ-მამალი.

3 . ცის ფრინველთაგანაც შვიდ-შვიდი წაიყვანე, დედალ-მამალი, რათა გადარჩეს მათი თესლი დედამიწაზე.

4 . რადგან შვიდი დღის შემდეგ, ორმოც დღესა და ორმოც ღამეს ვაწვიმებ ქვეყანაზე და წარვხოც მიწის პირისაგან ყოველ არსებას, რაც კი შემიქმნია”.

5 . და ისე გააკეთა ნოემ ყველაფერი, როგორც უფალმა უბრძანა.

6 . ექვსასი წლის იყო ნოე, როცა წარღვნის წყალი მოვიდა დედამიწაზე.

7 . და შევიდნენ კიდობანში წარღვნისაგან თავის გადასარჩენად ნოე და თავისი ცოლი, მისი ძეები და მათი ცოლები.

8 . ასევე წმიდა და უწმიდური პირუტყვი, ყოველი ფრინველი და ქვეწარმავალი,

9 . დაწყვილებულნი შევიდნენ ნოესთან კიდობანში, დედალ-მამალი, როგორც ღმერთმა უბრძანა ნოეს.

10 . და შვიდი დღის შემდეგ წალეკა წარღვნამ დედამიწა.

11 . ნოეს ცხოვრების მეექვსასე წლის მეორე თვის მეჩვიდმეტე დღეს ამოსკდნენ დიდი უფსკრულის წყაროები და გაიხსნენ ცის სარკმელნი.

12 . ორმოცი დღე და ორმოცი ღამე აწვიმდა დედამიწას.

13 . იმ დღეს შევიდნენ კიდობანში ნოე, მისი ძენი: სემი, ქამი და იაფეთი და მათთან ერთად ნოეს ცოლი და მისი ძეების ცოლები.

14 . ისინი და ყოველი ცხოველი, ყოველი ქვეწარმავალი, ყოველი ფრინველი, ყოველი ფრთოსანი, თავისი ჯიშებისამებრ.

15 . შევიდნენ ნოესთან კიდობანში წყვილ-წყვილად ყოველ ხორციელთაგან, რომელშიც სიცოცხლის სუნთქვა იყო.

16 . მოვიდა ყოველი ხორციელი დაწყვილებული და შევიდა, როგორც ღმერთმა ბრძანა; და დაგმანა უფალმა კარი.

17 . ორმოც დღეს იყო წარღვნა დედამიწაზე. ადიდდა წყალი, აიღო და მიწიდან აწია კიდობანი.

18 . გაძლიერდა წყალი, ძალიან ადიდდა დედამიწაზე და გაცურდა კიდობანი წყლის ზედაპირზე.

19 . მეტისმეტად გაძლიერდა წყალი დედამიწაზე, და დაიფარა ყოველი მაღალი მთა, რაც კი იყო ცისქვეშეთში.

20 . აიწია წყალი და დაფარა მთები თხუთმეტი წყრთით.

21 . და განადგურდა დედამიწაზე ყოველი ხორციელი: ფრინველი, პირუტყვი, მხეცი და ყოველი ქვეწარმავალი, რაც კი იძვრის მიწაზე, აგრეთვე ყოველი ადამიანი.

22 . და ყოველივე, რასაც კი სიცოცხლის სულის სუნთქვა ჰქონდა ნესტოებში, ყოველივე რაც ხმელეთზე იყო - მოისპო.

23 . აღიგავა ყოველივე არსებული მიწის პირისგან. ადამიანიდან დაწყებული ყოველი პირუტყვი, ქვეწარმავალი და ცის ფრინველი, გადარჩნენ მხოლოდ ნოე და მის კიდობანში მყოფნი.

24 . ას ორმოცდაათი დღე მძლავრობდა წყალი დედამიწაზე.