დაბადება 49
- 1
მოუხმო იაკობმა თავის ძეებს და უთხრა: "შეიკრიბეთ და გაუწყებთ, რა შეგემთხვევათ მომავალ დღეებში.
- 2
შეგროვდით და ისმინეთ, იაკობის ძენო! უსმინეთ ისრაელს, მამათქვენს!
- 3
რეუბენ, პირმშო ხარ ჩემი, ძლიერება ჩემი და სათავე ჩემი ძალისა, აღმატებულება ღირსებისა და აღმატებულება ძლევამოსილებისა!
- 4
მაგრამ წყალივით დაუოკებელი ხარ და ვერ აღზევდები, რადგან ახვედი მამაშენის საწოლზე და შებილწე ჩემი სარეცელი!
- 5
სიმონი და ლევი ძმები არიან, ძალადობის იარაღია მათი მახვილი.
- 6
ნუ მივა მათ თათბირზე სული ჩემი, ნუმც ზიარებულა მათ საკრებულოს ღირსება ჩემი! რადგან მრისხანებაში მოკლეს კაცი და თავისი ჟინით გამოძარღვეს ხარი!
- 7
წყეულიმც იყოს მათი რისხვა, რადგან დაუნდობელია; და გულისწყრომა, რადგან სასტიკია! დავანაწილებ მათ იაკობში და მიმოვფანტავ ისრაელში!
- 8
იუდა! გაქებენ ძმები. მტრის ხერხემალზე გიდევს ხელი და გეთაყვანებიან მამაშენის ძენი.
- 9
ლომის ბოკვერია იუდა; ნადავლზე აღმართულხარ, შვილო. წაიხარა, გაწვა, როგორც ხვადი ლომი და როგორც ძუ ლომი - ვინ გაბედავს მის წამოგდებას?
- 10
არ განშორდება კვერთხი იუდას, არც არგანი მმართველობისა მის ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი; და დაემორჩილებიან მას ხალხები!
- 11
გამოაბამს ვაზზე თავის ჩოჩორს, ლერწზე - თავისი ფაშატის ნაშიერს. ღვინოში გარეცხავს თავის ტანსაცმელს, ყურძნის სისხლში - სამოსელს.
- 12
თვალები მისი ღვინოზე უწითლესია, კბილები მისი - რძეზე უთეთრესი!
- 13
ზებულუნი ზღვათა სანაპიროზე დამკვიდრდება, ნავსაყუდელთან ექნება სადგომი; ციდონს მისწვდება საზღვარი მისი!
- 14
ისაქარი საპალნეებს შორის გაწოლილი ძვალმსხვილა სახედარია.
- 15
იხილა, რომ კარგია მოსვენება, რომ საამოა მიწა: ტვირთის საზიდად წაუხრია ქედი, ხარკის მუშად იქცა!
- 16
დანი განსჯის თავის ხალხს, როგორც ერთ-ერთი ტომი ისრაელისა.
- 17
იქნება დანი გველად გზაზე და გესლიან ასპიტად - ბილიკზე, რომელიც გესლავს ცხენის ტერფს და უკან გადაექანება მხედარი!
- 18
შენგან მოველი ხსნას, უფალო!
- 19
მოაწყდებიან გადს ურდოები, ის კი თავად მისწვდება მათ ქუსლებს.
- 20
აშერის პური ნოყიერია, გასცემს იგი სამეფო ნუგბარს.
- 21
ნაფთალი - ფეხმარდი ფურირემია, კაზმული სიტყვების მომცემი.
- 22
ნაყოფიერი ვაზია იოსები, ნაყოფიერი ვაზი წყლისპირთან, გალავანზეა გასული მისი ლერწები!
- 23
გაამწარეს, დაისრეს, მტრობდნენ მოისარნი.
- 24
ძლიერი დარჩა მისი მშვილდი, მოქნილი გახდა მისი მკლავები იაკობის ძლიერი ხელით. აქედანაა მწყემსი, ლოდი ისრაელისა.
- 25
მამაშენის ღმერთისაგან, რომელიც გშველის და ყოვლადძლიერისგან, რომელიც გაკურთხებს ზეციური კურთხევით ზემოდან, უფსკრულში გაწოლილი კურთხევით ქვემოდან, ძუძუთა და საშოს კურთხევით.
- 26
კურთხევა მამაშენისა აღემატება ჩემი მშობლების კურთხევას საუკუნო მთათა მიჯნამდე; იყოს ეს იოსების თავზე და ძმათაგან გამორჩეულის თხემზე.
- 27
მტაცებელი მგელია ბენიამინი: დილით ნანადირევს ჭამს და საღამოს ნადავლს იყოფს”.
- 28
ეს ყველანი ისრაელის თორმეტი ტომია. ეს იყო, რაც უთხრა მათმა მამამ, როცა აკურთხა ისინი, თითოეული თავისი კურთხევით აკურთხა.
- 29
და უანდერძა მათ: "მალე შევუერთდები ჩემს ხალხს; და დამკრძალეთ ჩემს მამებთან მღვიმეში, რომელიც ხეთელი ყეფრონის ველზეა.
- 30
მღვიმეში, რომელიც მახფელას ველზეა, მამრეს პირდაპირ, ქანაანის ქვეყანაში; მინდორზე, რომელიც აბრაჰამმა იყიდა ხეთელი ყეფრონისაგან საკუთარ სამარხად.
- 31
იქ დაკრძალეს აბრაჰამი და სარა, მისი ცოლი; იქ დაკრძალეს ისაკი და რებეკა, მისი ცოლი; იქ დავკრძალე მე ლეა.
- 32
ეს ველი და მღვიმე, რომელიც იქ არის, ხეთის ძეთაგანაა ნაყიდი”.
- 33
დაასრულა იაკობმა ანდერძი თავისი ძეებისათვის, აკრიბა სარეცელზე ფეხები, აღესრულა და შეუერთდა თავის ხალხს.