გარდაცვლილი ძმისთვის თესლის აღდგენა


საკვანძო მუხლები:

დაბადება 38 : 8 ; მეორე რჯული 25 : 5 ; რუთი 1 : 11 ; რუთი 3 : 9 ; რუთი 4 : 5 ; მათე 1 : 3 ; მათე 22 : 24 ; მარკოზი 12 : 19 ; ლუკა 20 : 28 ;
4.15.42 გარდაცვლილი ძმისთვის თესლის აღდგენა

ძველებრაული მეორადი ქორწინების ერთერთი წესი იწოდება ლევირატულად (ლათ. «levir», საიდანაცაა ებრ. יָבָם «იავამ», ბერძ. δαήρ) რომელიც უნდა გადმოეღოთ ებრაელებს ქალდეველთაგან. ეს წესი მოითხოვდა გარდაცვლილის ძმას ცოლად მოეყვანა მისი ცოლი, რათა მიეცა ძმისთვის მემკვიდრეობა რჯ.25,[5]-10 რუთ.1,11 მათ.22,24 მარ.12,19 ლუკ.20,28

ამ წესის დამრღვევი ონანი ღმერთმა სიკვდილით დასაჯა დაბ.38,[8]-10

ამ წესის აღსრულებით ქრისტეს გენეალოგიაში იშვა მისი ორი წინაპარი დაბ.38,11.14-18.25.26 რუთ.3,1.2.7-9.12.13; 4,5.6.9-13 მათ.1,3.5

ბიბლიის მუხლები

დაბადება 38
8. და უთხრა იუდამ ონანს: "შედი შენი ძმის ცოლთან, ქმრად გაუხდი და აღუდგინე თესლი შენს ძმას”.
9. იცოდა ონანმა, რომ მისი არ იქნებოდა შთამომავლობა და რო­ცა ძმის ცოლთან შედიოდა, მიწაზე ღვრიდა თესლს, რათა შთამომავლობა არ მიეცა ძმისთვის.
10. ბოროტებად ჩაითვალა უფლის წინაშე მისი საქციელი და ისიც მოაკვდინა ღმერთმა.
11. უთხრა იუდამ თამარს, თავის რძალს: "ვიდრე შელა, ჩემი ძე, გაიზრდებოდეს, ქვრივად დაჯექ მამაშენის სახლში”. ეშინოდა, ისიც მისი ძმებივით არ მომკვდარიყო. წავიდა თამარი და ცხოვრობდა მამის სახლში.
14. და გაიძრო მან ქვრივის სამოსელი, პირბადე ჩამოიფარა, დაიბურა და დაჯდა ყენაიმის კარიბჭესთან, თიმნას გზაზე, რადგან ნახა, რომ შელა გაიზარდა, მაგრამ ცოლად არ მიათხოვეს.
15. ქალი რომ დაინახა იუდამ, მეძავად მიიჩნია, რადგან სახე პირბადით ჰქონდა დაფარული.
16. მიუბრუნდა და ჰკითხა: "შემომიშვებ შენთან?” არ იცოდა, რომ რძალი იყო მისი. უთხრა ქალმა: "რას მომცემ, რომ შემოგიშვა?”
17. უპასუხა: "თიკანს გამოგიგზავნი ფარიდან”. უთხრა თამარმა: "წინდს თუ დამიტოვებ, სანამ თიკანს გამომიგზავნი?”
18. ჰკითხა იუდამ: "რა გინდა, რომ წინდად მოგცე?” უპასუხა ქალმა: "შენი ბეჭედი, თასმა და კვერთხი, რომელიც ხელთ გაქვს”. მისცა იუდამ და შევიდა მასთან; და დაორსულდა ქალი მისგან.
25. და როცა გამოჰყავდათ, შეუთვალა თავის მამამთილს: "იმ კაცისგან ვარ ორსულად, ვისაც ეს ნივთები ეკუთვნის”, თან დასძინა: "ამოიცანი, ვისია ეს ბეჭედი, თასმა და კვერთხი”.
26. იცნო იუდამ და თქვა: "მართალია თამარი, რადგან მე არ მივათხოვე იგი შელას, ჩემს ძეს”. და მეტად აღარ შეუცვნია იგი.

მეორე რჯული 25
5. თუ ძმები ერთად ცხოვრობენ და ერთი მათგანი უშვილოდ მოკვდება, მაშინ მკვდრის ცოლი უცხო კაცს არ უნდა მისთხოვდეს: მისი მაზლი უნდა შევიდეს მასთან, ცოლად ითხოვოს და შეუსრულოს მაზლობის წესი.
6. პირმშო, რომელსაც ქალი დაბადებს, მისი მკვდარი ძმის სახელს აღადგენს, რომ არ წაიშალოს მისი სახელი ისრაელიდან.
7. თუ არ ისურვებს ეს კაცი თავისი რძლის შერთვას, მივიდეს რძალი ქალაქის კარიბჭესთან, წარუდგეს უხუცესებს და უთხრას: არ სურს ჩემს მაზლს, რომ სახელი აღუდგინოს თავის ძმას ისრაელში, არ უნდა ჩემი შერთვა.
8. დაიბარებენ კაცს ქალაქის უხუცესები და მოელაპარაკებიან; თუ ადგება კაცი და იტყვის: არ მინდა მისი შერთვაო,
9. მივა რძალი უხუცესთა თვალწინ, გახდის ფეხსაცმელს, სახეში შეაფურთხებს და ეტყვის: ასე ექცევიან კაცს, რომელიც არ უშენებს სახლს თავის ძმას.
10. და დაერქმევა მას ფეხგახდილის სახლი ისრაელში.

რუთი 1
11. მაგრამ უპასუხა ნაყომიმ: "გაბრუნდით, ჩემო ასულნო, რად მომყვებით? განა კიდევ მეყოლება ვაჟები, რომ თქვენზე იქორწინონ?

რუთი 3
1. უთხრა ერთ დღეს რძალს მისმა დედამთილმა, ნაყომიმ: "ჩემო ასულო, ისეთი თავშესაფარი უნდა მოგიძებნო, სადაც სიკეთე გეწევა.
2. განა ჩვენი ახლო ნათესავი არაა ბოყაზი, ვის მსახურებთანაც იყავი? ამაღამ კალოზე იქნება ის ქერის გასანიავებლად.
7. ჭამა და სვა ბოყაზმა, გამხიარულდა მისი გული, მივიდა ზვინის კიდესთან და დაწვა დასაძინებლად. რუთიც მივიდა ფარულად, გადახადა და მიუწვა ფერხთით.
8. შუაღამისას შეკრთა კაცი, წამოიწია და, აჰა, ქალი უწევს ფეხთით!
9. ჰკითხა ბოყაზმა: "ვინა ხარ?” უპასუხა: "მე ვარ, რუთი, შენი მხევალი! გადმოაფარე შენს მხევალს სამოსლის კალთა, რადგან ნათესავი ხარ”.
12. თუმცა ნათესავი ვარ, მაგრამ ჩემზე ახლო ნათესავიც გყავს.
13. აქ დარჩი ამაღამ, დილით კი, თუ ის გამოგისყიდის, კეთილი, გამოგისყიდოს; ხოლო, თუ არ მოისურვა შენი გამოსყიდვა, მაშინ ცოცხალია უფალი, მე გამოგისყი­დი! იწექი აქ დილამდე”.

რუთი 4
5. თქვა ბოყაზმა: "როცა ნაყომის ხელიდან მინდორს იყიდი, გარდაცვლილი კაცის ცოლი, მოაბელი რუთიც უნდა გამოისყიდო, რომ სახელი აღუდგინო გარდაცვლილს თავის სამკვიდროში”.
6. თქვა იმ ნათესავმა: "ვერ გამოვისყიდი, ვაითუ დავაქციო ჩემი სამკვიდრო, შენს თავზე აიღე გამოსყიდვის უფლება, მე ვერ გამოვისყიდი”.
9. უთხრა ბოყაზმა უხუცესებს და მთელ ხალხს: "მოწმენი ხართ დღეს, რომ მე ვყიდულობ ნაყომის ხელიდან ელიმელექის, ქილიონისა და მახლონის მთელ საბადებელს.
10. ხოლო მოაბელ რუთს, მახლონის ცოლს, ცოლად გამოვისყიდი, რომ სახელი აღვუდგინო გარდაცვლილს თავის სამკვიდროში, რათა არ გაქრეს გარდაცვლილის სახელი თავის მოძმეთა შორის და მისი სამკვიდრებლის კარიბჭესთან. ამის მოწმენი ხართ თქვენ დღეს!
11. უთხრეს ქალაქის კარიბჭესთან მყოფმა ხალხმა და უხუცესობამ: "მოწმენი ვართ! უფლის მიერ იყოს შენს სახლში შემომავალი ქალი, როგორც რახელი და როგორც ლეა, რომლებმაც ააშენეს ისრაელის სახლი; შეგძინოს სიმდიდრე ეფრათში და სახელი გაგითქვას ბეთლემში!
12. იყოს შენი სახლი, ფერეცის სახლივით, რომელიც თამარმა უშვა იუდას, იმ თესლიდან, უფალი რომ მოგცემს ამ ყმაწვილქალისგან”.
13. წაიყვანა ბოყაზმა რუთი და გახდა იგი მისი ცოლი; შევიდა მასთან და მისცა მას უფალმა ორსულობა და შვა ძე.

მათე 1
3. იუდამ შვა ფერეცი და ზერახი თამარისგან; ფერეცმა შვა ხეცრონი; ხეცრონმა შვა რამი;
5. სალმონმა შვა ბოყაზი რახაბისგან; ბოყაზმა შვა ყობედი რუთისგან; ყობედმა შვა იესე.

მათე 22
24. "მოძღვარო! მოსემ თქვა: თუ ვინმე უშვილოდ მოკვდეს, მისმა ძმამ უნდა შეირთოს მისი ცოლი და თავის ძმას შთამომავლობა აღუდგინოსო.

მარკოზი 12
19. "მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა: თუ ვინმეს მოუკვდება ძმა და ცოლი დარჩება, ხოლო შვილი არ დარჩება, მისმა ძმამ უნდა შეირთოს ის ცოლად და აღუდგინოს თესლი თავის ძმას.

ლუკა 20
28. "მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა: თუ ვინმეს ძმა მოუკვდება, რომელსაც ცოლი ჰყავდა და შვილი - არა, მისმა ძმამ შეირთოს მისი ცოლი და აღუდგინოს თესლი თავის ძმას.

---------------
სურათზე: იუდა და თამარი