ჯვრის სიტყვა აბრკოლებს რელიგიურ და ამქვეყნიურ ფილოსოფოსებს


საკვანძო მუხლები:

მეორე რჯული 21 : 23 ; ლუკა 24 : 26 ; საქმენი მოციქულთა 2 : 32 ; საქმენი მოციქულთა 17 : 3 ; 1კორინთელთა 1 : 18 ; გალატელთა 3 : 13 ; ფილიპელთა 2 : 7 ; 1ტიმოთე 6 : 20 ; ებრაელთა 12 : 2 ;
1.9.41 ჯვრის სიტყვა აბრკოლებს რელიგიურ და ამქვეყნიურ ფილოსოფოსებს

ჯვრის სიტყვა სახარებაა ქრისტეს ჯვარცმის, სიკვდილისა და ბრწყინვალე აღდგომის სასიხარულო უწყების შესახებ, რომელიც ეხარება მის მორწმუნეთა ბაგეებით ქვეყნიერებას 1კორ.1,18

ბევრი იღებს მას, განსაკუთრებით ისინი, ვისი გულიც ბავშვის გულივით თავისუფალია ამქვეყნიური ტრადიციული თუ თანამედროვე "სიბრძნეებისგან".

ჯვრის სიტყვა კატეგორიულად მიუღებელია ბრმა არასახარებისეული რწმენის ფანატიკოსებისგან ან ახლახანს გაჩენილი რელიგიური ორგანიზაციებისგან დაბინდული გონებისა თუ თანამედროვეობის უღმერთო კულტების მსახურთა აზროვნებისთვის.

ჯვრის სიტყვა ანუ სახარება უგუნურებაა სხვა "სიბრძნით" დაკავებული გონებისთვის. სიბრძნე და უგუნურება კი დამოკიდებულია კაცის წინასწარ შეხედულებაზე, რისგანაც, ან არ იციან ჯვრის მნიშვნელობა ან საერთოდ გაურბიან მის ხსენებას.

__თემაზე წერდნენ__
***
ის, ვინც ადამიანურ სიბრძნეს ყველაფერზე მაღლა აყენებს, უარყოფს ღვთიურ ჭეშმარიტებას და დასცინის ქრისტიანებს, როგორც მიამიტ ადამიანებს. თუმცაღა ბიბლია ამბობს, რომ ამქვეყნიური სიბრძნე სისულელეა ღმერთის თვალში. თქვენი ასარჩევია, ვის ერწმუნებით.
მოციქულმა პავლემ ძალაუფლებით სავსე სიტყვა წარმოთქვა არეოპაგში ქადაგებისას, თუმცა ათენში მცხოვრებ ფილოსოფოსთა უმრავლესობას ჯვრის შესახებ ქადაგება სრულ უგუნურებად მოეჩვენა. დიახ, ისინი მზად იყვნენ მოესმინათ პავლესთვის (ჩვეულებისამებრ, ისინი ნებისმიერ ადამიანს უსმენდნენ), მაგრამ მათ არ მიიღეს სახარების ჭეშმარიტება. როცა პავლემ უთხრა მათ, რომ ქრისტე ჯვარს ეცვა რომაელთა მიერ და აღდგა მესამე დღეს, მხოლოდ რამდენიმემ ირწმუნა, ხოლო დანარჩენებმა დაცინვა დაუწყეს. მათ არ ისურვეს პავლეს სიტყვების შემოწმება, რადგან მან იქადაგა “ჯვრის უგუნურება.” მიუხედავად ამისა, პავლეს პასუხი ამქვეყნიურ ამაო ფილოსოფიაზე არ ყოფილა დაფუძნებული, რადგან ასეთ შემთხვევაში ჯვრის სიბრძნესა და ძალას ყოველგვარი აზრი დაეკარგებოდა. გაიხსენეთ, რა მისწერა მან კორინთოში მცხოვრებ ქრისტიანებს:
"ვინაიდან სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა მათთვის, რომელნიც იღუპებიან, ხოლო ჩვენთვის, რომელნიც გადავრჩებით, ღვთის ძალაა. რადგან წერია: ბრძენთა სიბრძნეს მოვსპობ და გონიერთა გონიერებას არად ჩავაგდებ. სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის ამ საუკუნის მოკამათე? განა სისულელედ არ აქცია ღმერთმა სიბრძნე ამ სოფლისა? ვინაიდან რაკი ღვთაებრივ სიბრძნეში ვერ იცნო ღმერთი სოფელმა თავისი სიბრძნით, ღვთისთვის სათნო იყო მორწმუნეთა ხსნა ქადაგების უგუნურებით. რადგან იუდეველნი მოითხოვენ სასწაულებს და ბერძნები სიბრძნეს ეძებენ. ხოლო ჩვენ ვქადაგებთ ჯვარცმულ ქრისტეს: იუდეველთათვის საცდურს და ბერძენთათვის – უგუნურებას. ხოლო მოწოდებულთათვის – იუდეველებისთვისაც და ბერძნებისთვისაც – ვქადაგებთ ქრისტეს – ღვთის ძალას და ღვთის სიბრძნეს. რადგან უგუნურება ღვთისა ადამიანებზე უბრძნესია და უძლურება ღვთისა – ადამიანებზე უძლიერესი. {1კორ.1:18-25}
__ ქრისტიანული არხი __

***
არსებობს აზრი, რომ ქრისტიანებს დიდი ხნის მანძილზე რცხვენოდათ ჯვარცმის ხსენება, რადგან იმხანად ეს მეტისმეტ შეურაცხყოფად და მდაბიოთა ხვედრად ითვლებოდა.
ჯვარზე სიკვდილი დამამცირებლად ითვლებოდა ძველ რომში და ღმერთმა ადამიანების გულისათვის მიიღო ეს დამამცირებელი სასჯელი
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ქრისტე ჯვარზე მილურსმული კი არ გამოიხატებოდა, არამედ მხოლოდ მის ფონზე.

***
ჯვრის სიტყვა
ვინც რომში პალატინუმის არქეოლოგიურ მუზეუმს სწვევია, ალბათ უნახავს ანტიკური ხანის ანტიქრისტიანული კარიკატურა, რომელზეც გამოსახულია ვირის თავიანი ჯვარცმული არსება და ადამიანი, რომელიც ამ ჯვარზე გაკრულს თაყვანს სცემს. ამ კარიკატურას თან ახლავს წარწერა: „ალექსამენოსი თაყვანს სცემს ღმერთს“. ეს კარიკატურა იმის საუკეთესო ილუსტრაციაა, თუ როგორ აღიქვამდა ანტიკური ბერძნულ-რომაული კულტურა ჯვარცმასა თუ ქრისტიანებს.

დიახ, სოკრატეს ან სენეკასგან განსხვავებით, იესოს არ დაუმთავრებია თავისი დღეები ღირსეული სიკვდილით - იგი ჯვარცმულ იქნა! ჯვარცმა კი რომაულ სადამსჯელო რეპერტუარში გამოიყენებოდა ყველაზე მდაბიო და ყველაზე საშინელი დამნაშავეების წინააღმდეგ.

„ყველაზე სასტიკი და ყველაზე საზიზღარი დასჯის მეთოდი, განკუთვნილი მხოლოდ მონებისათვის“ - დაწერს ჯვარცმაზე ციცერონი. „თუ სიტყვა ‘საამო’ ყურს ეფერება, სიტყვა ‘ჯვარი’ უხეშად ჟღერს“ - აღნიშნავს ციცერონის მეგობარი ვარონი. რატომ ჟღერდა სიტყვა ‘ჯვარი’ უხეშად რომაული ყურისთვის? როგორც პლავტუსის ტექსტები გვამცნობენ, ამ სიტყვას თურმე მონები და კახპა ქალები იყენებდნენ გინების დროს...

ანალოგიური იყო ჯვარცმისადმი ებრაელების დამოკიდებულება: ებრაული ტრადიციის მიხედვით ხომ ღვთის მიერ იყო დაწყევლილი ხეზე ჩამოკიდებული?! - რჯლ.21,23. „დაგვიმტკიცე, რომ ის (მესია) უნდა ჯვარცმულ ყოფილიყო და მომკვდარიყო ასეთი სამარცხვინო და უკადრისი სიკვდილით, რომელიც დაწყევლილია რჯულის კანონის მიერ“ - შეედავება რაბინი ტრიფონი ქრისტიან აპოლოგეტ იუსტინეს. „ისინი ამბობენ, რომ ჩვენი სიგიჟე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ჯვარცმულ ადამიანს ვაყენებთ მეორე ადგილზე სამყაროს შემქმნელი, უცვლელი და მარადიული ღმერთის შემდეგ“ - აღიარებს სასოწარკვეთილი იუსტინე...
სიკვდილით დასჯილი ღმერთის შვილი? როგორც მდაბიო ბოროტმოქმედი, სირცხვილის ხეზე გაკრული მესია? შეიძლება უფრო სკანდალური პარადოქსის წარმოდგენა ანტიკური ბერძნულ-რომაული ყურის ან ებრაული თვალისთვის?!

„მან მონობის ხატი შეიმოსა“ (ფლპ.2,7.), „თავი დაიწყევლა“ (გალ.3,13.), ზუსტად ამიტომ დაწერს ამ სიტყვებს იესოზე პავლე მოციქული.

მიუხედავად იმისა, რომ პავლეს თანამედროვეებისთვის ჯვარი მხოლოდ და მხოლოდ ეგზეკუციის საშინელი ინსტრუმენტია, მოციქული მაინც არ შეეცდება განაცალკევოს იესოს სისხლი იესოს „ჯვრის სიტყვისგან“ (1 კორ.1,18). პირიქით, პავლე მოციქული, „ჯვრის სიტყვას“ საკუთარი ქადაგების სულად და გულად, ქრისტიანული თეოლოგიის ცენტრად აქცევს.

(წარმოიდგინეთ ერთი წამით მქადაგებელი, რომელიც „გილიოტინას სიტყვაზე“ საუბრობს...).

ამიტომაც მეორე საუკუნის ყველაზე დიდი ინტელექტუალები - ტაციტუსი თუ სვეტონიუსი - ქრისტიანულ მოძღვრებას მოიხსენიებენ, როგორც ყველაზე საძაგელ ცრურწმენას. ტაციტუსისა და სვეტონიუსის მეგობარ პლინიუს უმცროსისათვის კი ყველაზე გამაოგნებელი ის იყო, რომ არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც როგორც ღმერთს სცემდნენ თაყვანს პიროვნებას, რომელიც რომაულმა ადმინისტრაციამ ჯვარზე აცვა როგორც სახელმწიფო დამნაშავე...
სწორედ ამიტომ დაწერს სასოწარკვეთილი პავლე მოციქული - „ჩვენ კი ვქადაგებთ ჯვარცმულ ქრისტეს: იუდეველთათვის სკანდალურს, ბერძენთათვის სიშლეგეს“ (1 კორ.1,23.).

როდესაც პავლე საუბრობდა ჯვარცმული ქრისტეს ქადაგებით გამოწვეულ პარადოქსზე (1 კორ.1,18-23.), იგი არც ქარაგმულ ენას იყენებდა და არც რიტორიკულ ხერხს მიმართავდა. პავლე მოციქული ამგვარად ხაზს უსვამდა იმ მწარე რეალობას, რომლის თვალის გასწორებაც მას უწევდა მისიონერული ქადაგების დროს.

დღეს, როცა ყოველ მეორე ქრისტიანს გულზე ჯვარი უკიდია, ძნელია იმის წარმოდგენა თუ რა მასშტაბის სკანდალურ პარადოქსს წარმოადგენდა პავლეს თანამედროვისთვის ჯვარცმული მესია (წარმოიდგინეთ ერთი წამით მორწმუნე გულზე ჩამოკიდებული მინიატურული გილიოტინით).
ამ სიტუაციაში იესოს მოციქულებს თეოლოგიური ლოგიკა, ერთადერთ გამოსავალს უტოვებდა: მიეჩქმალათ ჯვარცმის ფაქტი, რათა დროის განმავლობაში იგი დავიწყებას ყოფილიყო მიცემული. მაგრამ არა! პავლეს კვალდაკვალ ახალი აღთქმის სხვა ავტორები - ლუკ.24,25-27.46., საქ.2,32-35; 17,2-3 ებრ.12,2 - მზად იყვნენ მედგრად დამდგარიყვნენ ამ არნახული თეოლოგიური გამოწვევის წინაშე.
__ ლაშა ოთხმეზური __

***
დღეს საჭიროა, სახარებისეულმა ქრისტიანებმა მოიგერიონ როგორც ე.წ. მოძღვრების, ასევე ამქვეყნიური ფილოსოფოსების თავდასხმები.
1ტიმოთე 6
20. ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი, რაც მოგენდო, ერიდე უკეთურ ფუჭსიტყვაობას და ცრუმეცნიერების უკუღმართობას,
21. რაც საქმედ გაიხადა ზოგიერთმა და კიდევაც განუდგა რწმენას. მადლი თქვენთან. ამინ.