3 მაკაბელთა 5
- 1
მაშინ მეფემ მოიხმო ჰერმონი სპილოების ზედამხედველი და რისხვითა და დაუოკებელი ბრაზით აღსავსემ
- 2
უბრძანა, მეორე დღისთვის უხვად ეკმიათ საკმეველი და შეესმიათ განუზავებელი ღვინო ორმოცდაათივე სპილოსთვის, რამდენიც ჰყავდათ, და გაშმაგებული ცხოველები მიესიათ იუდაელებისთვის მათ დასაღუპად.
- 3
ეს განკარგულება რომ გასცა, გამართა ნადიმი და მოიწვია მეგობრები და მეომრები, ისინი, ვინც განსაკუთრებით მტრულად იყო განწყობილი იუდაელების მიმართ.
- 4
ხოლო სპილოთა ზედამხედველმა ჰერმონმა პატიოსნად შეასრულა ბრძანება.
- 5
საღამოხანს ამ საქმის აღმსრულებელნი მივიდნენ და ხელები შეუკრეს იმ უბედურთა და ყარაული დაუყენეს; დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ერთი ღამეც და ეს ტომი მთლიანად განადგურდებოდა.
- 6
მაგრამ ბორკილდადებული იუდაელები, წარმართებს რომ ყოველმხრივ შევიწროვებულნი და ყველანაირ მფარველობას მოკლებულნი ეგონათ,
- 7
ცრემლის ღვრითა და ღაღადისით მოუხმობდნენ ყოვლისმპყრობელ უფალს და ყოველი ძალის გამრიგეს, თავიანთ მოწყალე ღმერთსა და მამას,
- 8
შესთხოვდნენ, განერიდებინა მათგან ავი ზრახეა და დიადი გამოცხადებით დაეხსნა ისინი მათთვის გამზადებული ბედისწერისგან.
- 9
მათი მხურვალე ლოცვა-ვედრება ავიდა ცამდე.
- 10
როცა მძვინვარე სპილოებს უზომო ღვინო შეასვა და საკმევლით გააძღო, ჰერმონი დილით ადრე სასახლეში წარდგა, რათა მეფისთვის მზადყოფნა მოეხსენებინა.
- 11
მაგრამ უფალმა მოჰგვარა მეფეს ძილი - ეს კურთხეული ქმნილება, რომელიც დასაბამიდან, დღისით თუ ღამით, მის მიერ მიემადლება ყველას, ვისთვისაც მოისურვებს.
- 12
მეუფის წყალობით მოიცვა იგი ღრმა და ტკბილმა ძილმა და სრულიად ჩაიშალა მისი უღვთო ჩანაფიქრი და ურყევი გადაწყვეტილება.
- 13
ხოლო იუდაელები, რაკი მოსალოდნელ სასჯელს გადაურჩნენ, ადიდებდნენ თავიანთ წმიდა ღმერთს და კვლავ შესთხოვდნენ მათდამი ლმობიერად მომხედავს, ეჩვენებინა თავისი ყოვლისშემძლე მარჯვენის ძალა გათავხედებული წარმართებისათვის.
- 14
მეათე საათის ნახევარი არ იყო გასული, როცა მესტუმრეთუხუცესმა დაინახა თავშეყრილი სტუმრები და გასაღვიძებლად ეახლა მეფეს.
- 15
ძლივს გააღვიძა იგი და აუწყა, რომ უკვე იწურებოდა ნადიმის დრო და ანგარიში ჩააბარა შესრულებული დავალების თაობაზე.
- 16
როცა გონს მოეგო, მეფე კვლავ მიუბრუნდა მას და უბრძანა ნადიმზე მოწვეულებს, ინახით დამსხდარიყვნენ მის წინ.
- 17
ბრძანება რომ შესრულდა, მეფემ თანამეინახეებს მოუწოდა, ნადიმის დარჩენილი დრო მხიარულად გაეტარებინათ.
- 18
როცა ლხინში შევიდნენ, მეფემ დაიბარა ჰერმონი და მკაცრად ჰკითხა, თუ რა მიზეზით გადარჩნენ დღევანდელ დღეს იუდაელები.
- 19
მან მოახსენა, რომ წინა ღამითვე ჰქონდა განკარგულება შესრულებული; მეფის მეგობრებმაც დაადასტურეს ეს.
- 20
მაშინ ფალარისზე უარესად გაშმაგებულმა მეფემ თქვა: დაე, დღევანდელ ძილს უმადლოდნენო იუდაელები, და უბრძანა ჰერმონს მეორე დღისთვის, დაუყოვნებლივ, განკარგულებისამებრ მოემზადებინა სპილოები ურჯულო იუდაელების შესამუსრავად.
- 21
მეფის ამ სიტყვებზე ყველა იქ მყოფმა ხალისით გამოხატა კმაყოფილება და თავთავიანთ სახლებში წავიდნენ.
- 22
მაგრამ ის ღამე ძილში კი არ გაატარეს, არამედ ფიქრობდნენ, როგორ დაემცირებინათ ხალხი, რომელიც სასიკვდილოდ განწირულად მიაჩნდათ.
- 23
დილაადრიანად, როგორც კი მამალმა იყივლა, მოამზადა ჰერმონმა მხეცები და დიდი პერისტილონიდან დაძრა ისინი.
- 24
ბევრმა მოიყარა თავი ქალაქიდან ამ საცოდაობის სახილველად და მოუთმენლად ელოდნენ გათენებას.
- 25
იუდაელები კი სულგამწარებულნი ცრემლებს ღვრიდნენ და გოდებით იწვდიდნენ ხელებს ცისკენ; ევედრებოდნენ დიდ ღმერთს, კვლავაც მოევლინებინა მათთვის ხსნა.
- 26
ჯერ კიდევ მზის სხივების მოფენამდე, როცა მეფე თავის მეგობრებს იღებდა, მოვიდა ჰერმონი და მოახსენა, რომ ყველაფერი მზად იყო მეფის განკარგულების აღსასრულებლად, და გასასვლელისკენ იწვევდა მათ.
- 27
ნათქვამითა და გასასვლელისკენ მოულოდნელი მიწვევით განცვიფრებულმა მეფემ, რადგან სრულიად დავიწყებული ჰქონდა თავისი განკარგულება, იკითხა, თუ რა საქმეს აღასრულებენ მისთვის ესოდენი გულმოდგინებით.
- 28
ასეთი იყო ქმედება ყოვლისგამრიგე ღმერთისა, რომელმაც დაავიწყა მეფეს ყველაფერი, რაც მოფიქრებული ჰქონდა.
- 29
ხოლო ჰერმონმა და მეფის მეგობრებმა მიახედეს მხეცებისკენ და ჯარისკენ და უთხრეს: ყველაფერი მზადაა, მეფეო, შენი განკარგულებისამებრ.
- 30
ამ სიტყვების გაგონებაზე მეფე დიდად განრისხდა, რადგან ღვთაებრივმა განგებამ გონებიდან გაუფანტა ჩანაფიქრი და სახეგამწყრალმა მუქარით თქვა:
- 31
შენი მშობლები და შვილები რომ ყოფილიყვნენ აქ, მათ გავამზადებდი მხეცებისთვის სანადიმოდ იუდაელების ნაცვლად, რომლებმაც თავდადება და ერთგულება დამიმტკიცეს.
- 32
რომ არ მიყვარდე, რადგან ერთად ვართ გაზრდილნი და არ მჭირდებოდე, მათ ნაცვლად შენ გამოეთხოვებოდი სიცოცხლეს.
- 33
ასე დაატყდა თავზე ჰერმონს მოულოდნელი და სახიფათო მუქარა და შეეცვალა მზერა და სახე.
- 34
მეფის მეგობრებიც ყველანი მოღუშულები წავიდნენ, წვეულება დაიშალა და თითოეული თავის საქმეს ეწია.
- 35
იუდაელებმა კი, მეფის ნათქვამი რომ შეიტყვეს, ადიდეს გამოცხადება ღმერთისა, მეფეთა მეფისა, რომელმაც მოუტანა მათ ხსნა.
- 36
ეს რომ დაადგინა მეფემ, კვლავ გამართა ნადიმი და სამხიარულოდ მოიწვია სტუმრები.
- 37
ხოლო ჰერმონი მოიხმო და მუქარით უთხრა: რამდენჯერ უნდა გიბრძანო, უმაქნისო, ეს საქმე?
- 38
კიდევ მოამზადე სპილოები ხვალისთვის იუდაელთა გასანადგურებლად.
- 39
ხოლო მეფის დაახლოებულმა პირებმა, რომლებიც სუფრას უსხდნენ მასთან ერთად, გაიკვირვეს მეფის მერყეობა და მოახსენეს:
- 40
ვიდრემდის უნდა გვცდიდე, მეფეო, როგორც ბრიყვებს? აკი უკვე მესამეჯერ ბრძანებ იუდაელთა მოსპობას და საქმე საქმეზე როცა მიდგება, ცვლი და აუქმებ დადგენილებას.
- 41
მოლოდინშია მთელი ქალაქი და შფოთავს; უამრავი ხალხით არის ავსებული და გაძარცვის მუდმივ საფრთხეშია.
- 42
ხოლო მეფემ, ყველაფერში ფალარისის მსგავსმა და უგუნურებით აღვსილმა, ჩაიხშო იუდაელთა მიმართ აღძრული სინანულის გრძნობა და სასტიკი ფიცით დაიფიცა, რომ დაუყოვნებლივ შავეთში გაგზავნიდა ცხოველთა ფეხქვეშ გათელილ იუდაელებს.
- 43
შემდეგ კი იუდაზე გაილაშქრებდა და ცეცხლითა და მახვილით მიწასთან გაასწორებდა მას; სწრაფად დაამხობდა მისთვის მიუწვდომელ ტაძარს, ცეცხლით გადაბუგავდა და სამუდამოდ გააუკაცრიელებდა მსხვერპლის შემწირველთაგან.
- 44
მაშინ მეფის მეგობრები, დაახლოებული პირები, დიდი სიხარულით დაიშალნენ და გულდაჯერებულებმა ჯარები ქალაქის ყველაზე მოხერხებულ ადგილებში განალაგეს დასაცავად.
- 45
როცა სპილოთა ზედამხედველმა გამაბრუებელი სასმელით - საკმეველნარევი ღვინით ლამის სიგიჟემდე მიიყვანა ცხოველები და საშინელი იარაღებით აღჭურვა ისინი,
- 46
და ქალაქიც აივსო იპოდრომისკენ მიმავალი ურიცხვი ბრბოებით, ეახლა იგი მეფეს და შეახსენა აღსასრულებელი საქმე.
- 47
მეფეც, მძიმე რისხვითა და უღვთო განზრახვით აღძრული, მთელს ამალასთან ერთად გავიდა იპოდრომზე, რათა გულგაქვავებულს საკუთარი თვალით ეყურებინა განწირული ხალხის უწყალო განადგურებისთვის.
- 48
როგორც კი იუდაელებმა შეამჩნიეს კარიბჭიდან მომავალი სპილოების, მათი თანმხლები ჯარებისა და ბრბოს მსვლელობით ავარდნილი მტვრის კორიანტელი, და გაიგონეს ყურთასმენის წამღები ხმაური,
- 49
იფიქრეს, სიცოცხლის უკანასკნელი წუთებიღა დაგვრჩენია და დასრულდა ჩვენი მოლოდინიო, მოთქმა-გოდებით დაუწყეს ერთმანეთს ყელზე კოცნა, ეხვეოდნენ ერთმანეთს ნათესავები: მშობლები - შვილებს, დედები - ყრმებს, ზოგი მკერდში იხუტებდა ახალშობილ ჩვილებს, უკანასკნელად რომ სწოვდნენ ძუძუს.
- 50
მაგრამ როცა გაიხსენეს ამასწინათ ზეცით მოვლენილი სასწაული, ერთსულოვნად პირქვე დაემხნენ, მოიცილეს რა მკერდიდან ჩვილები;
- 51
ხმამაღლა შეღაღადეს ძალთა გამრიგეს და შესთხოვეს, გამოცხადებულიყო და შეეწყალებინა შავეთის კარიბჭეს მიყენებულნი.