1 მაკაბელთა 1
- 1
გამოჩნდა ალექსანდრე მაკედონელი, ფილიპეს ძე, რომელიც გამოვიდა ხეთელთა ქვეყნიდან და დაამარცხა დარიოსი, სპარსთა და მიდიელთა მეფე და გამეფდა მის ნაცვლად, თავდაპირველად საბერძნეთზე.
- 2
გადაიხადა მრავალი ომი, დაიპყრო ციხე-სიმაგრენი და გაწყვიტა ქვეყნის მეფენი.
- 3
მიაღწია ქვეყნის კიდემდე და აკრიფა დიდძალი ხარკი ხალხებისაგან. როცა დაცხრა ქვეყანა მის წინაშე, აღზევდა იგი და გადიდგულდა.
- 4
შეკრიბა დიდძალი ჯარი და განაგებდა ქვეყნებს, ხალხებს და ხელმწიფეებს, და იქცნენ მის მოხარკეებად.
- 5
ამის შემდეგ ჩავარდა იგი ლოგინად და მიხვდა, რომ კვდებოდა.
- 6
მოუხმო თავის დიდებულებს, ყმაწვილობიდანვე მასთან გამოზრდილთ, და გაუყო მათ თავისი სამეფო ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში.
- 7
იმეფა ალექსანდრემ თორმეტი წელი და მიიცვალა.
- 8
შემდეგ განაგებდნენ მისი მორჩილნი - თითოეული თავის სამფლობელოში.
- 9
მისი სიკვდილის მერე თითოეულმა დაიდგა თავზე გვირგვინი, მათ შემდგომ კი ასევე იქცეოდნვნ მათი ვაჟები მრავალი წლის განმავლობაში, და განამრავლეს ბოროტება ქვეყანაზე.
- 10
მათგან გამოვიდა ცოდვილი ფესვი - ანტიოქოს ეპიფანე, ძე მეფე ანტიოქოსისა, რომელიც იყო მძევლად რომში, და გამეფდა ელინთა მეფობის ასოცდამეჩვიდმეტე წელს.
- 11
იმ დღეებში ისრაელიდან გამოვიდნენ ურჯულონი და აცთუნებდნენ მრავალს, ამბობდნენ: წავიდეთ და შევეკრათ ჩვენს გარემოსახლე ხალხს, რადგან მას შემდეგ, რაც მათ გამოვეყავით, მრავალი ბოროტება მოიწიაო ჩვენზე.
- 12
მოეწონათ მათ ეს სიტყვა.
- 13
ზოგიერთმა ხალხიდან მოიწადინა და გაეშურნენ მეფისაკენ, და მან დართო მათ ნება, დაეცვათ წარმართთა წეს-ჩვეულებანი.
- 14
ააშენეს იერუსალიმში სასწავლებელი წარმართთა წესისამებრ,
- 15
დაიწესეს თავიანთთვის წინდაუცვეთლობა და განდგნენ წმიდა რჯულისგან, შეეკრნენ წარმართებს და ავის საქმნელად გაყიდეს თავი.
- 16
როცა განმტკიცდა ქვეყანა ანტიოქოსის წინაშე, გადაწყვიტა მან ეგვიპტეზე გამეფებულიყო, რათა ორ სახელმწიფოზე ემეფა.
- 17
შევიდა ეგვიპტეში ურაცხვი ლაშქრით, ეტლებითა და სპილოებით, მხედრებითა და მრავალი ხომალდით.
- 18
და შეებრძოლა ეგვიპტის მეფე პტოლემეოსს. დაფრთხა პტოლემეოსი მის წინაშე და გაიქცა, და მრავალი დაჭრილი დაეცა.
- 19
დაეუფლნენ ეგვიპტის ქვეყანაში ციხე-ქალაქებს და აიღო ნადავლი ეგვიპტის ქვეყნიდან.
- 20
გაბრუნდა ანტიოქოსი ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ ასორმოცდამესამე წელს და გაილაშქრა ისრაელზე და მიადგა იერუსალიმს დიდძალი ჯარით.
- 21
ქედმაღლურად შევიდა საწმიდარში, აიღო ოქროს სამსხვერპლო, სასანთლე და ყოველი მისი ჭურჭელი.
- 22
შესაწირავი ტაბლა, საღვრელი ფიალები, ოქროს ბარძიმი, ფარდა, გვირგვინები და ტაძრის გარეთა ოქროს მორთულობა.
- 23
მიითვალა ვერცხლი და ოქრო, ძვირფასი ჭურჭელი და მიიტაცა დამალული განძი, რაც კი იპოვა.
- 24
მოხვეტა ყოველივე და გაბრუნდა თავის ქვეყანაში; სჩადიოდა მკვლელობას და ამპარტავნულად ლაპარაკობდა.
- 25
შეიქნა დიდი გლოვა ისრაელის ყოველ მხარეში.
- 26
კვნესოდნენ მთავრები და უხუცესები, ქალიშვილები და ჭაბუკები დაუძლურდნენ, გაცუდდა ქალების სიტურფე.
- 27
გლოვას მიეცა ყოველი სიძე და ქორწილის სარეცელზე მჯდომი ვაებდა.
- 28
მიწაც კი შეიძრა მასზე მცხოვრებთათვის და მთელი სახლი იაკობისა სირცხვილმა დაფარა.
- 29
ორი წლის შემდეგ გაგზავნა მეფემ გადასახადის უფროსი იუდას ქალაქებისკენ და შევიდა იერუსალიმში დიდძალი ლაშქრით.
- 30
მიუთხრთ მათ სამშვიდობო სიტყვები ეშმაკობით და ერწმუნენ მას. მაგრამ უეცრად შეიჭრა ქალაქში და სასტიკად მოაოხრა.
- 31
მოკრიფა ალაფი ქალაქიდან და ცეცხლით გადაბუგა, დააქცია მისი სახლები და გარეშემო კედლები.
- 32
დაატყვევეს ქალები და ბავშვები და დაეუფლნენ საქონელს.
- 33
შემოზღუდეს დავითის ქალაქი დიდი და მტკიცე კედლით, მტკიცე კოშკებით და იქცა მათ ციხე-სიმაგრედ.
- 34
დაასახლეს იქ ცოდვილი ხალხი და ურჯულო კაცები დაეფუძნენ იქ.
- 35
მოიმარაგეს იარაღი და საზრდო, მოხვეტეს იერუსალიმიდან ხარკი. განლაგდნენ იქ და შექმნეს დიდი მახე.
- 36
ჩაუსაფრდნენ საკურთხეველს და ექმნენ ბოროტ მტრად ისრაელს ყოველმხრივ.
- 37
დაღვარეს უცოდველი სისხლი საწმიდარის ირგვლივ წაბილწეს საწმიდარი.
- 38
მათ გამო გაიქცნენ იერუსალიმის მკვიდრნი; უცხოთა საცხოვრებელი გახდა იგი და უცხოდ ექცა მათ ჩამომავლებს, და მიატოვეს იგი მათმა შვილებმა.
- 39
გავერანდა მისი საწმიდარი, როგორც უდაბნო; მისი დღესასწაულები გლოვად შეიცვალა, მისი შაბათები - ძაძებად, დიდება მისი - სირცხვილად.
- 40
მისი დიდების წილ გამრავლდა მისი უპატიობა და მისი ზეობა გლოვად შეიცვალა.
- 41
მისწერა მეფემ მთელს თავის სამეფოს, რომ ყველა ხალხი ერთი ყოფილიყო და
- 42
ყველას დაეგდო თავისი წეს-ჩვეულება. ყველა ხალხი დაჰყვა მეფის სიტყვას.
- 43
ისრაელიდან ბევრმა მოიწონა მისი სამსახური და მსხვერპლს სწირავდნენ კერპებს და ბილწავდნენ შაბათს.
- 44
გაგზავნა მეფემ წიგნი იერუსალიმში და იუდას სხვა ქალაქებში, რომ ქვეყნისთვის უცხო ზნე-ჩვეულებებს მიჰყოლოდნენ.
- 45
აეკრძალათ აღსავლენი, მსხვერპლშეწირვა და საღვრელი სამსხვერპლოზე, და წაებილწათ შაბათი და დღესასწაულები.
- 46
შეესვარათ საწმიდარი და წმიდა საგნები,
- 47
აღემართათ ბომონები, ნაკრძალები და საკერპოები, შეეწირათ ღორები და უსურმაგები,
- 48
დაეტოვებინათ თავიანთი ვაჟები წინდაუცვეთლად, შეებღალათ თავი ყოველი უწმინდურობითა და სიბილწით.
- 49
რათა დავიწყებოდათ რჯული და ყოველი მცნება.
- 50
და თუკი ვინმე არ მოიქცეოდა მეფის სიტყვისამებრ, უნდა მომკვდარიყო.
- 51
ამ სიტყვების თანახმად მისწერა მთელ თავის სამეფოს და დაუდგინა ზედამხედველნი მთელ ხალხს და აიძულა იუდას ქალაქებს ზორვა.
- 52
ხალხიდან ბევრმა, ვინც დააგდო მცნება და შეუერთდა მათ, ყველამ დაიწყო ბოროტების ჩადენა ქვეყანაში.
- 53
აიძულეს ისრაელი, დამალულიყო ყოველ მის თავშესაფარში.
- 54
ქისლევის მეთხუთმეტე დღეს, ასორმოცდამეხუთე წელს, დაამკვიდრეს გატიალების სისაძაგლე სამსხვერპლოზე და ბომონები წამოჭიმეს იუდას გარშემო ქალაქებში,
- 55
და აკმევდნენ სახლების კარის წინ და ქუჩებში.
- 56
რჯულის წიგნს თუ იპოვნიდნენ, ფლეთდნენ და ცეცხლში წვავდნენ.
- 57
სადაც კი ვინმეს აღთქმის წიგნს აღმოუჩენდნენ, ან თუკი ვინმე რჯულს აღიარებდა, მეფის სამართლით კლავდნენ.
- 58
მძლავრობდნენ ისრაელზე, ყველაზე, ვინც კი თვიდან თვემდე ქალაქში აღმოჩნდებოდა.
- 59
თვის ოცდახუთს უზორავდნენ კერპს, რომელიც სამსხვერპლოს წინაშე იდგა.
- 60
ცოლებს, რომლებიც თავიანთ შვილებს წინდაცვეთდნენ, ბრძანებისამებრ აშთობდნენ;
- 61
ჩვილებს კისრებით ჰკიდებდნენ, მათ სახლებს არბევდნენ, წინდამცვეთლებს კი ხოცავდნენ.
- 62
მაგრამ მრავალნი გამხნევდნენ ისრაელში და მტკიცედ დადგნენ, რომ არ ეჭამათ უწმიდურება.
- 63
მიიღეს სიკვდილი, რათა არ წაბილწულიყვნენ საჭმელით და არ შეერყვნათ წმიდა აღთქმა. ასე დაიხოცნენ.
- 64
დიდზე დიდი რისხვა იყო ისრაელის თავზე.