ბარუქი 3
- 1
უფალო, ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო, ისრაელისა, სული შევიწროებული და სული შეწუხებული შემოგღაღადებს შენ.
- 2
შეისმინე, უფალო, და შეგვიწყალე, რადგან შევცოდეთ შენს წინაშე,
- 3
რადგან შენ საუკუნოდ დამკვიდრებული ხარ, ჩვენ კი - საუკუნოდ დაკარგულები.
- 4
უფალო, ყოვლისამპყრობელო, ღმერთო ისრაელისა, შეისმინე ვედრება ისრაელის მკვიდრებისა და მათი შვილებისა, რომელთაც სცოდეს შენს წინაშე, რომელთაც არ შეისმინეს ხმა უფლისა, მათის ღვთისა, და აგვეწება ჩვენ უბედურებანი.
- 5
ნუ გაიხსენებ ჩვენი მამა-პაპის უსამართლობებს, არამედ გაიხსენე შენი ხელი და შენი სახელი ამ ჟამს,
- 6
რადგან შენ ხარ უფალი, ჩვენი ღმერთი და გადიდებთ შენ, უფალო.
- 7
რადგან მოგვეცი შენი შიში ჩვენს გულებში, რომ მოვუხმოთ შენს სახელს და გადიდოთ შენ ჩვენს გადასახლებაში, რადგან განვდევნეთ ჩვენი გულებიდან ყველა ჩვენი მამა-პაპის უსამართლობა, რომელთაც სცოდეს შენს წინაშე.
- 8
აჰა, დღეს ჩვენს გადასახლებაში ვართ, სადაც გაგვფანტე ჩვენს შესაგინებლად და შესაჩვენებლად, და დასასჯელად ყველა უსამართლობის გამო ჩვენი მამა-პაპისა, რომელნიც განუდგნენ უფალს, ჩვენს ღმერთს.
- 9
ისმინე, ისრაელ, მცნებანი ცხოვრებისა, ყურად იღე ჩასაწვდომად სიბრძნისა.
- 10
რა არის ეს, ისრაელ, რომ მტრის მიწაზე ხარ, რომ დაბერდი უცხო მიწაზე.
- 11
წაიბილწე მკვდრებთან ერთად, შეირაცხე ჯოჯოხეთში მყოფთა შორის?
- 12
შენ დატოვე წყარო სიბრძნისა.
- 13
ღვთის გზით რომ გევლო, მშვიდობით დამკვიდრდებოდი საუკუნოდ.
- 14
ისწავლე, სად არის სიბრძნე, სად არის ძალა, სად არის გაგება, რათა ამასთან ერთად შეიცნო, სად არის დღეგრძელობა და სიცოცხლე, სად არის სინათლე თვალთა და მშვიდობა.
- 15
ვინ იპოვა მისი ადგილი და ვინ შევიდა მის საუნჯეში?
- 16
სად არიან ხალხთა მთავარნი და დედამიწის ცხოველთა მეუფენი,
- 17
ისინი, რომელნიც ზეცის ფრინველებით იქცევდნენ თავს, მომხვეჭელნი ოქრო-ვერცხლისა, რომელთა იმედი აქვს ხალხს და რომელთა ხვეჭას ბოლო არ უჩანს;
- 18
ან ისინი, ვერცხლს რომ ამუშავებდნენ და ერთ ზრუნვაში იყვნენ, რომელთა ნახელავი აღარსად ჩანს?
- 19
გაქრნენ და ჯოჯოხეთში ჩავიდნენ და სხვანი გამოჩდნენ მათ სანაცვლოდ.
- 20
ახალგაზრდებმა იხილეს ნათელი და დამკვიდრდნენ მიწაზე, მაგრამ ცოდნის გზა ვერ ისწავლეს;
- 21
ვერც მისი ბილიკები გაიგნეს და ვერც მას ჩასწვდნენ; მათი შვილები შორს იყვნენ მისი გზისგან.
- 22
არც ქანაანში გაისმა იგი და არც თემანში გამოჩნდა;
- 23
ვერც აგარის შვილებმა, რომელნიც მიწიერ ცოდნას ეძიებდნენ, ვერც მერანისა და თემანის ვაჭრებმა, ვერც მთხრობელებმა და ვერც ცოდნის მძებნელებმა ვერ გაიგნეს სიბრძნის გზა და ვერ გაიხსენეს მისი ბილიკები.
- 24
ო, ისრაელ, რა დიდია ღვთის სახლი და რა ვრცელია მისი სამფლობელო!
- 25
დიდია იგი და არა აქვს დასასრული, მაღალია და განუსაზღვრელი.
- 26
იქ იშვნენ ბუმბერაზები, რომლებიც სახელოვანნი იყვნენ დასაბამიდან, ტანმაღალნი, მცოდნენი ომისა.
- 27
მაგრამ ისინი არ გამოურჩევია ღმერთს და არც ცოდნის გზა მიუცია მათთვის;
- 28
დაიღუპნენ, რადგან არ ჰქონდათ სიბრძნე, დაიღუპნენ თავიანთი უგუნურებით.
- 29
ვინ ავიდა ზეცად, ვინ აიღო სიბრძნე და ჩამოიტანა ღრუბლებიდან?
- 30
ვინ გავიდა ზღვის გაღმა და მოიპოვა, და წამოიღო იგი, რჩეულ ოქროზე უმჯობესი?
- 31
არავინაა შემმეცნებელი მისი გზისა და არც გულისხმისმყოფელი მისი ბილიკისა,
- 32
მაგრამ ყოვლის მცოდნემ იცის იგი, თავისი გონებით მოიპოვა მან, ვინც ქვეყნიერება განამზადა საუკუნოდ და აავსო იგი ოთხფეხა ცხოველებით,
- 33
ვინც ნათელს გვიგზავნის და მოდის ნათელი; მოუწოდა მას და ისიც დაემორჩილა მას თრთოლვით;
- 34
ვარსკვლავები განბრწყინდნენ თავიანთ სახმილავებში და გაიხარეს;
- 35
მოუხმო მათ და უპასუხეს: აქ ვართო! და სიხარულით გაუნათეს თავიანთ შემოქმედს.
- 36
ეს არის ღმერთი ჩვენი და სხვა არ შეირაცხება მის წინაშე.
- 37
მან იპიავა ყველა გზა ცოდნისა და მისცა იგი იაკობს, თავის მორჩილს, და ისრაელს, რომელიც შეიყვარა.
- 38
შემდგომად ამისა გამოჩნდა იგი დედამიწაზე და მიმოიქცეოდა ადამიანთა შორის.