ივდითი 4
- 1
გაიგეს იუდაში მცხოვრებმა ისრაელიანებმა ყოველივე, რაც უყო ხალხებს ოლოფერნემ, აშურელთა მეფის, ნაბუქოდონოსორის მთავარსარდალმა, თუ როგორ გაძარცვა და გაანადგურა ყველა მათი საწმიდარი.
- 2
შეშფოთდნენ მეტისმეტად თავიანთი თავის და იერუსალიმის გამო, შეძრწუნდნენ თავიანთი უფლის, ღმერთის ტაძრის გამო,
- 3
რადგან ახლადდაბრუნებულნი იყვნენ ტყვეობიდან, ახალი შეკრებილი იყო იუდას მთელი ხალხი: წმიდა ჭურჭელი, სამსხვერპლო და ტაძარი განწმენდილი იყო ბილწებისაგან.
- 4
დაგზავნეს ხალხი მთელ სამარიაში, კონაში, ბეთხორონში და ბელმაინში, იურიხონში და ქობაში, ესორისა და სალემის ხეობებში.
- 5
სასწრაფოდ დაიკავეს მაღალ მთათა ყველა მწვერვალი, ზღუდე შემოავლეს იქაურ სოფლებს და მოიმარაგეს ბრძოლისათვის სურსათ-სანოვაგე, რადგან ახლადმომკილი იყო მათი ყანები.
- 6
მისწერა მღვდელმთავარმა იოაკიმმა, იერუსალიმში რომ იყო იმხანად, მცხოვრებლებს ბეთულისა და ბეთომესთაიმისა (რომელიც ესდრელონის გასწვრივაა, დოთანის ახლოს მდებარე ველის წინ),
- 7
რომ დაეკავებინათ მთის მისადგომები, რადგან მათზე გადიოდა იუდაში შესასვლელი. აქ ადვილი იყო მომხდურთა შეჩერება, რადგან ორი კაცისთვისაც კი ვიწროა გასასვლელი.
- 8
ყველაფერი ისე მოიმოქმედეს ისრაელიანებმა, როგორც უბრძანეს მღვდელმთავარმა იოაკიმმა და ისრაელის მთელი ხალხის უხუცესობამ, ვინც კი იერუსალიმში იყვნენ.
- 9
ისრაელის ყოველმა მამაკაცმა დიდი თავდადებით შეჰღაღადა ღმერთს და დიდი თავდადებით მოუდრიკა ქედი.
- 10
მამაკაცებმა და მათმა ცოლებმა, მათმა ბავშვებმა, მათმა პირუტყვმა, ყოველმა მდგმურმა და მოჯამაგირემ და ვერცხლით ნასყიდმა ძაძა შემოირტყეს წელზე.
- 11
დაემხო ტაძრის წინ ისრაელის ყოველი კაცი, ქალი და ბავშვი - იერუსალიმის მკვიდრნი, ნაცარი დაიყარეს თავზე და გააფინეს თავიანთი ძაძები უფლის წინაშე.
- 12
ძაძითვე შემოსეს სამსხვერპლო და ერთსულოვნად და გულმოდგინებით შეჰღაღადეს ღმერთს, არ მიეცა მათი ყრმები დასატაცებლად, დედაკაცები წარსატყვევნდ, მათი სამკვიდროს ქალაქები გასანადგურებლად, სიწმიდენი შესაბილწად, საგინებლად და წარმართა გასხარებლად.
- 13
ისმინა უფალმა მათი ხმა და იხილა მათი გასაჭირი. მრავალი დღის განმავლობაში მარხულობდა ხალხი მთელს იუდასა და იერუსალიმში ყოვლისშემძლე წმიდა უფლის წინაშე.
- 14
იოაკიმი, მღვდელმთავარი და ყველანი, უფლის წინაშე წარმდგარი მღვდლები და ღვთისმსახურნი, ძაძით შემოსარტყლულნი, განუწყვეტლივ სწირავდნენ აღსვლენს, აღთქმებსა და ნებაყოფლობით ძღვენს ხალხისგან.
- 15
ვარშამანგებზე ნაცარი ჰქონდათ დაყრილი და მთელი ძალით შეჰღაღადებდნენ უფალს, კეთილი თვალით მოეხედა ისრაელის მთელი სახლისთვის.