ივდითი 2
- 1
მეთვრამეტე წელს კი, პირველი თვის ოცდაორს, ამურელთა მეფის, ნაბუქოდონოსორის, სახლში იყო სიტყვა მთელ ქვეყანაზე შურისძიების შესახებ, როგორც ნათქვამი ჰქონდა მას.
- 2
უხმო ყველა თავის მსახურსა და დიდებულს, გაუმხილა თავისი საიდუმლო ზრახვა და თავისი პირით გადაწყვიტა ყოველი ბოროტება ქვეყნისათვის.
- 3
მათ სასიკვდილო მსჯავრი დადეს ყოველ ხორციელს, რომელიც არ დაემორჩილებოდა მისი პირიდან გამოსულ სიტყვას.
- 4
როცა გადაწყვიტა თავისი განზრახვის აღსრულება, უხმო ნაბუქოდონოსორმა, აშურელთა მეფემ, ოლოფერნეს, თავისი ჯარის მთავარსარდალს, რომელიც მეორე კაცი იყო მის შემდეგ, და უთხრა:
- 5
ასე ამბობს დიდი მეფე, ბატონ-პატრონი მთელი ქვეყნის, წადი ჩემგან და თან წაიყვანე თავიანთ ძლიერებაში დარწმუნებული ვაჟკაცები, ასოციათასი ფეხოსანი და მრავალი ცხენი თორმეტიათასი მხედრითურთ.
- 6
წადი და დაეცი მთელ დასავლეთის ქვეყანას, რადგან არ დაემორჩილნენ ჩემს ბრძანებას.
- 7
გამოუცხადე, გამიმზადონ მიწა და წყალი, რადგან განრისხებული მივდივარ მათზე, რომ დავაბნელო მთელი მიწისპირი ჩემი მეომრების ფეხებით და ასაკლებად მივცე ისინი ჩემს მებრძოლებს.
- 8
მათი დაჭრილები აავსებენ მათსავე უფსკრულებს, მოდიდდება ყველა ნიაღვარი და მდინარე და წალეკავს მათ გვამებს.
- 9
წამოვასხამ ტყვეებს მთელი ქვეყნის კიდიდან.
- 10
შენ კი წადი და წინასწარ დამიპყარი ყველა მათი საზღვარი. ვინც თავისი ნებით ჩაგბარდებიან, შემინახე ისინი მათი განკითხვის დღემდე.
- 11
ურჩნი კი ნუ დაენანება შენს თვალს სასიკვდილოდ და ასაკლებად მთელს შენს ქვეყანაში.
- 12
რადგან ცოცხალი ვარ მე და ძლიერია ჩემი მეფობა. მითქვამს და აღვასრულებ კიდეც ამას ჩემი ხელით.
- 13
შენ კი ერთი რამეც არ შეცვალო შენი მეუფის ნათქვამიდან. აღასრულე ყოველაფერი ისე, როგორც გიბრძანე, ნუ დააყოვნებ ამის გაკეთებას.
- 14
წავიდა ოლოფერნე თავისი ბატონისგან, უხმო ყველა მბრძანებელს, სარდლებს და აშურელთა ლაშქრის მეთაურებს.
- 15
მწყობრში ჩააყენა რჩეული ვაჟკაცები, როგორც უბრძანა მისმა მეუფემ, რიცხვით თორმეტიათასი და მშვილდოსანი მხედარიც თორმეტი ათასი.
- 16
და დააწყო ისინი საბრძოლო წესისამებრ.
- 17
წაასხა უამრავი აქლემი, ვირი და ჯორი საბარგულებად და ურიცხვი ცხვარი, საქონელი და თხა გამოსაკვებად.
- 18
წაიღო საგზალი ყოველი კაცისთვის უხვად, და დიდძალი ოქრო და ვერცხლი მეფის სახლიდან.
- 19
დაიძრა მთელი თავისი ლაშქრითურთ სამგზავროდ, რომ წინ გაესწროთ ნაბუქოდონოსორ მეფისთვის და დაეფარათ მთელი დასავლეთის ქვეყნის პირი ეტლებით, მხედრებითა და რჩეული ფეხოსნებით.
- 20
აურაცხელი ჭრელი ბრბო კალიასავით გამოეფინა მათთან ერთად. როგორც მიწის მტვერს, მათ სიმრავლესაც არ ჰქონდა სათვალავი.
- 21
ნინევედან სამი დღის სავალზე მოადგნენ ბეკთილეთის ველს და დასცეს ბანაკი ბეკთილეთთან, მთის მახლობლად, ზემო კილიკიის მარცხნივ.
- 22
აქედან წაიყვანა მთელი თავისი ლაშქარი, ფეხოსნები, მხედრები და ეტლები და გაემართა მთიანეთისკენ.
- 23
აიკლო ფული და ლუდი, გაძარცვა მთელი რასის ხალხი და ისმაელიანები, ქილიონის სამხრეთით, უდაბნოს პირას რომ ცხოვრობდნენ.
- 24
გადალახა ევფრატი, გადაიარა შუამდინარეთი და დაანგრია ყველა დიდებული ქალაქი აბრონის ხევიდან ზღვამდე.
- 25
დაიპყრო კილიკიის საზღვრები და გაანადგურა ყოველი წინააღმდგომელი და მოადგა იაფეთის სამხრეთ საზღვარს, არპეთის პირდაპირ.
- 26
შემოერტყა მიდიანელებს, გადაწვა მათი კარვები და გაძარცვა მათი ფარეხები.
- 27
პურის მკის დღეებში ჩავიდა დამასკოს ველზე და ცეცხლს მისცა მთელი მათი ყანები, გაანადგურა მათი ფარები და ნახირი, გაძარცვა ქალაქები, ააოხრა მინდვრები, მახვილის პირით ამოწყვიტა მათი წვრილშვილი.
- 28
შიშის ზარი დაეცა ზღვისპირეთის მოსახლეობას - სიდონსა და ტვიროსში მყოფთ, ცურისა და ოკინას მოსახლეობას, იმნას მთელ მოსახლეობას, ძალზე შეეშინდათ მათი აშდოდედებს და აშკელონელებს.