ივდითი 16
- 1
თქვა ივდითმა: ადიდეთ ჩემი ღმერთი ბობღნებით, უგალობეთ უფალს წინწილებით, აღუვლინეთ მას ახალი ფსალმუნი, განადიდეთ და ახსენეთ მისი სახელი,
- 2
რადგან ღმერთია იგი, ბრძოლათა შემმუსრველი უფალი. რადგან მის ბანაკში, შუაგულ ხალხში, მიხსნა ჩემი მდევნელების ხელთაგან.
- 3
მოვიდა აშური ჩრდილოეთის მთებიდან, მოვიდა თავისი აურაცხელი ლაშქრით, მათმა სიმრავლემ ჩახერგა ხევები და მათმა ცხენებმა დაფარა ბორცვები.
- 4
ბრძანა, გადაბუგვა ჩემი საზღვრებისა, ჩემი ჭაბუკების მახვილით შემუსვრა, მიწად დანარცხება ჩემ ძუძუმწოვართა, ნადავლად წაგვრა ჩემ წვრილშვილთა, ნამუსის ახდა ჩემ ქალწულთათვის.
- 5
მაგრამ ყოვლისმპყრობელმა უფალმა დაამხო ისინი დედაკაცის ხელით.
- 6
არ დაცემულა მათი ხელმწიფე მოყმეთა ხელით, დევკაცთა ნაშიერთ არ მოუკლავთ იგი, არც ამაყ ბუმბერაზებს დაუჯაბნია, არამედ ივდითმა, მერარის ასულმა, გაანადგურა თავისი სილამაზით.
- 7
ქვრივობის სამოსი გაიხადა დათრგუნულთა აღსადგინებლად ისრაელში, ნელსაცხებელი იცხო სახეზე,
- 8
თავსაკვრელით შეიკრა თმები და სელის სამოსელი ჩაიცვა მათ საცთუნებლად.
- 9
მოსტაცა თვალი ოლოფერნეს მისმა სანდალმა, მისმა სილამაზემ დაუტყვევა სული. და გაჰკვეთა მახვილმა მისი კისერი.
- 10
შეაძრწუნა სპარსელები მისმა სიმამაცემ და მიდიელები მისმა გულადობამ გააოგნა.
- 11
მაშინ შეღაღადეს ჩაგრულთა ჩემთა და შეშინდნენ უძლურნი და შეძრწუნდნენ, ხმამაღლა ყვიროდნენ და უკუიქცნენ.
- 12
მხევალთა შვილებმა განგმირეს ისინი და უკუქცეულთა ბავშვებივით ჩეხავდნენ, დაიღუპნენ ისინი ჩემი უფლის განაჩენით.
- 13
გიგალობ, ჩემო ღმერთო, ახალი საგალობლით. უფალო, დიადი ხარ და დიდებული, ძალით საკვირველი, დაუძლეველი,
- 14
შენ გმორჩილებს ყოველი ქმნილება შენი, რადგან თქვი და გაჩნდნენ. მოავლინე შენი სული და დამკვიდრდნენ ისინი. არავინაა, რომ გაუძლოს შენს ხმას.
- 15
წყლებითურთ შეირყევა მთათა საფუძვლები, კლდენი შენს წინაშე ცვილივით დადნებიან, შენს მოშიშებს კი წყალობას არ მოაკლებ.
- 16
რადგან მწირია ყოველი ამოდსაყნოსველი მსხვერპლი და მცირეზე მცირეა ყოველი ქონი, შენთვის დასაწველი. უფლის მოშიში კი ყველაფერზე დიდია.
- 17
ვაი, ხალხებს, ჩემი ერის წინააღმდგომელთ! ყოვლისმპყრობელი უფალი დასჯის მათ განკითხვის დღეს. ცეცხლსა და მატლებს მიუვლენს იმათ ხორცს და მწარედ იტირებენ უკუნისამდე.
- 18
როგორც კი მივიდნენ იერუსალიმში. თაყვანი სცეს ღმერთს და როცა ხალხი განიწმიდა, შესწირეს აღსავლენი, ნებაყოფლობითი მსხვერპლი და ძღვენი.
- 19
შესწირა ღმერთს ივდითმა ოლოფერნეს მთელი აღჭურვილობა, რომელიც ხალხმა მას მიაკუთვნა, და გალავაკი, რომელიც თავისთვის აიღო ოლოფერნეს საწოლიდან.
- 20
სამ თვეს ხარობდა ხალხი იერუსალიმში სიწმინდეთა წინაშე და ივდითიც მათთან ერთად იყო.
- 21
ამ დღეების შემდეგ ყველანი თავ-თავიანთი სამკვიდრებლისაკენ გაემართნენ, ივდითიც ბეთულიაში წავიდა და იქ ცხოვრობდა ძველებურად. პატივდებული იყო თავის დღეში მთელ ქვეყანაზე.
- 22
ბევრს ჰქონდა მისი სურვილი, მაგრამ კაცს არ გაჰკარებია მთელი სიცოცხლე მას მერე, რაც მენაშე, მისი ქმარი, გარდაიცვალა და თავის ერს შეუერთდა.
- 23
უფრო და უფრო სახელოვანი შეიქმნა და დაბერდა თავისი ქმრის სახლში ასხუთი წლისა. გაათავისუფლა თავისი მხევალი, გარდაიცვალა ბეთულიაში და დაკრძალეს იგი თავისი ქმრის, მენაშეს სამარხში.
- 24
შვიდი დღე გლოვობდა მას ისრაელის სახლი. სიკვდილის წინ გაუყო ქონება თავისი ქმრის, მენაშეს, ყველა ნათესავს და ნათესავებს თავის საგვარეულოში.
- 25
ისრაელიანები მეტად აღარავის შეუშინებია ივდითის სიცოცხლეში და დიდხანს, მისი სიკვდილის შემდეგაც.