ტობითი 7
- 1
შევიდნენ ეკბატანაში და მიადგნენ რაღუელის სახლს. სარა გამოეგება მათ და მიესალმა, მათაც სალამი უთხრეს და სახლში შეუძღვა მათ.
- 2
უთხრა რაღუელმა ყადნას, თავის ცოლს: როგორ ჰგავს ეს ყმაწვილი ტობითს, ჩემს ნათესავს.
- 3
ჰკითხა მათ რაღუელმა: საიდან ხართ, ძმებო? მიუგეს: ნაფთალიანები ვართ, ნინევეში გადასახლებულთაგან.
- 4
უთხრა მათ: იცნობთ, ტობითს, ჩვენს ძმას? მათ კი მიუგეს: ვიცნობთ.
- 5
ჰკითხა: ჯანმრთელადაა? მათ მიუგეს: ცოცხალია და ჯანმრთელი. ხოლო ტობიამ თქვა: მამაა ჩემი.
- 6
წამოდგა ფეხზე რაღუელი, გადაჰკოცნა და დალოცა იგი, უთხრა: ო, კეთილო და ღირსეული კაცის შვილო. რომ გაიგო ტობითის დაბრმავების ამბავი, შეწუხდა და ატირდა.
- 7
ტიროდა ყადნაც, მისი ცოლი და სარა, ასული მისი. გაუმასპინძლდნენ ტობიას საკადრისად.
- 8
დაუკლეს ცხვარი და დიდებული სუფრა გაუმზადეს.
- 9
უთხრა ტობიამ რაფაელს: ძმაო ყაზარია, უთხარი რაღუელს, მომათხოვოს სარა, ჩემი და.
- 10
გაიგონა ეს სიტყვა რაღუელმა და უთხრა ყმაწვილს: ჭამე და სვი, და გაიხარე. შენ შეგფერის ჩემი შვილის თხოვა. მაგრამ გეტყვი სიმართლეს.
- 11
შვიდ ქმარს იყო მითხოვებული და ვინც კი მიეკარებოდა მას, იმავე ღამეს კვდებოდა. ახლა კი გაიხარე.
- 12
უთხრა ტობიამ: საჭმელს არ მივეკარები, ვიდრე არ მოილაპარაკებთ და თანხმობას არ მომცემთ. თქვა რაღუელმა: ახლავე წაიყვანე იგი რჯულისამებრ. შენ ხარ მისი ძმა და შენია იგი. მოწყალე ღმერთმა მოგმადლოთ ყოველავე სიკეთე.
- 13
მოუხმო სარას, თავის ასულს და დაიჭირა მისი ხელი, მისცა ქალი ტობიას ცოლად და თქვა: აჰა, მოსეს რჯულისამებრ მიიღე იგი და მიიყვანე მამაშენთან. და დალოცა ისინი.
- 14
მოუხმო ყადნას, თავის ცოლს, აიღო წიგნი, დაწერა პირობა და დაბეჭდა.
- 15
მოუხმო რაღუელმა ყადნას, თავის ცოლს, და უთხრა: დაო, გაამზადე სხვა საძინებელი და შეიყვანე ასული.
- 16
ასე გააკეთა ყადნამ, როგორც ეთქვა მას, და შეიყვანა იგი საძინებელში, და ატირდა. მიიღო ცრემლი თავისი ასულისა და უთხრა:
- 17
გამაგრდი შვილო, მეუფე ცისა და მიწისა მოგანიჭებს შენ წყალობას ამ შენი დარდის სანაცვლოდ. გამაგრდი, შვილო.