ტობითი 2
- 1
როცა მოვედი ჩემს სახლში და დამიბრუნეს ხანა, ჩემი ცოლი, და ტობია, ჩემი ძე, მეერგასის დღესასწაულზე, რომელიც არის წმიდა შვიდი შვიდეული, მომიმზადეს მე დიდებული სადილი და შევუდექი ჭამას.
- 2
გადავხედე უამრავ სასმელ-საჭმელს და მივმართე ჩემს ძეს: წადი და მომიყვანე, ვინც კი შეგხვდება ჩვენს მოძმეთაგან გაჭირვებული, ვისაც ახსოვს უფალი. აბა, გელოდები-მეთქი.
- 3
უკან რომ მობრუნდა, მითხრა: მამა, ერთი ჩვენი თვისტომი გაგუდული გდია მოედანზე.
- 4
და მეც, ვიდრე შევუდგებოდი სმა-ჭამას, წამოვვარდი და შევინახე გვამი რომელიღაც სახლში მზის ჩასვლამდე.
- 5
შინ რომ მოვბრუნდი, განვიბანე და ვჭამე ჩემი პური დადარდიანებულმა.
- 6
გავიხსენე წინასწარმეტყველება ამოსისა, რომელმაც თქვა: დღესასწაულები გლოვად გადაგექცევათ და ყველა თქვენი სიმღერა - გოდებად. და ავტირდი.
- 7
მზე რომ ჩაესვენა, გავედი და გავთხარე მიწა და დავმარხე იგი.
- 8
ახლობლები დამცინოდნენ, ამბობდნენ, არ ეშინია, რომ მოკლან ამ საქმისათვის, გაიქცა და აჰა, ისევ მარხავს მიცვალებულებსო.
- 9
იმავე ღამეს აღვასრულე დაკრძალვის წესი და გაუწმინდურებული დავწექი ეზოს კედელთან. სახე დაუფარავი მქონდა.
- 10
ვერ შევნიშნე, რომ კედელზე ბეღურები ისხდნენ და ჩემს გახელილ თვალებს გადმოაღვარეს თბილი სითხე და ლიბრი გადამეკრა თვალებზე. ვიარე მკურნალებთან, მაგრამ ვერ მიშველეს. აქიაქაროსი მინახავდა, ვიდრე ელამში წავიდოდა.
- 11
რამდენიმე ხნის შემდეგ ჩემი ცოლი ხანა მოჯამაგირედ დაუდგა ბანოვანებს.
- 12
უგზავნიდა თავის ბატონებს ნაშრომს და უხდიდნენ მას გასამრჯელოს. ერთხელაც თიკანი აჩუქეს.
- 13
როცა მომიახლოვდა თიკანი, კიკინი მორთო. ვკითხე ხანას, საიდან არის ეს თიკანი? ნაქურდალი ხომ არ არის-მეთქი? დაუბრუნე პატრონებს, რადგან არა ხამს ნაქურდალის ჭამა-მეთქი.
- 14
მან კი მიპასუხა, საჩუქრად მიბოძესო გასამრჯელოსთან ერთად. არ დავუჯერე და ვუთხარი, პატრონისთვის დაებრუნებინა, და გავუწყერი. მან კი პასუხად მომიგო: სად არის შენი მოწყალებანი და სამართალნი? აჰა, ახდა შენზე ყოველივეო.