ტობითი 13
- 1
დაწერა ტობითმა ლოცვა სიხარულით და თქვა:
- 2
კურთხეულია ღმერთი ცხოველი უკუნისამდე და სუფევა მისი, რადგან ის არის შემაჭირვებელი და შემწყნარებელი, ჯოჯოხეთს ჩამყვანი და ამომყვანი, ვერავინ დაუსხლტება ხელიდან.
- 3
აღიარებდეთ მას, ისრაელიანებო, ხალხების წინაშე, რადგან მან გაგფანტათ მათ შორის.
- 4
იქ ცხადყავით დიდსულოვანება მისი, ადიდებდეთ მას ყოველი ცოცხალის წინაშე, რადგან ის არის ჩვენი უფალი და ღმერთი, ის არის ჩვენი მამა უკუნითი უკუნისამდე.
- 5
ის შეგვაჭირვებს ჩვენ ურჯულოებაში და კვალად შეგვიწყალებს და შეგვყრის ჩვენ ყველა ხალხებიდან, თუკი ვიქნებით განბნეულნი მათ შორის.
- 6
თუ მთელი გულით მოიქცევით მისკენ და მთელი სულით ჰყოფთ სამართალს მის წინაშე, მაშინ ისიც მოიქცევა თქვენსკენ და არ დაფარავს თქვენგან თავის სახეს.
- 7
იხილავთ, რასაც მოგაწევთ თქვენ. აღიარებდეთ მას ერთხმად და აკურთხევდეთ სიმართლის უფალს, ადიდებდეთ მეფეს საუკუნეთა.
- 8
მე ჩემი ტყვეობის ქვეყანაში ვაღიარებ მას და განვაცხადებ ცოდვილთა მოდგმას მის ძალასა და სიდიადეს. მოიქეცით, ცოდვილნო, და ქმენით სამართალი მის წინაშე. ვინ იცის, იქნებ ისურვოს თქვენი თავი და მოიღოს თქვენზე წყალობა?
- 9
მე ვადიდებ ჩემს ღმერთს, სული ჩემი ადიდებს ცათა მეუფეს და ხარობს მისი სიდიადით.
- 10
გააცხადოს ყველამ და აღიაროს იგი იერუსალიმში. იერუსალიმო, წმიდა ქალაქო! შეგაჭირვებს შენი შვილების ნამოქმედარის გამო და კვალად შეიწყალებს მართალთა შვილებს.
- 11
აღიარებდე უფალს კეთილად და აკურთხევდე საუკუნეთა მეფეს, რათა კვლავაც მადლით აშენდეს შენთვის მისი კარავი.
- 12
რათა გაახაროს შენ შორის ტყვედქმნილები და შეიყვაროს შენ შორის გატანჯულნი საუკუნის ყოველ თაობაში.
- 13
მრავალი ხალხი შორიდან მოვა უფლის, ღმერთის სახელთან. ძღვენით ხელში, ძღვენით ცათა მეფისათვის, თაობათა თაობანი მოგიძღვნიან ქება-დიდებას.
- 14
წყეულიმც იყოს ყოველი მოძულე შენი, კურთხეულ იყოს ყოველი შენი მოყვარული უკუნისამდე.
- 15
იშვებდე და იხარებდე მართალთა შვილების გამო, რადგან შეიკრიბებიან ისინი და აკურთხევენ მართალთა უფალს! ნეტარნი არიან შენი მოყვარულნი! გაიხარებენ შენი მშვიდობით.
- 16
ნეტარნი არიან შენს ტანჯვათა გამო შეწუხებულნი, რადგან გაიხარებენ შენით, როცა შენს დიდებას მოესწრებიან, და სიხარულში იქნებიან უკუნისამდე! აკურთხოს სულმა ჩემმა ღმერთი, დიდი მეუფე,
- 17
რადგან საფირონითა და სმარაგდით აშენდება იერუსალიმი, და პატიოსანი ქვით - შენი კედელი, გოდოლები და ბურჯები წმიდა ოქროთი, ხოლო მოედნები იერუსალიმისა ბერილონით, ანთრაკით და სუფირული ქვით მოიკირწყლება.
- 18
გაისმება მის ყოველ კუთხეში ალელუია და იტყვიან ქება-დიდებით: კურთხეულია ღმერთი, რომელმაც აღგაზევა უკუნისამდე.