ტობითი 11
- 1
იარეს და მიუახლოვდნენ ნინევეს. უთხრა ტობიას რაფაელმა:
- 2
ხომ იცი, ძმაო, რა დღეში დატოვე მამაშენი?
- 3
გავუსწროთ წინ შენს ცოლს და შევამზადოთ შინაურები.
- 4
გეჭიროს ხელში თევზის ნაღველი. წავიდნენ და ძაღლიც მისდევდათ უკან.
- 5
ხანა კი იჯდა და გაჰყურებდა გზას შვილის მოლოდინში.
- 6
იგრძნო მისი მოახლოება და უთხრა მის მამას: აჰა, მოდის შენი შვილი და კაცი მოჰყვება თან.
- 7
თქვა რაფაელმა: ვიცი, დღეს აეხილება თვალები მამაშენს.
- 8
წაუსვი ნაღველი თვალებზე და როცა შეაწუხებს, მოიხოკავს და მოსცილდება ლიბრი და დაგინახავს.
- 9
სირბილით მიეგება ხანა, მოეხვია ყელზე თავის შვილს და უთხრა: რაკი გიხილე, შვილო, ახლა თუნდაც მოვკვდე. და ატირდნენ ორივენი.
- 10
ტობითი მოადგა კარს და წაბორძიკდა, ხოლო შვილმა მიირბინა მასთან.
- 11
წამოაყენა მამა და დააწვეთა ნაღველი თვალებზე და უთხრა: გამხნევდი, მამაჩემო.
- 12
აეწვა თვალები და მოიხოკა თუ არა, მოსცილდა გუგებს ლიბრი.
- 13
როგორც კი დაინახა თავისი ძე, მოეხვია ყელზე და ატირდა, და თქვა:
- 14
კურთხეულ ხარ, ღმერთო, კურთხეულია სახელი შენი უკუნისამდე, კურთხეულ არიან შენი წმიდა ანგელოზები, რადგან შემაჭირვეს და შემიწყალეს მე. აჰა, ვხედავ ტობიას, ჩემს ძეს.
- 15
შევიდა მათი ძე გახარებული და აუწყა მამამისს საკვირველი ამბები, რაც მიდიაში გადახდა.
- 16
გამოვიდა ტობითი თავის რძლის დასახვედრად ნინევის კარიბჭესთან, გახარებული და ღვთის განმადიდებელი, და უკვირდა ყველას მის დამნახველს, თვალხილული რომ მოდიოდა გზაზე. აღიარა ტობითმა მათ წინაშე, რომ შეიწყალა იგი ღმერთმა.
- 17
რომ მიუახლოედა სარას, თავის რძალს, უთხრა: მშვიდობით მოგვიხველ, ასულო. კურთხეულია ღმერთი, რომელმაც მოგიყვანა ჩვენთან, კურთხეულ იყვნენ მამაშენი და დედაშენი.
- 18
მაშინ მიეცა დიდი სიხარული ნინევეს ყველა მკვიდრს, ტობითის მოძმეებს.
- 19
მოვიდნენ აქიაქაროსი და ნასბასი, მისი ძმისწული, და შვიდ დღეს ზეიმობდნენ სიხარულით ტობიას ქორწილს.