2 ეზრა 1
- 1
მოუმზადა იოშიამ თავის უფალს პასექი იერუსალიმში და ამსხვერპლა პასექი პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს.
- 2
განაწესა შემოსილნი მღვდელნი უფლის ტაძარში რიგის მიხედვით.
- 3
უთხრა ლევიანებს, ისრაელის მღვდელმსახურთ: განიწმიდეთ თავი უფლისათვის უფლის წმინდა კიდობნის დასავანებლად იმ სახლში, რომელიც ააშენა დავითის ძემ, მეფე სალომონმა.
- 4
მხრებით არ უნდა ატარებდეთ მას. ახლა კი თაყვანი ეცით უფალს, თქვენს ღმერთს და ემსახურეთ მის ერს, ისრაელს და განლაგდით თქვენ-თქვენი მოდგმისა და გვარ-ტომობის მიხედვით, როგორც განაწესა ისრაელის მეფემ დავითმა და მისი ძის სოლომონის უდიდესობამ.
- 5
როცა დადგებით ტაძარში ლევიანების, თქვენ-თქვენ მოდგმათა რიგის მიხედვით, თქვენი ძმების, ისრაელიანების წინაშე,
- 6
ამსხვერპლეთ პასექი და განუმზადეთ მსხვერპლი თქვენს ძმებს და გადაიხადეთ პასექი უფლის მცნების შესაბამისად, რომელიც მისცა მან მოსეს.
- 7
უბოძა იოშიამ იქ მყოფ ხალხს კრავი და თიკანი ოცდაათი ათასი, კურატი - სამი ათასი. ეს ყოველივე მიეცა ერს სამეფოსაგან, აღთქმისამებრ, მღვდლებსაც და ლევიანებსაც
- 8
მისცეს ხილკიამ, ზაქარიამ და იეხიელმა - ტაძრის წინამძღვრებმა მღვდლებს ორი ათას ექვსასი ცხვარი და სამასი კურატი;
- 9
იექონიამ, შემაყიამ და ნათანიელმა, მისმა ძმამ, და ხაშაბიამ, იეყიელმა და იორამმა, ათასისთავებმა, მისცეს პასექისათვის ხუთი ათასი ცხვარი და შვიდასი კურატი.
- 10
ყოველივე ამის აღსრულების დროს წესისამებრ იდგნენ მღვდლები და ლევიანები,
- 11
ეპყრათ ხმიადები ერის წინაშე ტომთა
- 12
და მოდგმათა რიგის მიხედვით, რათა მსხვერპლი შეეწირათ უფლისათვის, როგორც განწესებულია მოსეს წიგნში. და იყო დილის ჟამი.
- 13
შეწვეს პასექი ცეცხლზე, როგორც ეგებოდა, და მოხარშეს მსხვერპლნი სპილენძის ქვაბებში და სხვა ჭურჭელში სურნელოვანი საკმაზითურთ, და დაურიგეს ყველას, ვინც კი იყო ერისაგანი.
- 14
ამის შემდგომ კი მოამზადეს თავისთვის და მღვდლებისთვის, თავისი ძმებისთვის - აარონიანთათვის, რადგან მღვდლებს გვიანობამდე მოჰქონდათ ლურთები, და ლევიანებმა მოამზადეს თავისთვისაც და მღვდლებისთვისაც, თავიანთი ძმებისთვის - აარონიანთათვის.
- 15
მგალობელნი - ასაფიანები თავ-თავის ადგილებზე იდგნენ მეფე დავითის დადგენილი წესის მიხედვით; ასევე ასაფი, ზაქარია და იედუთუნი, რომლებიც მეფისაგან იყვნენ. მეკარეები თითოეულ კართან, არ უნდა მოსულიყვნენ თავიანთი რიგიდან, რადგან მათი ძმები ლევიანები ამზადებდნენ მათთვის.
- 16
იქმნა ყოველივე, რაც ეგებოდა მსხვერპლშეწირვას უფლისადმი, პასექის აღსრულებისას და მსხვერპლშეწირვას უფლის სამსხვერპლოზე, იოშია მეფის ბრძანებისამებრ.
- 17
შვიდი დღის განმავლობაში იხდიდნენ იმ დროს იქ მყოფი ისრაელიანები პასექს და უფუარობის დღესასწაულს.
- 18
არ გადახდილა ამგვარი პასექი ისრაელში სამუელ წინასწარმეტყველის დროიდან;
- 19
და არც ისრაელის რომელიმე მეფეს გადაუხდია იმგვარი პასექი, როგორიც გადაიხადეს იოშიამ, მღვდლებმა და ლევიანებმა, იუდაელებმა და მთელმა ისრაელმა, ვინც კი იმ დროს იერუსალიმში ცხოვრობდა.
- 20
იოშიას მეფობის მეთვრამეტე წელს იქნა გადახდილი ეს პასექი.
- 21
სწორად წარიმართა იოშიას საქმენი უფლის წინაშე და მისი ღვთისმოსავობით სავსე გულით.
- 22
მის დროს აღიწერა წარსულში ღვთის წინაშე შემცოდეთა და უწმიდურთა საქმენი, რომლებიც აღემატებოდა ყველა ხალხისა და სამეფოს საქმეთ, და რითაც შეგნებით შეურაცხყოფდნენ მას და აღსრულდა ღვთის სიტყვები ისრაელზე.
- 23
იოშიას ყველა ამ საქმის შემდგომ გაემართა ფარაონი, ეგვიპტის მეფე, საომრად ქარხემიშში ევფრატზე და გამოვიდა იოშია მის შესახვედრად;
- 24
და წარგზავნა ეგვიპტის მეფემ მასთან მოციქულები და შეუთვალა: რა ჩემი და რა შენი, იუდას მეფევ?
- 25
შენს წინააღმდეგ არ წარმოუგზავნივარ უფალ ღმერთს, არამედ ევფრატზე მელის ჩემი ბრძოლა, ახლა უფალი ჩემთან არის და მასწრაფებს მე; ჩამომეცალე და წინ ნუ აღუდგები უფალს.
- 26
არ უკუიქცა იოშია თავისი ეტლით, არამედ მასთან შებრძოლება გადაწყვიტა, ყურად არ იღო იერემია წინასწარმეტყველის სიტყვები უფლის პირისაგან.
- 27
არამედ ბრძოლა გაუმართა მას მეგიდოს ველზე და გამოვიდნენ მთავარნი მეფე იოშიას წინააღმდეგ.
- 28
უთხრა მეფემ თავის მსახურთ; გამიყვანეთ ბრძოლიდან, რადგან ძალზედ მოვუძლურდი და მსახურებმაც უმალვე გაიყვანეს იგი მწყობრიდან.
- 29
ავიდა იგი თავის მეორე ეტლზე და იერუსალიმში დააბრუნეს, მოკვდა და დაიმარხა მამა-პაპის სამარხში.
- 30
მთელს იუდამი დაიტირეს იოშია, გოდებდა იერემია წინასწარმეტყველიც იოშიასთვის, მთავრები და მათი ცოლები იგლოვდნენ მას ამ დღეს და გადმოეცა ამის ქმნა სამუდამოდ ისრაელის მთელს შთამომავლობას.
- 31
აღწერილია ესენი წიგნში, რომელიც მოგვითხრობს იუდაელ მეფეთა შესახებ; იოშიას საქმენი, მისი დიდება და მისი განსწავლულობა უფლის კანონებში, მისი უწინდელი ქმედებანი და ახლანდელნი ისრაელისა და იუდას მეფეთა წიგნშია მოთხრობილი.
- 32
აიყვანა ხალხმა იექონია იოშიას ძე და დასვა მეფედ მისი მამის იოშიას ნაცვლად; და იყო ოცდასამი წლისა.
- 33
იმეფა იუდასა და იერუსალიმში სამ თვეს და გადააყენა იგი ეგვიპტის მეფემ, რათა არ ემეფა იერუსალიმში.
- 34
შეაწერა მის ხალხს ასი ტალანტი ვერცხლი და ერთი ტალანტი ოქრო.
- 35
დაადგინა ეგვიპტის მეფემ მეფედ იოაკიმი, მისი ძმა. იუდასა და იერუსალიმის მეფედ.
- 36
დაატუსაღა იოაკიმმა დიდებულნი, იოახაზი კი, თავისი ძმა, შეიპყრო და გამოიყვანა ეგვიპტედან.
- 37
ხოლო იოაკიმი ოცდახუთი წლისა იყო, როცა გამეფდა იუდაში და იერუსალიმში და უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში.
- 38
აღსდგა მის წინააღმდეგ ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, დაადო მას სპილენძის ბორკილი და წაიყვანა ბაბილონში.
- 39
გამოიტანა უფლის წმიდა ჭურჭელი ნაბუქოდონოსორმა, გაზიდა და დააწყო თავის ტაძარში, ბაბილონში.
- 40
იოაკიმის საქმენი, მისი უწმინდურებისა და ურჯულოების ამბები მეფეთა ცხოვრების წიგნშია აღწერილი.
- 41
გამეფდა მის ნაცვლად იოაკიმი, ძე მისი; თვრამეტი წლისა იყო, როდესაც იგი მეფედ დასვეს.
- 42
იმეფა სამ თვეს და ათ დღეს იერუსალიმში და უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში.
- 43
ერთი წლის შემდგომ წააყვანინა იგი ნაბუქოდონოსორმა ბაბილონში უფლის წმინდა ჭურჭლითურთ.
- 44
გამოაცხადა ციდკია იუდასა და იერუსალიმის მეფედ. ოცდაერთი წლისა იყო ციდკია და იმეფა თერთმეტ წელს.
- 45
უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში და ყურს არ უგდებდა იერემია წინასწარმეტყველის წარმოთქმულ სიტყვებს უფლის პირისაგან.
- 46
მეფე ნაბუქოდონოსორისაგან ღვთის სახელით ფიცით შეკრულმა, დაარღვია ფიცი და განუდგა, გაიფიცხა თავისი ქედი და გული და შელახა უფლის, ისრაელის ღმერთის კანონები.
- 47
ერის წინამძღვართაც და მღვდლებმაც მრავლად სცოდეს და იბილწეს, გადაამეტეს ყველა ურჯულოთა უწმინდურებას, და შეაგინეს ღვთის კურთხეული ტაძარი იერუსალიმში.
- 48
მიუვლინებდა მათი მამა-პაპის ღმერთი თავის ანგელოზს და მოუწოდებდა მოქცეულიყვნენ, რადგანაც ინდობდა მათ და თავის სამკვიდრებელს.
- 49
ისინი კი დასცინოდნენ მის მიერ მოვლინებულთ, და, როცა არ უნდა ელაპარაკნა უფალს, მასხრად იგდებდნენ მის წინასწარმეტყველებას, ვიდრე თავის ხალხზე მისი ურჯულოების გამო განრისხებულმა არ ბრძანა, აღმდგარიყვნენ მის წინააღმდეგ ქალდეველთა მეფენი.
- 50
მათ მახვილით მოსრეს მათი ჭაბუკები მათივე წმიდა ტაძრის ირგვლივ და არ დაინდეს არც ვაჟი და არც ქალი, არც მოხუცი და არც ჩვილი, არამედ ყველა ხელში ჩაუგდო მათ.
- 51
უფლის მთელი წმიდა ჭურჭელი, დიდი და მცირე, უფლის კიდობნის ჭურჭელი, და სამეფო საგანძური აიღეს და წარგზავნეს ბაბილონში.
- 52
დაწვეს უფლის სახლი, დაარღვიეს იერუსალიმის კედლები და მათი ციხე-კოშკები ცეცხლს მისცეს.
- 53
იავარ-იქმნა ყოველი დიდება მისი; მახვილს გადარჩენილნი წაასხეს ბაბილონში.
- 54
დაემონენ მას და მის შვილებს სპარსელთა მეფობამდე, რათა აღსრულებულიყო იერემიას მიერ თქმული უფლის სიტყვები:
- 55
ვიდრე გაიხარებდეს ქვეყანა თავისი შაბათებით, დაიცავს შაბათებს თავისი უდაბურ-ყოფის მთელ ხანს სამოცდაათი წელიწადის გასრულებამდე.