გამოცხადება 8
- 1
მეშვიდე ბეჭედი რომ ახსნა, დუმილი ჩამოვარდა ზეცაში დაახლოებით ნახევარ საათს.
- 2
ვიხილე შვიდი ანგელოზი, ღვთის წინ რომ იდგნენ; და მიეცა მათ შვიდი საყვირი.
- 3
მოვიდა სხვა ანგელოზი და სამსხვერპლოსთან დადგა; ოქროს საცეცხლური ეჭირა, და მიეცა ბევრი საკმეველი, რათა ყველა წმიდის ლოცვებთან ერთად მიეტანა ოქროს სამსხვერპლოზე, ტახტის წინ;
- 4
და ანგელოზის ხელით ავიდა საკმევლის კვამლი წმიდათა ლოცვებთან ერთად ღვთის წინაშე.
- 5
აიღო ანგელოზმა საცეცხლური, აავსო იგი სამსხვერპლოს ცეცხლით და ჩამოაგდო დედამიწაზე; და შეიქმნა ქუხილი და გრგვინვა, ელვა და მიწისძვრა.
- 6
და შვიდი ანგელოზი, შვიდი საყვირი რომ ჰქონდა, მოემზადა დასაყვირებლად.
- 7
დააყვირა პირველმა საყვირი, და სისხლნარევი სეტყვა და ცეცხლი გადმოიყარა მიწაზე; დედამიწის მესამედი დაიწვა, ხეების მესამედი დაიწვა და მწვანე ბალახი მთლიანად გადაიბუგა.
- 8
დააყვირა მეორე ანგელოზმა საყვირი და რაღაც დიდი ალმოდებული მთის მსგავსი ჩავარდა ზღვაში; და ზღვის მესამედი სისხლად იქცა.
- 9
ამოწყდა ზღვაში ცოცხალი არსებების მესამედი, და ხომალდების მესამედი დაიღუპა.
- 10
მესამე ანგელოზმა დააყვირა საყვირი და ციდან ჩამოვარდა დიდი ვარსკვლავი, ალმოდებული ჩირაღდანივით იწვოდა, და ჩავარდა მდინარეთა მესამედ ნაწილზე და წყალთა წყაროებზე.
- 11
ამ ვარსკვლავის სახელი იყო აბზინდა; წყლების მესამედი ნაწილი აბზინდად იქცა და დიდძალი ხალხი დაიხოცა წყლებისგან, ვინაიდან დამწარდნენ ისინი.
- 12
მეოთხე ანგელოზმა დააყვირა საყვირი და მოისპო მზის მესამედი, მთვარის მესამედი და ვარსკვლავთა მესამედი; რათა დაბნელებულიყო მათი მესამედი და აღარ ენათებინა დღის მესამედს, ისევე როგორც ღამისას.
- 13
და ვიხილე არწივი, შუაგულ ცაში რომ დაფრინავდა და მესმა, დიდი ხმით რომ ღაღადებდა: "ვაი, ვაი, ვაი, დედამიწაზე მცხოვრებთ სამი ანგელოზის საყვირთა დანარჩენი ხმებისგან, რომლებიც ახლა დააყვირებენ საყვირებს”.