გამოცხადება 11
- 1
მომეცა კვერთხის მსგავსი ლერწამი და მეთქვა: "ადექი, გაზომე ღვთის ტაძარი და სამსხვერპლო, და აღრიცხე მასში მყოფი თაყვანისმცემლები.
- 2
ტაძრის გარე ეზო გამორიცხე, არ გაზომო, რადგან წარმართებს მიეცა იგი, რომლებიც ორმოცდაორი თვის განმავლობაში გათელავენ წმიდა ქალაქს.
- 3
მივცემ ჩემს ორ მოწმეს და ათას ორას სამოც დღეს იწინასწარმეტყველებენ ძაძით შემოსილნი.
- 4
ესენი არიან ზეთისხილის ორი ხე და ორი სალამპრე, რომლებიც დედამიწის უფლის წინაშე დგანან”.
- 5
თუ ვინმე მოინდომებს ავნოს მათ, ცეცხლი გამოვა მათი პირიდან და შთანთქავს მათ მტრებს; და თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, უნდა მოიკლას.
- 6
მათ აქვთ ცის დაკეტვის ხელმწიფება, რათა არ იწვიმოს მათი წინასწარმეტყველების დღეებში; ასევე აქვთ ხელმწიფება წყლებზე, რომ სისხლად აქციონ და შემუსრონ დედამიწა ყოველგვარი წყლულებით, როცა კი მოისურვებენ.
- 7
და როცა დაასრულებენ თავიანთ მოწმობას, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება, გაიმარჯვებს და დახოცავს მათ.
- 8
მათი ცხედრები დაიყრება დიდი ქალაქის ქუჩაში, რომელსაც სულიერად ჰქვია სოდომი და ეგვიპტე, სადაც ჯვარს ეცვა მათი უფალიც.
- 9
და უყურებენ სხვადასხვა ხალხებიდან და ტომებიდან, ენებიდან და ერებიდან მათ ცხედრებს სამნახევარ დღეს და არ მისცემენ მათი ცხედრების სამარხში დაკრძალვის ნებას.
- 10
გაიხარებენ და იმხიარულებენ დედამიწაზე მცხოვრებნი მათ გამო, და საჩუქრებს გაუგზავნიან ერთმანეთს, ვინაიდან აწამებდა დედამიწის მკვიდრთ ეს ორი წინასწარმეტყველი.
- 11
სამნახევარი დღის შემდეგ კი შევიდა მათში სიცოცხლის სული ღმერთისგან, და ფეხზე წამოდგნენ; დიდი შიში დაეცა ყველას, ვინც მათ უყურებდა.
- 12
და გაიგონეს დიდი ხმა ზეციდან, რომელმაც თქვა: "ამოდით აქ”. და ისინიც ღრუბლით ავიდნენ ზეცას, მათი მტრები კი შეჰყურებდნენ.
- 13
დიდი მიწისძვრა მოხდა იმავე საათს და დაიქცა ქალაქის მეათედი, და დაიღუპა მიწისძვრისგან შვიდი ათასი სახელი კაცისა; დანარჩენები კი შიშმა მოიცვა და დიდება მიაგეს ზეცის ღმერთს.
- 14
მეორე უბედურებამ გადაიარა და აჰა, მესამე უბედურება მოდის მალე.
- 15
მეშვიდე ანგელოზმა ჩაჰბერა და გაისმა ცაში დიდი ხმები, რომლებიც ამბობდნენ: "ქვეყნიერების სამეფო გახდა ჩვენი უფლისა და მისი ქრისტესი, და იმეფებს იგი უკუნითი უკუნისამდე”.
- 16
და ოცდაოთხი უხუცესი, რომლებიც ღვთის წინაშე სხედან თავიანთ ტახტებზე, პირქვე დაემხო და თაყვანი სცა ღმერთს.
- 17
თქვეს: "გმადლობთ, შენ, უფალო, ყოვლისმპყრობელო ღმერთო, რომელიც ხარ და რომელიც იყავი, რადგან ხელთ იპყარ შენი დიდი ძალა და გამეფდი.
- 18
წარმართები გამძვინვარდნენ და მოვიდა შენი რისხვა; დადგა ჟამი მკვდრების განკითხვისა, რომ საზღაური მიეზღოთ შენს მონებს - წინასწარმეტყველებს, წმიდანებსა და მათ, რომელთაც შენი სახელის ეშინიათ - დიდებსა და პატარებს, რათა მოსპო დედამიწის მომსპობნი”.
- 19
მაშინ გაიღო ღვთის ტაძარი, რომელიც ზეცაშია, და გამოჩნდა მისი აღთქმის კიდობანი მის ტაძარში; და იქმნა ელვანი და ხმანი, ქუხილნი და მიწისძვრა, და ძლიერი სეტყვა.