გამოცხადება 1
- 1
გამოცხადება იესო ქრისტესი, ღმერთმა რომ მისცა მას, რათა ეჩვენებინა თავის მსახურთათვის, რა უნდა მოხდეს მალე, და აუწყა თავის მსახურ იოანეს წარმოგზავნილი ანგელოზის მეშვეობით.
- 2
რომელმაც დაამოწმა ღვთის სიტყვა, იესო ქრისტეს მოწმობა და ყოველივე, რაც იხილა.
- 3
ნეტარია წამკითხველი და მომსმენი ამ წინასწარმეტყველების სიტყვისა და მასში დაწერილის დამცველი, რადგან ახლოა დრო.
- 4
იოანე აზიაში შვიდ ეკლესიას: მადლი თქვენ და მშვიდობა მისგან, რომელიც არის, იყო და მოდის; და შვიდი სულისგან, მისი ტახტის წინაშე რომ არიან;
- 5
და იესო ქრისტესგან, რომელიც ერთგული მოწმეა, პირმშო მკვდართაგან და მიწიერ მეფეთა მთავარი; მას, რომელმაც შეგვიყვარა და საკუთარი სისხლით გვიხსნა ჩვენი ცოდვებისგან;
- 6
და გვქმნა ჩვენ სამეფოდ, და მღვდლებად ღმერთისა და თავისი მამისთვის, მას დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
- 7
აჰა, მოდის ღრუბლებით და დაინახავს მას ყოველი თვალი, ისინიც, რომელთაც განგმირეს იგი; და აქვითინდება მის წინაშე დედამიწის ყველა ტომი. დიახ, ამინ!
- 8
"მე ვარ ანი და ჰაე - ამბობს უფალი ღმერთი - ის, ვინც არის, ვინც იყო და ვინც მოდის, ყოვლისმპყრობელი”.
- 9
მე ვარ იოანე, თქვენი ძმა და მოზიარე იესო ქრისტეს ჭირში, მეფობასა და მოთმინებაში; ვიყავი კუნძულზე, პატმოსი რომ ჰქვია, ღვთის სიტყვისა და იესო ქრისტეს მოწმობისთვის.
- 10
სულში ვიყავი უფლის დღეს და უკნიდან შემომესმა დიდი ხმა, მსგავსი საყვირის ხმისა.
- 11
მითხრა: "მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი, რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე შვიდ ეკლესიას: ეფესოში, სმირნაში, პერგამოში, თიატირაში, სარდეში, ფილადელფიასა და ლაოდიკიაში”.
- 12
მივბრუნდი, რომ დამენახა ხმა, რომელიც მელაპარაკებოდა, და მიბრუნებისას ვიხილე ოქროს შვიდი სალამპრე.
- 13
ხოლო შვიდ სალამპრეს შორის ვიხილე მსგავსი კაცის ძისა, რომელსაც მოსასხამი ემოსა და გულმკერდზე ოქროს სარტყელი ერტყა.
- 14
მისი თავი და თმები თეთრი იყო, როგორც თეთრი მატყლი, როგორც თოვლი; თვალები მისი, როგორც ცეცხლის ალი.
- 15
მისი ფეხები, როგორც ქურაში გავარვარებული სპილენძი, ხოლო მისი ხმა, როგორც ბევრი წყლის ხმაური.
- 16
მარჯვენა ხელში ეჭირა შვიდი ვარსკვლავი, მისი პირიდან გამოდიოდა ორლესული მახვილი; და მისი სახე იყო როგორც მზე, თავისი ძლიერებით მბრწყინავი.
- 17
ვიხილე და მკვდარივით დავეცი მის ფერხთით. მან თავისი მარჯვენა დამადო და მითხრა: "ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასკნელი,
- 18
და ცოცხალი; მკვდარი ვიყავი და, აჰა, ცოცხალი ვარ უკუნითი უკუნისამდე; მე მაქვს სიკვდილისა და ჯოჯოხეთის გასაღები.
- 19
დაწერე, რაც იხილე, რაც არის და რაც იქნება ამის შემდეგ.
- 20
რაც შეეხება შვიდი ვარსკვლავის საიდუმლოს, ჩემს მარჯვენაში რომ იხილე, და ოქროს შვიდ სალამპრეს: შვიდი ვარსკვლავი შვიდი ეკლესიის ანგელოზებია, ხოლო შვიდი სალამპრე შვიდი ეკლესიაა”.