ებრაელთა 11
- 1
ხოლო რწმენა არის მტკიცედ დარწმუნება იმაში, რისი იმედიც გვაქვს, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ.
- 2
რწმენაში მიიღეს უხუცესებმა დამოწმება.
- 3
რწმენით ვგებულობთ, რომ საუკუნენი ღმერთის სიტყვით არის მოწყობილი, რადგან უხილავისგან წარმოიშვა.
- 4
რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს კაენისაზე უკეთესი მსხვერპლი, რომლითაც მიიღო მოწმობა, რომ მართალია იგი, როგორც ღმერთმა დაამოწმა მისი ძღვენის შესახებ, და კვლავ მისითვე ლაპარაკობს სიკვდილის შემდეგაც.
- 5
რწმენით იქნა გადაყვანილი ენოქი, რათა სიკვდილი არ ენახა; ვეღარავინ ნახა იგი, ვინაიდან ღმერთმა წაიყვანა, რადგან წაყვანამდე მიიღო დამოწმება, რომ ღმერთს აამა.
- 6
ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთისთვის სათნოდ ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არის და ის მიუზღავს მის მაძიებელს;
- 7
რწმენით მიიღო ნოემ გაფრთხილება იმაზე, რაც ჯერ არ იყო ხილული და ღვთისმოშიშებით გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად; ამით მსჯავრი დასდო ქვეყნიერებას და სიმართლის მემკვიდრე გახდა რწმენის მიხედვით.
- 8
რწმენით დაემორჩილა აბრაჰამი მოწოდებას, წასულიყო ქვეყანაში, მემკვიდრეობად რომ უნდა მიეღო; და ისე წავიდა, რომ არ იცოდა, სად მიდიოდა.
- 9
რწმენით შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას, როგორც უცხოს, და კარვებში ცხოვრობდა ისაკთან და იაკობთან - იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად;
- 10
ვინაიდან ელოდა ქალაქს საძირკვლიანს, რომლის ხუროთმოძღვარი და მშენებელი ღმერთია.
- 11
სარამაც, უნაყოფო რომ იყო, რწმენით მიიღო ძალა თესლის გასანაყოფიერებლად და ჟამგადასულმა შვა, ვინაიდან სარწმუნოდ შერაცხა აღმთქმელი.
- 12
ამიტომ ერთისგან, ისიც ლამის მკვდრისგან, იშვა მრავალი, როგორც მრავალი ვარსკვლავი ცაზე და აურაცხელი ქვიშა ზღვის ნაპირზე.
- 13
რწმენაში დაიხოცა ყველა მათგანი, ისე რომ ვერ მიიღეს აღთქმული, მხოლოდ შორიდან უყურებდნენ, ესალმებოდნენ და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყანაზე.
- 14
ვინაიდან ისინი ასეთი ლაპარაკით ცხადყოფენ, რომ სამშობლოს ეძებენ.
- 15
ხოლო თუ გაიხსენებდნენ, საიდან გამოვიდნენ, ექნებოდათ იქ დაბრუნების დრო.
- 16
მაგრამ მათ სურდათ უკეთესი, ესე იგი, ზეციური; ამიტომ ღმერთსაც არ რცხვენია, რომ თავს მათი ღმერთი უწოდოს, ვინაიდან მან თვითონ მოუმზადა მათ ქალაქი.
- 17
რწმენით მიიყვანა აბრაჰამმა მსხვერპლად ისაკი, როცა გამოიცადა; და რაკი აღთქმა ჰქონდა, მხოლოდშობილსაც სწირავდა.
- 18
რომელზეც ითქვა: "ისაკში გეყოლება შენ შთამომავლობა”.
- 19
ვინაიდან სჯეროდა, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს; ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაიბრუნა იგი, როგორც მკვდართაგან აღმდგარი.
- 20
რწმენით აკურთხა ისაკმა იაკობი და ესავი მომავლისთვის.
- 21
რწმენით აკურთხა იაკობმა სათითაოდ იოსების ძეები და თავის კვერთხს დაყრდნობილმა თაყვანი სცა ღმერთს.
- 22
რწმენით მოიხსენია აღსასრულისას იოსებმა ისრაელიანთა გამოსვლა და ანდერძი დატოვა თავისი ძვლების თაობაზე.
- 23
რწმენით მალავდნენ მოსეს მშობლები დაბადებიდან სამი თვის მანძილზე, რადგან ხედავდნენ, რომ მშვენიერი იყო ბავშვი; არ შეუშინდნენ ფარაონის ბრძანებას.
- 24
რწმენით თქვა უარი მოსემ, როცა წამოიზარდა, ფარაონის ასულის ძეობაზე.
- 25
და ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა ამჯობინა, დროებით განცხრომას ცოდვაში;
- 26
ქრისტესათვის ლანძღვა მეტ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის საგანძურები, ვინაიდან საზღაურს უყურებდა.
- 27
რწმენით დატოვა ეგვიპტე, არ შეუშინდა მეფის რისხვას, ვინაიდან იგი, თითქოს უხილავს ხედავსო, მტკიცე იყო.
- 28
რწმენით დატოვა ეგვიპტე, არ შეუშინდა მეფის რისხვას, ვინაიდან იგი, თითქოს უხილავს ხედავსო, მტკიცე იყო.
- 29
რწმენით გადავიდნენ მეწამულ ზღვაზე, როგორც ხმელეთზე; ეგვიპტელებმაც სცადეს, მაგრამ დაინთქნენ.
- 30
რწმენით დაეცა იერიხოს გალავნები შვიდდღიანი გარშემოვლის შემდეგ.
- 31
რწმენამ არ დაღუპა ურჩებთან ერთად მეძავი რახაბი, რომელმაც მშვიდობით მიიღო მზვერავები.
- 32
კიდევ რა გითხრათ? დრო არ მეყოფა, რომ გედეონზე, ბარაკზე, სამსონზე, იფთახზე, დავითზე, სამუელსა და წინასწარმეტყველებზე ვილაპარაკო,
- 33
რომლებიც რწმენით ამარცხებდნენ სამეფოებს, იქმოდნენ სიმართლეს, აღწევდნენ აღთქმებს, პირს უკრავდნენ ლომებს.
- 34
შრეტდნენ ცეცხლის ძალას, ირიდებდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისგან, მაგრები იყვნენ ომში, დევნიდნენ უცხოთა ჯარებს,
- 35
ცოლები გაცოცხლებულებს ღებულობდნენ თავიანთ მკვდრებს; სხვები კი ეწამებოდნენ და გამოხსნაზე უარს ამბობდნენ, რათა უკეთესი აღდგომისთვის მიეღწიათ.
- 36
ზოგმა გინება და გვემა, ბორკილები და საპყრობილეები დაითმინა.
- 37
მათ ქოლავდნენ, ხერხავდნენ, აწამებდნენ; მახვილით იხოცებოდნენ, დაეხეტებოდნენ ცხვრისა და თხის ტყავებით, განიცდიდნენ ნაკლოვანებას, შევიწროებას, ტანჯვას.
- 38
ისინი, რომელთა ღირსიც არ იყო მთელი ქვეყნიერება, დაეხეტებოდნენ უდაბნოებსა და მთებში, დედამიწის მღვიმეებსა და ხევებში.
- 39
და ყველა მათგანმა რწმენის მეშვეობით მიიღო მოწმობა, მაგრამ ვერ მიიღო აღთქმული,
- 40
იმის გამო, რომ ღმერთმა წინასწარ გაითვალისწინა ჩვენთვის მეტი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ არ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი.