დაბადება 48
- 1
უთხრეს ამ ამბების შემდეგ იოსებს: "ავადაა მამაშენი”. და თან წაიყვანა თავისი ორი ძე, მენაშე და ეფრემი.
- 2
აუწყეს იაკობს: "აი, შენი ძე, იოსები მოდის შენთან”. ძალა მოიკრიბა ისრაელმა და წამოჯდა სარეცელზე.
- 3
უთხრა იაკობმა იოსებს: "ელ შადაი - ყოვლადძლიერი ღმერთი გამომეცხადა ლუზში, ქანაანის ქვეყანაში და მაკურთხა.
- 4
მითხრა: "მე გაქცევ ნაყოფიერად, გაგამრავლებ და ხალხების კრებულად გადაგაქცევ; და მივცემ ამ ქვეყანას შენს თესლს შენს შემდეგ - საუკუნო სამფლობელოდ.
- 5
ახლა შენი ორი ძე, ეფრემი და მენაშე, რომლებიც ეგვიპტის ქვეყანაში ჩემ მოსვლამდე შეგეძინა, ჩემები არიან; ისევე, როგორც რეუბენი და სიმონი არიან ჩემები.
- 6
შვილები, მათ შემდეგ რომ შეგეძინება, შენი იქნებიან. ისინი თავიანთი ძმების სახელზე ჩაიწერებიან მათ სამკვიდროში.
- 7
ფადანიდან წამოსვლისას მომიკვდა რახელი ქანაანის ქვეყანაში, გზაში; ეფრათამდე არ ვიყავი მისული, იქ დავკრძალე, ეფრათას გზაზე, დღევანდელ ბეთლემში”.
- 8
დაინახა ისრაელმა იოსების ძენი და იკითხა: "ვინ არიან ესენი?”
- 9
უთხრა იოსებმა: "ჩემი ძენი არიან, რომლებიც აქ მომცა ღმერთმა”. უთხრა იაკობმა: "მომიყვანე, რათა ვაკურთხო!”
- 10
ბინდი გადაჰკროდა ისრაელს სიბერისაგან თვალებზე და ვერ ხედავდა. ახლოს მიუყვანა ისინი იოსებმა, მან კი აკოცა და გულში ჩაიკრა.
- 11
და უთხრა ისრაელმა იოსებს: "აღარც კი მეგონა თუ კვლავ ვიხილავდი შენს სახეს, და აჰა, ღმერთმა შენი ძენიც მახილვინა”.
- 12
გადმოსვა ისინი იოსებმა მამის მუხლებიდან და მიწამდე სცა თაყვანი.
- 13
აიყვანა იოსებმა ორივე: ეფრემი ხელმარჯვნივ, ისრაელის მარცხენა მხარეს, მენაშე - ხელმარცხნივ, ისრაელის მარჯვენა მხარეს; და მიიყვანა მასთან.
- 14
გაიწოდა ისრაელმა მარჯვენა და ეფრემს დაადო თავზე, თუმცა ის უმცროსი იყო, ხოლო მარცხენა მენაშეს დაადო თავზე; განზრახ გადაანაცვლა ხელები, თუმცა მენაშე იყო პირმშო.
- 15
აკურთხა იოსები და თქვა: "ღმერთმა, რომლის წინაშეც დადიოდნენ ჩემი მამები, აბრაჰამი და ისაკი, ღმერთმა, რომელიც მმწყემსავს ჩემი გაჩენიდან დღემდე,
- 16
ანგელოზმა, რომელმაც მიხსნა ყოველი ბოროტისაგან, აკურთხოს ეს ყრმანი; იწოდებოდნენ ჩემი სახელით და ჩემი მამების, აბრაჰამისა და ისაკის სახელით და გამრავლდნენ ფრიად ქვეყანაზე”.
- 17
როცა იხილა იოსებმა, რომ მარჯვენა ხელი ეფრემს დაადო მამამისმა, არ მოეწონა. აიღო მამის ხელი, რათა ეფრემის თავიდან მენაშეს თავზე გადაენაცვლებინა.
- 18
უთხრა იოსებმა მამას: "ასე არა, მამაჩემო. ესაა პირმშო. მის თავს დაადე შენი მარჯვენა”.
- 19
მაგრამ იუარა მამამისმა და თქვა: "ვიცი, შვილო, ვიცი; ისიც იქცევა ხალხად და ისიც განდიდდება; მაგრამ მისი უმცროსი ძმა მასზე მეტად განდიდდება და მისი შთამომავლობა გადაიქცევა მრავალრიცხოვან ხალხად”.
- 20
აკურთხა ისინი იმ დღეს და თქვა: "შენით წარმოსთქვამს ისრაელი კურთხევას, იტყვის: "ღმერთმა გქმნას როგორც ეფრემი და როგორც მენაშე!” და დააყენა ეფრემი მენაშეზე წინ.
- 21
უთხრა ისრაელმა იოსებს: "აი, მე ვკვდები. თქვენთან იქნება ღმერთი და დაგაბრუნებთ თქვენი მამების მიწაზე.
- 22
შენთვის მომიცია მიწის ერთი წილით მეტი ძმათა წინაშე, რომელიც ჩემი მახვილითა და მშვილდით წავგლიჯე ამორელებს”.