დაბადება 44
- 1
და უბრძანა იოსებმა თავის სახლის მოურავს: "ამათი ტომრები იმდენი საზრდოთი აავსე, რამდენის წაღებასაც შეძლებენ, ვერცხლიც უკანვე ჩაუდე ტომრებში.
- 2
ჩემი თასი კი, ვერცხლის თასი, უმცროსის ტომარაში ჩადე, მის მიერ ხორბალში გადახდილ ფულთან ერთად”. და ისე გააკეთა კაცმა ყველაფერი, როგორც უბრძანა იოსებმა.
- 3
განთიადისთანავე გაუშვეს ეს ხალხი თავიანთი სახედრებით.
- 4
ქალაქს შორს არ იყვნენ გაცილებულნი, როდესაც უთხრა იოსებმა თავისი სახლის მოურავს: "დაედევნე იმ ხალხს, დაეწიე და უთხარი: ‘რატომ მომაგეთ ბოროტი კეთილის წილ?’
- 5
განა ეს ის თასი არაა, რომლიდანაც სვამს და მარჩიელობს ჩემი ბატონი? ცუდი საქმე ჩაიდინეთ!”
- 6
დაეწია და უთხრა ეს სიტყვები.
- 7
უპასუხეს: "რად გვეუბნება ბატონი ასეთ სიტყვებს? შორს ჩვენგან, შენი მსახურებისგან, ამგვარი საქმე!
- 8
ის ფული, ადრე რომ ვიპოვეთ ჩვენს ტომრებში, ქანაანის ქვეყნიდან დაგიბრუნეთ: ახლა როგორღა მოვიპარავდით შენი ბატონის სახლიდან ვერცხლს ან ოქროს?!
- 9
რომელიმე ჩვენგანს თუ აღმოაჩნდა თასი, დაე მოკვდეს, ჩვენ კი მონებად გავუხდებით შენს ბატონს”.
- 10
უთხრა: "როგორც თქვით, ეგრე იყოს: ვისთანაც თასი აღმოჩნდება, მონად ის გამიხდეს, დანარჩენები კი უბრალონი იქნებით”.
- 11
სწრაფად ჩამოიღო თითოეულმა თავისი ტომარა და მოუხსნეს პირები.
- 12
გაჩხრიკა კაცმა; უფროსით დაიწყო და უმცროსით დაასრულა. ბენიამინის ტომარაში აღმოჩნდა თასი.
- 13
შემოიხიეს სამოსელი, დატვირთეს სახედრები და დაბრუნდნენ ქალაქში.
- 14
მივიდნენ იუდა და მისი ძმები იოსების სახლში, იგი ჯერ კიდევ შინ იყო, და მის წინ დაემხნენ მიწაზე.
- 15
უთხრა იოსებმა: "ეს რა საქმე ჩაიდინეთ? ნუთუ არ იცოდით, რომ ისეთი კაცი, როგორიც მე ვარ, ყველაფერს გამოიცნობდა?”
- 16
უთხრა იუდამ: "რა ვუთხრათ ჩემს ბატონს? რა ვთქვათ, რით გავიმართლოთ თავი? ღმერთმა ჰპოვა დანაშაული შენს მსახურებში; აჰა, ჩვენი ბატონის მონები გავხდით, ჩვენც და ისიც, ვის ხელშიც აღმოჩნდა თასი”.
- 17
უთხრა იოსებმა: "შორს ჩემგან ასეთი საქციელი! ვის ხელშიც აღმოჩნდა თასი, ის იქნება ჩემი მონა, თქვენ კი მშვიდობით დაბრუნდებით მამათქვენთან”.
- 18
მიეახლა იუდა და უთხრა: "გევედრები, ბატონო, სიტყვა ათქმევინე შენს მსახურს ჩემი ბატონის გასაგონად და ნუ განურისხდები შენს მსახურს, რადგან ფარაონის ტოლი ხარ!
- 19
ჰკითხა ჩემმა ბატონმა მის მსახურთ, მამა ან ძმა თუ გყავთო.
- 20
და ვუთხარით ჩვენს ბატონს, რომ გვყავს მოხუცებული მამა და მისი სიბერის ჟამს დაბადებული პატარა ძმა, რომელსაც მოუკვდა ძმა და იგი დარჩა მარტო მისი დედისაგან, და ამიტომაც უყვარს იგი მამამისს.
- 21
და გვითხარი შენს მსახურთ: ჩამოიყვანეთ, ჩემი თვალით ვნახავო.
- 22
ვუთხარით ჩვენს ბატონს: "არ შეუძლია ყმაწვილს მამის დატოვება, მიატოვებს და კიდეც მოკვდება მამამისი”.
- 23
გვითხარი შენს მსახურთ: თქვენს უმცროს ძმას თუ არ ჩამოიყვანთ, აღარ დამენახოთო.
- 24
მამაჩვენთან, შენს მსახურთან, რომ დავბრუნდით, გადავეცით ჩვენი ბატონის ნათქვამი.
- 25
გვითხრა მამაჩვენმა: "დაბრუნდით და იყიდეთ ცოტაოდენი საზრდო”.
- 26
ვუთხარით: "არ ძალგვიძს წასვლა, თუ ჩვენი უმცროსი ძმა იქნება ჩვენთან ერთად, მაშინ წავალთ! იმ კაცს ვერ დავენახვებით, თუ ჩვენი უმცროსი ძმა არ გვეყოლება თან”.
- 27
გვითხრა მამაჩვენმა, შენმა მსახურმა: "თქვენ იცით, რომ ორი ძე მიშვა ჩემმა ცოლმა.
- 28
ერთი წავიდა ჩემგან და ვთქვი: ნამდვილად მხეცმა დაგლიჯა-მეთქი; აღარ მინახავს მას მერე.
- 29
ახლა მეორეც მიგყავთ და თუ რაიმე ხიფათი შეემთხვა, გამწარებულს ჩაიყვანთ ჩემს ჭაღარას შავეთში”.
- 30
და აი, მამაჩვენთან, შენს მსახურთან რომ დავბრუნდებით და ამ ყმაწვილს, რომლის გულსაც მისი გული მიჰკრობია, უკან აღარ მივუყვანთ,
- 31
და ნახავს, რომ ყმაწვილი არ არის ჩვენთან, მოკვდება; და გამწარებულს ჩაიყვანენ შენი მსახურნი, მამაჩვენის, შენი მსახურის, ჭაღარას შავეთში.
- 32
ამ ყმაწვილისათვის მამაჩვენთან მე, შენი მსახური, გავხდი თავდები; ვუთხარი: "უკან თუ არ დაგიბრუნე, მამაჩემის წინაშე სამუდამოდ დამნაშავე ვიყო-მეთქი”.
- 33
ახლა, ნება დამრთე, ამ ყმაწვილის სანაცვლოდ მე, შენი მსახური, დავრჩე მონად ჩემს ბატონთან; ყმაწვილი კი თავის ძმებთან ერთად გაბრუნდეს.
- 34
როგორ მივიდე მამასთან ყმაწვილის გარეშე? ნუმც მოვსწრებივარ უბედურებას, მამაჩემს რომ დაატყდება თავს!”