დაბადება 35
- 1
უთხრა ღმერთმა იაკობს: "ადექი, ადი ბეთელში და იქ დამკვიდრდი; და იქ აუგე სამსხვერპლო ღმერთს, რომელიც გამოგეცხადა, როცა შენს ძმას, ესავს გაურბოდი”.
- 2
უთხრა იაკობმა თავის სახლეულს და ყველას, ვინც მასთან იყო: "მოიშორეთ უცხო ღმერთები, რომლებიც თქვენშია, განიწმინდენით და გამოიცვალეთ სამოსელი.
- 3
ავდგეთ და ავიდეთ ბეთელში, სამსხვერპლოს ავუგებ იქ ღმერთს, რომელმაც მისმინა გაჭირვების ჟამს და ჩემთან ერთად იყო ჩემს გზაზე”.
- 4
მისცეს იაკობს ყველა უცხო ღმერთი, რომელიც კი ჰქონდათ, აგრეთვე საყურეები, და ჩაფლა ისინი იაკობმა შექემთან მდგარი მუხის ქვეშ.
- 5
და გაემგზავრნენ. ღვთის შიში იყო ირგვლივ მდებარე ქალაქებზე და არ დაედევნენ იაკობის ძეებს.
- 6
და მივიდა იაკობი მთელ თავის ხალხთან ერთად ლუზში, იგივე ბეთელში, რომელიც ქანაანის ქვეყანაში იყო.
- 7
ააგო იქ სამსხვერპლო და უწოდა იმ ადგილს სახელად ელ-ბეთელი, რადგან იქ გამოეცხადა უფალი, როცა გაურბოდა თავის ძმას.
- 8
გარდაიცვალა დებორა, რებეკას ძიძა და დაიკრძალა ბეთელის ქვემოთ, მუხის ქვეშ. უწოდა იაკობმა ამ ადგილს ალონ-ბაქუთი - გოდების მუხა.
- 9
და კვლავ გამოეცხადა იაკობს ღმერთი ფადან-არამიდან დაბრუნებისას და აკურთხა იგი.
- 10
უთხრა ღმერთმა: "შენი სახელი იაკობია, მაგრამ ამიერიდან აღარ გერქმევა იაკობი, არამედ ისრაელი იქნება შენი სახელი!” ასე უწოდა ღმერთმა სახელად ისრაელი.
- 11
უთხრა ღმერთმა: "მე ვარ ღმერთი ელ-შადაი ანუ ყოვლადძლიერი; ინაყოფიერე და გამრავლდი; ხალხი და ხალხთა კრებული გამოვა შენგან და მეფენი გამოვლენ შენი საზარდულიდან.
- 12
ქვეყანა, რომელიც მივეცი აბრაჰამს და ისაკს, შენთვის და შენი შთამომავლობისათვის მომიცია”.
- 13
და ამაღლდა ღმერთი მისგან იმ ადგილიდან, სადაც ელაპარაკებოდა.
- 14
სვეტი აღმართა იაკობმა იმ ადგილზე, სადაც ღმერთი ელაპარაკა, ქვის სვეტი, დაღვარა მასზე საღვრელი და სცხო ზეთი.
- 15
და უწოდა იაკობმა იმ ადგილს, სადაც ღმერთი ელაპარაკებოდა, ბეთელი.
- 16
გაემგზავრნენ ისინი ბეთელიდან. ცოტა მანძილი კიდევ იყო ეფრათამდე რახელმა რომ იმშობიარა. და გაუძნელდა მას მშობიარობა.
- 17
მშობიარობის გასაჭირში უთხრა ბებიაქალმა: "ნუ გეშინია, რადგან ამჯერადაც ვაჟი გყავს შენ”.
- 18
და ვიდრე სული ამოხდებოდა, დაარქვა თავის ვაჟს ბენ-ყონი. მამამისმა კი ბენიამინი უწოდა.
- 19
გარდაიცვალა რახელი და დაიკრძალა ეფრათის გზაზე, ბეთლემში.
- 20
და აღმართა იაკობმა სვეტი მის საფლავზე. დღესაც დგას იმ საფლავის ძეგლი.
- 21
გაემგზავრა ისრაელი და გედერის კოშკის გაღმა გაშალა კარავი.
- 22
ისრაელის ამ ქვეყანაში მკვიდრობისას დაწვა რეუბენი ბილჰასთან, მამამისის ხარჭასთან. და გაიგო ეს ისრაელმა. თორმეტი ძე ჰყავდა იაკობს.
- 23
ლეასგან: იაკობის პირმშო რეუბენი, სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი და ზებულუნი;
- 24
რახელისგან: იოსები და ბენიამინი;
- 25
ბილჰას, რახელის მხევლისგან: დანი და ნაფთალი.
- 26
ზილფას, ლეას მხევლისგან: გადი და აშერი. ესენი იყვნენ ძენი იაკობისა, რომლებიც შუამდინარეთში შეეძინა.
- 27
და მივიდა იაკობი ისაკთან, მამამისთან, მამრეში, კირიათ-არბაყში, იგივე ხებრონში, სადაც ხიზნობდნენ აბრაჰამი და ისაკი.
- 28
ას ოთხმოცი წლის იყო ისაკი.
- 29
განუტევა სული ისაკმა და გარდაიცვალა. შეერთო თავის ხალხს მოხუცებული და დღეებით მაძღარი; და დაკრძალეს იგი ესავმა და იაკობმა, მისმა ძეებმა.